თავი 9 – დამხმარე მასალა მასწავლებლებისათვის 2: ტელევიზია და თანამედროვეობა
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 9: მედია – მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს » თავი 9 – დამხმარე მასალა მასწავლებლებისათვის 2: ტელევიზია და თანამედროვეობამასალა მასწავლებლებისათვის
1. რითი იზიდავს ბავშვებს ტელევიზია?
ტელევიზია მუდმივად გვთავაზობს ცვლილებებს, იგი განტვირთვის საშუალებაა და თავგადასავლების სამყაროში გვამოგზაურებს. ღილაკზე თითის დაჭერით, თქვენ საკუთარ სამყაროში ხვდებით – არა აქვს მნიშვნელობა, რეალურია თუ წარმოსახვითი, და ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდება, ფიზიკური თუ ემოციური ძალისხმევის გარეშე. თქვენს განკარგულებაშია დისტანციური მართვის პულტი და უთვალავი პროგრამა, ერთი საოცარი ამბიდან შეგიძლიათ მეორეზე გადაინაცვლოთ. ბავშვები ხშირად აიგივებენ თავიანთ თავს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის გმირებთან თუ პერსონაჟებთან; ისინი ტელევიზიას ინფორმაციის მიღების წყაროდ იყენებენ და, აგრეთვე, მიმართავენ მაშინ, როდესაც სხვა უკეთესი არაფერი აქვთ გასაკეთებელი.
2. რა დროს ატარებენ ბავშვები ტელევიზორის წინ ყოველდღიურად?
დასავლეთ ევროპაში, 3-დან 13 წლამდე ბავშვები ტელევიზორის წინ ყოველდღიურად საშუალოდ 90 წუთს ატარებენ. სინამდვილეში, ბავშვების მხოლოდ 60 %-ს შეუძლია მოსწყდეს ეკრანს ან გამორთოს ტელევიზორი. გარდა ამისა, ხშირად ბავშვები სხვა საქმიანობით სწორედ ჩართული ტელევიზორის წინ არიან დაკავებულები. მშობლები უნდა შეეცადონ, ტელევიზორთან გატარებული დროის ლიმიტი და გარკვეული წესები დაუწესონ ბავშვებს, იმისათვის, რომ, მაგალითად, ტელევიზორის წინ ჯდომისას, ბავშვები გააზრებულად აღიქვამდნენ იმას, რასაც უყურებენ. არ არის რეკომენდებული, ტელევიზორი მუდმივად იყოს ჩართული და, აგრეთვე, მშობლებმა უნდა აკონტროლონ, რომ ბავშვები მხოლოდ იმ გადაცემებს უყურებდნენ, რომლებიც მათი ასაკისათვის არის შესაფერისი, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
3. ბევრია ისეთი ბავშვი, რომელიც გადაჭარბებული დოზით უყურებს ტელევიზორს?
ეგრეთ წოდებული „ტელევიზორთან მიჯაჭვული“ ადამიანები უფრო მეტ დროს უთმობენ ტელევიზორის წინ ჯდომას, ვიდრე სხვა საქმიანობებსა და აქტივობებში აქტიურ მონაწილეობას (სკოლა, თამაში, მეგობრებთან დროის გატარება და ა. შ.). თუმცა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი მიეკუთვნება ამ კატეგორიას. თუ ბავშვი ერთი დღის განმავლობაში უფრო მეტ დროს ატარებს ტელევიზორის წინ, ვიდრე მეორე დღეს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემად აღიქმება სიტუაცია, როდესაც ბავშვი ტელევიზორის წინ ზის და არ აცნობიერებს, თუ რას უყურებს ან როდესაც ბავშვი ტელევიზორის წინ ჯდება, რათა რეალობას გაექცეს, მაგალითად, თუ ოჯახში უსიამოვნებაა ან მას საკუთარი პრობლემები აქვს.
4. რისი ყურება იზიდავთ ტელევიზიით სხვადასხვა ასაკის ბავშვებს?
პატარა ბავშვებს, ძირითადად, მოსწონთ შემეცნებითი გადაცემების ყურება, რომლებიდანაც რაღაც ახალს იგებენ და სწავლობენ, აგრეთვე, მულტიპლიკაციური ფილმების, ზღაპრებისა და სათავგადასავლო ფილმების ყურება. დაახლოებით 6 წლიდან, ბავშვებში თავს იჩენს გენდერული ინტერესები: ვაჟები უყურებენ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, სადაც ისინი საკუთარ თავს გმირებთან აიგივებენ; გოგონები სხვადასხვა ტიპის გადაცემებს და მუსიკალურ გადაცემებს, ასევე, სერიალებს, სადაც ოჯახი და ცხოველები ფიგურირებს. დაახლოებით 12 წლის ასაკიდან, ბავშვები ინტერესდებიან მუსიკალური ვიდეოკლიპებით, სერიალებით, რომელთა სიუჟეტიც ახალგაზრდების ცხოვრებასა და სიყვარულს ეხება. მსგავს გადაცემებს თითქმის ყველა ბავშვი უყურებს, მაგრამ ამ ასაკის ბავშვები, ასევე, იწყებენ მოზრდილებისათვის განკუთვნილი ტელეგადაცემების ყურებას. ამ შემთხვევაში, მშობლების მხრიდან ყურადღების გამოჩენაა საჭირო, მათ წინასწარ უნდა გადაამოწმონ პროგრამის შინაარსი, რათა ბავშვები მოარიდონ ისეთი გადაცემის ყურებას, რომელიც მათი ასაკისათვის შეუფერებელია.
5. ტელევიზიით გატაცების თანმდევი ეფექტები
ტელევიზორის ყურება განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ მან შესაძლებელია ბავშვების გაღიზიანებაც გამოიწვიოს, რაც კადრების სწრაფი მონაცვლეობისა და ხშირი ხმამაღალი ჩანართების შედეგია, განსაკუთრებით მულტფილმებსა და მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. ზოგიერთი გადაცემის შინაარსი რეალურ ცხოვრებასა და სამყაროს ასახავს. გარდა ამისა, ტელევიზია ზემოქმედებას ახდენს ბავშვების ემოციებზე, ბავშვები რეაგირებენ როგორც სასაცილო, ასევე საშიშ მომენტებზე, აგრეთვე, აგრესიაზე, ზუსტად ისევე, როგორც მოზრდილები. პრობლემად შეიძლება იქცეს ბალანსის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული მუდმივად ერთი და იგივე ჟანრის გადაცემების ყურება.
6. რომელი საინფორმაციო პროგრამებია განსაკუთრებით სასარგებლო ბავშვებისათვის?
არხების უმეტესობა ბავშვებს სპეციალურ გადაცემებს სთავაზობს, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდის და აფართოებს მათ თვალსაწიერს მსოფლიოს შესახებ. ზოგიერთ არხს სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილ ახალი ამბების გადაცემაც კი აქვს პროგრამაში, სადაც ახალი ამბების მიწოდება ბავშვებისათვის გასაგები ენითა და ადვილად აღსაქმელი ფორმით ხდება. გარდა ამისა, ახალი ამბები, რომლებიც შუადღისას ან საღამოობით გადაიცემა, ძირითადად არ შეიცავს ისეთ სიუჟეტებს, რომლებიც შეუფერებელი შეიძლება იყოს ბავშვებისათვის. თუმცა მოზრდილები მუდმივად უნდა იყვნენ მზად, ბავშვებს აუხსნან ის, რასაც ისინი ვერ იგებენ.
7. რამდენად მნიშვნელოვანია ტელევიზია სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით?
მცირე ასაკის ბავშვებში ძირითად მედია საშუალებას ტელევიზია წარმოადგენს. ასაკის მატებასთან ერთად მედიის სხვა ფორმები (CD, MP3, მუსიკალური ვიდეოები, ინტერნეტ ტელევიზია) შემოდის მათ ცხოვრებაში და გარკვეულ ადგილს იმკვიდრებს, თუმცა ტელევიზორის ეკრანი კვლავ რჩება ინფორმაციისა და დისკუსიების მთავარ წყაროდ.
მცირე ასაკის ბავშვების მშობლებმა ასევე თვალყური უნდა ადევნონ, რომ ბავშვებს სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ჰქონდეთ შეხება: ტელევიზია – ახალი ამბებისა და განტვირთვისათვის; რადიო – მუსიკის მოსასმენად და ზოგიერთი სიახლის გასაგებად; წიგნი – წარმოსახვის უნარის გასავითარებლად და ენების შესასწავლად; და კომპიუტერი და ინტერნეტი – თვითშესწავლისა და სხვებთან კომუნიკაციის უნარის გასავითარებლად.
8. რისთვის არის ტელევიზია კარგი და რისთვის – არც ისე იდეალური?
ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა გადაცემას ადევნებენ თვალყურს (ახალი ამბები, თოქ-შოუები, სერიალები და ა. შ.) საკმარის ინფორმაციას ფლობენ მიმდინარე მოვლენების შესახებ და თანამედროვე ცხოვრების შესახებ ბევრი რამ იციან. თუმცა ტელევიზია მათ ვერ ასწავლის პრობლემის მოგვარებას. მხოლოდ ფაქტების ცოდნით ვერ შევძლებთ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას, საუკეთესო გამოსავლისა თუ გზის პოვნას, თავსატეხის ამოხსნას. ამ თვალსაზრისით, ტელევიზია ვერასოდეს ჩაანაცვლებს სკოლაში ან შინ, მშობლების დახმარებით მიღებულ განათლებას.
9. ბავშვები უფროსებისაგან იღებენ მაგალითს?
მედიასაშუალებათა მოხმარების თვალსაზრისით, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ცდილობენ, მიბაძონ უფროსებს. თუ მშობლები ყოველდღიურად ეცნობიან ჟურნალ-გაზეთებს, მათი შვილები მიდრეკილი იქნებიან კითხვისაკენ. თუ უფროსები დიდ დროს ატარებენ ტელევიზორის წინ, ბავშვებიც იმავეს გააკეთებენ. აქედან გამომდინარე, მშობლებმა არ უნდა გამოთქვან უკმაყოფილება თავიანთი შვილების ტელევიზორის ყურებასთან დაკავშირებული ჩვევების გამო, ნაცვლად ამისა, თავად უნდა უჩვენონ მათ ზომიერების მაგალითი. მშობლები უმიზნოდ და უსაზღვროდ არ უნდა უყურებდნენ ტელევიზორს, არამედ არჩევდნენ, თუ რას უყურონ.
10. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ მათმა შვილებმა ზომიერად უყურონ ტელევიზორს?
მშობლებმა არ უნდა აუკრძალონ ბავშვებს ტელევიზორის ყურება, არამედ მათთან ერთად უნდა უყურონ მას და აუხსნან ბავშვებს, რატომ არის ზოგიერთი გადაცემა კარგი და ზოგიერთი – არც ისე კარგი. ტელევიზორის ყურების უფლება არ შეიძლება მივცეთ ბავშვს, როგორც ჯილდო კარგი მოქცევისათვის და არც მისი ყურების აკრძალვა შეიძლება სასჯელის სახით. საჭიროა წონასწორობის გამონახვა. ბავშვებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ „რეალური“ გამოცდილების მისაღებად – დრო იმისათვის, რათა მეგობრებთან ერთად გაატარონ იგი, ითამაშონ, გავიდნენ ბუნებაში, ისეირნონ ქალაქის ქუჩებში და შეიძინონ ახალი ნაცნობები.