გაკვეთილი 4: სტერეოტიპები ჩემ შესახებ!

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 1: სტერეოტიპები და ცრურწმენები » გაკვეთილი 4: სტერეოტიპები ჩემ შესახებ!

როგორ ვხედავ საკუთარ თავს და როგორ აღმიქვამენ სხვები?

სწავლის მიზანი

მოსწავლეები აანალიზებენ იმას, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები და იღებენ ამას, როგორც რეალობას.

მოსწავლეები უკეთ იაზრებენ, როგორ აღიქვამენ მათ და ამ აღქმაზე უჩნდებათ რეაქცია.

მოსწავლის დავალება მოსწავლეები აღწერენ საკუთარ თავს და დანარჩენ მოსწავლეებს. აღწერის შედეგებს ისინი ერთმანეთს უზიარებენ, ადარებენ სხვადასხვა მიდგომას.
საჭირო მასალა მოსწავლი სამუშაო ფურცელი 1.2.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  წყვილებში მუშაობა, დისკუსია.

გაკვეთილი

მასწავალებელი გაკვეთილს წინა ორი გაკვეთილის შეჯამებით და მოსწავლეთათვის დღევანდელი გაკვეთილის გეგმის გაცნობით იწყებს.

მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ მათ ერთი კონკრეტული ბიჭის სიტუაციის განხილვით დაიწყეს მსჯელობა და შემდეგ ადამიანთა ჯგუფების ანალიზზე გადავიდნენ. ახლა ისინი კვლავ ინდივიდუალურ მიდგომას დაუბრუნდებიან და ამჯერად განხილვის საგანს თავად მოსწავლეები წარმოადგენენ. ისინი შემდეგ შეკითხვებს გასცემენ პასუხს:

ვინ ვარ მე?
როგორ დავახასიათებდი ჩემს თავს?   საკუთარი თავის აღქმა
როგორ დამახასიათებდა ჩემი თანაკლასელი? სხვის მიერ ჩემი პიროვნების აღქმა

თვალსაჩინოებისათვის, მასწავლებელს შეუძლია, ეს შეკითხვები დაფაზე ან ფლიპჩარტზე დაწეროს. ასევე, მასწავლებელს შეუძლია, მოკლედ გამოკითხოს მოსწავლეებს წინა გაკვეთილებზე ათვისებული მასალა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება ადამიანი სხვებისა და საკუთარი თავის მიერ. ასევე, მას შეუძლია, შეახსენოს მოსწავლეებს (ან გამოჰკითხოს) ძირითადი ცნებები სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შესახებ.

შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს მათ მიერვე მომზადებულ  სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც მაქსის დახასიათებაა მოცემული. ეს სამუშაო ფურცლები მოსწავლეებს დაეხმარება, ზოგადად ჩამოაყალიბონ ადამიანის მახასიათებლები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოწერონ ზედსართავი სახელები, რომლებიც ადამიანთა დასახასიათებლად შეიძლება გამოიყენებოდეს. ამ ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია, გარკვეული იდეების მიწოდებით დაეხმაროს მოსწავლეებს. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია, გარკვეული კატეგორიები წარმოუდგინოს მათ:

როგორ დაახასიათებდით ადამიანს, თუ:

  • ის კარგ ხასიათზეა?
  • ის ცუდ ხასიათზეა, ან განრისხებულია?
  • ის შენი კარგი მეგობარია?
  • მისი გარეგნობის აღწერა გვსურს?
  • მისი, როგორც მოსწავლის, დახასიათება გვჭირდება?

ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის პროცესში მთელი კლასი უნდა ჩავრთოთ და არა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე. ამის მისაღწევად შეიძლება შემდეგი სავარჯიშოს7 გამოყენება, რაც მოსწავლეებს ინდივიდუალური მუშაობის საშუალებას მისცემს: ოთახის სხვადასხვა კუთხეში უნდა ეკიდოს და მაგიდებზე უნდა ეწყოს დიდი ზომის პოსტერები. თითოეულ პოსტერზე ერთ-ერთი კატეგორია უნდა იყოს მოცემული და იქვე იდოს მარკერი. მოსწავლეები სხვადასხვა პოსტერთან მიდიან და ამ კატეგორიასთან დაკავშირებულ ზედსართავებს პოსტერზე წერენ. მოსწავლეები უნდა გავაფრთხილოთ, რომ დაწერამდე აუცილებელია, წაიკითხონ პოსტერზე უკვე დატანილი ზედსართავები და არ გაიმეორონ ისინი. თუმცა მოსწავლეებს შეუძლიათ, უკვე დაწერილ ზედსართავებს შენიშვნები ან ახალი იდეები მიუწერონ.

სავარჯიშოს შედეგი, დაახლოებით, ასე გამოიყურება:

როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც კარგ ხასიათზეა?

  • მხიარული
  • ხუმარა
  • განტვირთული
  • კომუნიკაბელური
  • მომხიბვლელი

სავარჯიშოს შეჯამება არ სჭირდება, რადგან ეს არის მასალა შემდეგი საფეხურისათვის. ამ დროისათვის მასწავლებელს უკვე გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რომელი მოსწავლეების დაჯგუფება შეიძლება წყვილებად. შემდეგი ეტაპის თემა დელიკატურია და მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეები ყურადღებით დააჯგუფოს – აუცილებელია, მასწავლებელი დარწმუნებული იყოს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც აწყვილებს, ერთმანეთისადმი ანტიპათია არ აქვთ.

წყვილები შემდეგ დავალებას იღებენ:

ახლა ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. მიყევით შემდეგ თანმიმდევრობას:

  • ჯერ მარტო იმუშავეთ;
  • წაიკითხეთ პოსტერები და ამოარჩიეთ ის ზედსართავები, რომლებიც თქვენ საუკეთესოდ გახასიათებთ. ჩამოწერეთ ეს ზედსართავები სამუშაო ფურცლზე;
  • ნუსხას დაუმატეთ ის ზედსართავები, რომლებიც თქვენ გახასიათებთ, მაგრამ კლასში წარმოდგენილ პოსტერებზე არ იყო დატანილი;
  • ახლა ამავე მეთოდით დაახასიათეთ თქვენი მეწყვილე;
  • როცა ორივე დაასრულებთ მუშაობას, ნამუშევარი მეწყვილეს გაუზიარეთ. დააკვირდით, რა ემთხვევა და რა ეწინააღმდეგება ერთმანეთს თქვენს აღწერებში; გამოხატეთ თქვენი აზრები და გრძნობები ამ აღწერებთან დაკავშირებით:
    • რა იწვევს ჩემს გაკვირვებას?
    • რა მომწონს?
    • რა არ მომწონს?
    • რა მტკენს გულს?
    • შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითებით ისაუბროთ თქვენს დამოკიდებულებებზე?
    • რომელი აღწერა არის (დადებითი ან უარყოფითი) სტერეოტიპი?

მასწავლებლის გადასაწყვეტია, თავად შეაჯამებს ამ ოთხ გაკვეთილს, თუ გარკვეულ დროს დაუთმობს შემაჯამებელ დისკუსიას. ორივე შემთხვევაში მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ კლასში სამუშაო გარემო საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსწავლეებს განუვითარდათ საინტერესო ურთიერთობები, უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ აღმოაჩინეს და ერთმანეთს გაუზიარეს განცდები. ახლა მათ შეუძლიათ:

  • განასხვავონ სტერეოტიპები და ცრურწმენები;
  • განასხვავონ საკუთარი თავის აღქმა სხვების მიერ მათი პიროვნების აღქმისაგან.

მოსწავლეებმა სოციალური კომპეტენციები განივითარეს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება, სკოლაში და სკოლის გარეთ.

7. ეს სავარჯიშო ,,დუმილის კედლის” ვარიანტია (იხ. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი IV, ახალი იდეების განვითარება  დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებაში).