გაკვეთილი 1: ჩვენ ვაწყობთ გამოფენას

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 9: მედია – მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს » გაკვეთილი 1: ჩვენ ვაწყობთ გამოფენას

ძველი და თანამედროვე მედიასაშუალებები – რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია?

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მნიშვნელოვანია მედიასაშუალებების ტექნიკური დეტალების ცოდნა და ამ ცოდნის შესაძენად გარკვეული დროა საჭირო. ისინი აწყობენ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია სკოლის საკუთრებაში არსებული საშუალებები და, ასევე, მოსწავლეების კუთვნილი თუ მათ მიერ მოძიებული საშუალებები.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები იღებენ მათთვის უცხო მოწყობილობას და ცდილობენ, აღწერონ იგი და ის, თუ როგორ გამოიყენება მოცემული მოწყობილობა. მოსწავლეები აგროვებენ და აღწერენ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და მოწყობილობას და ამზადებენ კლასის გამოფენას.
რესურსები რაიმე მედიასაშუალება, მაგალითად, კამერა და ა.შ. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები საუბრები, ჯგუფური სამუშაო, საშინაო დავალება.

გაკვეთილის აღწერა

იმისათვის, რომ მოსწავლეებს გააცნოს განსახილველი თემა, მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს რომელიმე მედიამოწყობილობა (მაგალითად, ფოტოაპარატი, სლაიდების პროექტორი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი, ძველმოდური ფირიანი კამერა, ჩამწერი მაგნიტოფონი და ა.შ.). მოწყობილობას თან უნდა ახლდეს ინსტრუქცია, რომელსაც მასწავლებელი საწყის ეტაპზე არ წარუდგენს მოსწავლეებს.

გაკვეთილის დასაწყისში, მოწყობილობა მოთავსებული უნდა იყოს საკლასო ოთახის ცენტრში, მაგიდაზე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ახსნან, თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსწავლეები არ იცნობენ ამ კონკრეტულ მოწყობილობას. ამ დავალებას მოსწავლეები შემდეგნაირად ასრულებენ: მათ უნდა დახატონ მოწყობილობა (მაგალითად, ფოტოაპარატი), სადაც მოწყობილობის ყველა ხილული ნაწილი და ღილაკი იქნება წარმოდგენილი და მიუთითონ თითოეული ნაწილის ფუნქცია (როგორც ეს ქვევით მოცემულ სურათზეა გამოსახული). მოსწავლეებს ევალებათ იმ მოწყობილობისა და მისი ელემენტების ფურცელზე გადატანაც, რომელსაც ისინი არ იცნობენ, ამ შემთხვევაში, მათ უნდა მიუთითონ, მათი აზრით, რა ფუნქციას ასრულებს მოწყობილობის ესა თუ ის ნაწილი.

მოწყობილობის ნახატის შექმნის ნიმუში (მასწავლებლებისათვის):

006_camera

აღნიშვნები:

1: გამადიდებელი შუშა
2: ობიექტივი
3: არ არის ცნობილი
4: ყუთი
5: …
6: …

რაც უფრო რთულ მოწყობილობას შესთავაზებთ მოსწავლეებს, მათ უფრო გაუჭირდებათ მათ ამ დავალების შესრულება. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლეები არ უნდა დააფრთხოთ; თქვენ არ ამოწმებთ მათ ცოდნას, არ ეუბნებით, რა გამოიცნეს სწორად და რა ვერ გამოიცნეს. მოსწავლეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ამგვარ მოწყობილობებს მრავალი შესაძლებლობები აქვს და სასურველია, თუ მის ფუნქციებს გაეცნონ.

ალტერნატიული აქტივობა:

შესაძლებელია ნახატის ასლისა და აღნიშვნების გადაღება და საერთო პრეზენტაციისათვის მისი ჩვენება სლაიდზე.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეების ჯგუფს აძლევს მოწყობილობის ინსტრუქციას (შესაძლებელია, მოსწავლეთა ერთი ჯგუფისათვის ამ ინსტრუქციის მიწოდება გაკვეთილამდე რამდენიმე დღით ადრე, ისე, რომ ამის შესახებ სხვა მოსწავლეებისათვის არ იყოს ცნობილი). მიუხედავად იმისა, თუ რა მოწყობილობა შეგაქვთ გაკვეთილზე, მოსწავლეებისათვის შეუძლებელი იქნება მისი სრულყოფილად აღწერა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესწავლა. ამ ეტაპზე ამას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება, ვინაიდან ეს მხოლოდ წინამდებარე თავით გათვალისწინებული აქტივობების დასაწყისია.

ამის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მოცემული თავის მიზნებსა და პროცედურებს:

  • მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ მედიამოწყობილობების გამოფენა, რომლის დროსაც საჩვენებლად წარმოდგენილი უნდა იყოს სახლიდან მოტანილი და სკოლაში არსებული მოწყობილობები (გაკვეთილი 2).
  • მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ერთ-ერთი მოწყობილობა და გაერკვნენ მის ფუნქციებსა და შესაძლებლობებში და პრეზენტაციებით წარსდგნენ თანაკლასელების წინაშე, რომლის დროსაც ისინი მათ ამ მოწყობილობას გააცნობენ (გაკვეთილი 3 – საჭიროების შემთხვევაში, თუ მოწყობილობათა დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი, შესაძლებელია დამატებითი გაკვეთილების ორგანიზება).
  • მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა მოწყობილობას, კლასმა უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი სახის მედიაპროდუქცია (ფილმი, აუდიომოთხრობა, ფოტოგამოფენა, ილუსტრირებული მოთხრობა და ა.შ.) და მისი წარმოებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატაროს (გაკვეთილი 4).

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა უნდა მოისმინოს ყველა მოსწავლის მიერ გამოთქმული მოსაზრება და აუხსნას მათ გამოფენის მოწყობის დეტალები, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა მოწყობილობის გამოფენა საკლასო ოთახში. მასწავლებელი მოსწავლეებს გადასცემს სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც მოცემულია ფორმა, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ მათ მიერ შერჩეული მოწყობილობის მახასიათებლების აღწერით.

შენიშვნა: გამოფენაზე, სხვა მოწყობილობების გვერდით, წარმოდგენილი უნდა იყოს მოწყობილობები, რომლებიც სკოლის საკუთრებას წარმოადგენს. მოსწავლეებმა, რომელთაც შინიდან არ მოუტანიათ მოწყობილობა, ან მოსწავლეებმა, რომელთაც თავისუფალი დრო რჩებათ, უნდა მოამზადონ სკოლის საკუთრებაში არსებული მოწყობილობის აღწერა და წარმოადგინონ იგი გამოფენაზე.