გაკვეთილი 2: როგორ შეიძლება განსხვავებულად დავახასიათოთ პიროვნება …
Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 1: სტერეოტიპები და ცრურწმენები » გაკვეთილი 2: როგორ შეიძლება განსხვავებულად დავახასიათოთ პიროვნება …როგორ შევქმნათ პიროვნების უკეთესი პორტრეტი
სწავლის მიზანი | მოსწავლეებს ესმით, რომ სხვადასხვა დახასიათება შეიძლება ერთ პიროვნებას უკავშირდებოდეს. |
მოსწავლის დავალება | მოსწავლეები სცენებს გაითამაშებენ და წერილობით ნაშრომს წარმოადგენენ. განიხილავენ დადგმებს, რომლებიც ნახეს. |
საჭირო მასალა | პირველი გაკვეთილის შედეგები მეორე გაკვეთილის ძირითად მასალას წარმოადგენს. მოსწავლეებს ესმით, რომ მათი მონაწილეობისა და წვლილის გარეშე მეცადინეობა ვერ გაგრძელდება. |
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა | როლების გათამაშება, პრეზენტაციები და დისკუსია. |
გაკვეთილი
ნაწილი 1
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რისი გაკეთება მოუწევთ გაკვეთილზე; ის კლასს 5 წუთს აძლევს, რათა მოსწავლეებმა გასათამაშებელი სცენები გაიმეორონ. შემდეგ იმართება სხვადასხვა ჯგუფის წარმოდგენები.
სცენის გათამაშების თანმიმდევრობა შემდეგია: ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი კითხულობს ნაწყვეტს დღიურიდან, რომელიც მის ჯგუფს შეხვდა და წარმოადგენს მათ მიერ ჩამოთვლილ ზედსართავებს. ამას მოჰყვება უშუალოდ გათამაშება. სასურველია, ყველა ჯგუფის გათამაშება ერთმანეთს დამატებითი შუალედური კომენტარების გარეშე მოსდევდეს. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ჯგუფს დღიურის ერთი და იგივე ამონარიდი აქვს, მათ უშუალოდ ერთმანეთის შემდეგ უნდა გაითამაშონ სცენები.
როცა ჯგუფები წარმოდგენებს დაამთავრებენ, მასწავლებელი დადებითად აფასებს მოსწავლეთა მუშაობას და აჯამებს ამ წარმოდგენების მიზანს. თუ ბავშვები ასეთი სტილით მუშაობას მიჩვეულები არიან, შეიძლება გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. თუ მოსწავლეთათვის ასეთი ტიპის მუშაობა სიახლეს წარმოადგენს, მასწავლებელმა უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა, განიხილონ წარმოდგენილი სცენები ფორმისა და შინაარსის მიხედვით.
მოსწავლეებმა აზრების გამოხატვის პროცესი შეიძლება შემდეგ შეკითხვებზე პასუხების ძიებით წარმართონ:
- როგორი იყო ჯგუფში მუშაობა?
- რაიმე ახალი გავიგე საკუთარ თავზე?
- როგორ შევძელით პერსონაჟების რეალისტურად წარმოდგენა?
ნაწილი 2
გაკვეთილის მეორე ნაწილში მოსწავლეები სკამებს დაფის გარშემო ნახევარწრედ, ერთ ან ორ რიგად ალაგებენ. დაფაზე მასწავლებელი ერთმანეთის გვერდით კიდებს პოსტერებს.
ასე ხედავენ ბიჭს სხვები:
დისკუსის დროს მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ სავსებით ბუნებრივია, როცა ადამიანს ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. მათ უნდა გაიგონ, რომ შეხედულებები არ შეიძლება იყოს ,,სწორი” ან ,,არასწორი”. თუ ბიჭის სრულყოფილად აღწერა გვსურს, არ შეიძლება მხოლოდ ერთი კუთხით აღწერით შემოვიფარგლოთ.
შემდეგი შეკითხვები მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება:
- ამდენი სხვადასხვა მიდგომა დაბნეულობას ხომ არ იწვევს?
- რომელი აღწერა შეესაბამება სინამდვილეს?
- რეალურად ვინ არის მაქსი?
მასწავლებელი იცდის, სანამ მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა ხელს ასწევს და შემდეგ საშუალებას აძლევს მათ, გასცენ ამ შეკითხვებს პასუხები. მასწავლებელი პასუხებს დაფაზე ან ფლიპჩარტზე6 ინიშნავს.
რა შეიძლება ვთქვათ ბიჭზე?
- როგორ შეიძლება ის სათანადოდ დავახასიათოთ?
- წინადადება 1
- წინადადება 2
- წინადადება 3
- წინადადება 4
- წინადადება 5
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა შეხედულებებს, რომლებიც ორი გაკვეთილის მანძილზე იქნა გამოთქმული. ფლიპჩარტზე ძირითადი მოსაზრებების ჩანიშვნა სასარგებლოა, რადგან შესაძლებელი იქნება ამ მასალის გამოყენება შემდეგ გაკვეთილზე.
გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:
თვითმყოფადობა
|
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლებს სთხოვს, გამოხატონ მოსაზრებები; მასწავლებელი თავს იკავებს მოსწავლეთა შენიშვნების კომენტირებაზე.
გასათვალისწინებელია, რომ მთელი კლასისათვის შეკითხვების დასმა არ არის საუკეთესო მეთოდი, რადგან, როგორც წესი, კითხვებს ერთი და იგივე მოსწავლეები პასუხობენ ხოლმე . უმჯობესია სამიზნე დაფის მეთოდის გამოყენება, რაც სწრაფი და კონკრეტული კომენტარების გაკეთების საშუალებას იძლევა. დანართში ეს მეთოდი კარგადაა აღწერილი.
მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს შემდეგ ორ გაკვეთილს, როცა მოსწავლეები კონკრეტულ ადამიანებზე კი არ იმსჯელებენ, არამედ ადამიანთა ჯგუფებზე და ქვეყნებზე.
6. საკანცელარიო ნივთი, რომელიც შედგება სპეციალურ მობილურ სტენდზე ჩამოკიდებული ქაღალდებისაგან. გამოიყენება პრეზენტაციისა და/ან დისკუსიის დროს ლექციაზე, გაკვეთილზე, ტრენინგზე და ა.შ. (მთარგმნელის შენიშვნა).