თქვენ ჩემზე მეტი უფლებები გაქვთ?
ID_5599

თანასწორობა ყველა ადამიანისთვის თანაბარ უფლებებს გულისხმობს, მიუხედავად მათი სქესის, ასაკის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის და ა.შ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულა იწყება შემდეგი სიტყვებით: ,,ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. მოქალაქეობის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული თანასწორობის საკითხებთან. უთანასწორობა საზოგადოებაში ხელს უშლის ეფექტურ მოქალაქეობას. შესაბამისად, თანასწორობის იდეა სამოქალაქო განათლების ფუნდამენტური პრინციპია. სამოქალაქო განათლება სწავლობს თანასწორობის საკითხებს და სასიცოცხლო ძალას აძლევს ადამიანებს, რათა ეს უკანასკნელნი დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.8

მრავალფეროვნება გულისხმობს თანაგრძნობის ჩარჩოებს მიღმა გასვლას და განსხვავებების რეალურ დაფასებას. მრავალფეროვნების იდეა მნიშვნელოვანია პლურალიზმისა და მულტიკულტურალიზმისათვის. მრავალფეროვნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ქვაკუთხედია, რაც იმას გულისხმობს, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება უნდა ეწინააღმდეგებოდეს ყოველგვარ სტერეოტიპს. საზოგადოება მზად უნდა იყოს, აღიაროს და ხელი შეუწყოს მრავალფეროვნების ყოველგვარ გამოხატულებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.9

სოლიდარობა ადამიანთა უნარია, გასცდნენ საკუთარ სივრცეს და აღიარონ/დაიცვან სხვათა უფლებები. ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ძირითადი მიზანი, რამდენადაც ის აძლევს ადამიანებს ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში ცხოვრებისათვის. სოლიდარობა უკავშირდება ქმედებას, თუმცა ქმედებასთან ერთად გარკვეულ დამოკიდებულებებსაც გულისხმობს.10

ცრურწმენასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ვაფასებთ ზედაპირულად, არასრული ინფორმაციის საფუძველზე. ცრურწმენები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი; მათ სოციალიზაციის პროცესში ვითვისებთ. რთულია ცრურწმენების შეცვლა ან აღმოფხვრა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცრურწმენების იდენტიფიკაციის უნარის განვითარება.

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი დისრიმინაციაა, როცა, მაგალითად, დასაქმების სამსახური ბოშის განაცხადს არ იბარებს, ან როცა ბინას არ აქირავებენ იმიგრანტებზე. ირიბი დისკრიმინაცია უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკას, კრიტერიუმებს ან ზომებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია, თუმცა ამოქმედებისთანავე დე ფაქტო ბარიერებს უქმნის ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს. მაგალითად, სიმაღლის მინიმალური მოთხოვნები მათთვის, ვისაც მეხანძრეობა სურს (ასეთ კრიტერიუმს შეიძლება ემსხვერპლოს არაერთი ქალის განაცხადი). სხვა მაგალითი იქნებოდა თავსაფრიანი ქალბატონების არდაშვება სამთავრობო სტრუქტურებსა და სკოლებში.11

ტერმინი „გენდერი“ აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც  მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით მიეწერებათ. ამდენად, გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორის გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციისა და ასაკის მიხედვით. გენდერული როლები ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებში და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით, გენდერული როლები შეიძლება შეიცვალოს.12

ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებები უკავშირდება იმ პირობებს, რაც აუცილებელია პიროვნების სრული განვითარებისა და სათანადო სტანდარტის საცხოვრებელი პირობების მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ამ უფლებებს ადამიანის უფლებათა ,,მეორე თაობის“ სახელით მოიხსენიებენ; მათი ცხოვრებაში გატარება საკმაოდ რთულია, რადგან მათი დაცვა არსებული რესურსების ოდენობას უკავშირდება. ,,მეორე თაობის“ უფლებები ასევე მოიცავს: მუშაობის უფლებას, განათლების უფლებას, დასვენების უფლებას, სათანადო სტანდარტის მიხედვით ცხოვრების უფლებას. ეს უფლებები ჩამოყალიბებულია ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო კონვენციაში, რომელიც გაეროს ასამბლეამ 1966 წელს მიიღო.13

როცა სოციალურ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, განსხვავებულ მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს ვაწყდებით. ეს მოსაზრებები და დამოკიდებულებები სამ ფართო კატეგორიად შეიძლება დავაჯგუფოთ:

  • დარვინისტები თვლიან, რომ ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ პრობლემებზე და თავად უნდა ეძებოს გამოსავალი; ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანებს წამახალისებელი სჭირდებათ, რათა უფრო გულმოდგინედ მიუდგნენ პრობლემების გამოსავლის ძიებას. დარვინისტები სოციალური პოლიტიკის საკითხებს არც განიხილავენ.
  • თანაგრძნობით გამსჭვალულნი სიბრალულის გრძნობას ამჟღავნებენ გაჭირვებულთა და ტანჯულთა მიმართ და სურთ მათი ტკივილის შემსუბუქება; მათთვის სოციალური და პოლიტიკური უფლებები უფრო პოლიტიკის სასურველი მიმართულებებია, ვიდრე ადამიანის უფლებათა ნაწილი. ასეთი დამოკიდებულება მეურვეობის შემთხვევებს უკავშირდება – როცა შეძლებული ფენის წარმომადგენელი მეურვეობს გაჭირვებულს.
  • სამართლიანობის მაძიებელნი ადამიანთა არასამართლიანი მოპყრობის საკითხით ინტერესდებიან, რაც მათთვის მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირდება; ისინი თვლიან, რომ გამოსავალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ცვლილებაა, რაც ადამიანებს სიღარიბისაგან იხსნიდა.14

თავი 2. თანასწორობა

თქვენ ჩემზე მეტი უფლებები გაქვთ?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

მსგავსებები და განსხვავებები

მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანთა თანასწორობისა და მათი განსხვავებულობის პრინციპების ახსნა.

მოსწავლეები აანალიზებენ თანასწორობასა და განსხვავებულობას.

მოსწავლეები ხედავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებს შორის.

მოსწავლეები განიხილავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება განსხვავებულობას.

ინდივიდუალური მუშაობისათვის განკუთვნილი რვეულები ან ფურცლები, კალმები.

თუ მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას აირჩევს, საჭირო იქნება დიდი ზომის ფურცლები და მარკერები.

ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფებში მუშაობა.

გაკვეთილი 2:

ვესნას ამბავი

მოსწავლეები იაზრებენ, რომ საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენები და დისკრიმინაცია.

მოსწავლეებს ესმით დისკრიმინაციის მსხვერპლთა მდგომარეობა და მათი შეხედულებები.

მოსწავლეები განიხილავენ დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევას და ადარებენ მას საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მოსწავლის სამუშაო ფურცელი  2.1 (აუცილებელი არ არის). ჯგუფური მუშაობა ტექსტზე.

გაკვეთილი 3:

ქალისა და მამაკაცის თანასწორობა

მოსწავლეებს შეუძლიათ დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირება. მოსწავლეები იაზრებენ ქალებისადმი მოპყრობის საკითხებს, პირადი და საზოგადოების მხრიდან მოსწავლის სამუშაო ფურცელ  2.2-დან ერთი ამბის ამონარიდი თითოეული ჯგუფისათვის.  ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 4-5 მოსწავლისაგან. პატარა ჯგუფებში მუშაობა.

გაკვეთილი 4:

სოციალური სამართლიანობა

მოსწავლეები იაზრებენ, რომ საზოგადოებაში გვხვდება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის შემთხვევები.

მოსწავლეები განიხილავენ დისტრიბუციული სამართლიანობის საკითხებს.

მოსწავლეები მთელ თავს აჯამებენ.

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 2.3-ის ასლები, რომელიც ნაწილებად იქნება დაყოფილი მოსწავლეთა თითოეული წყვილისათვის (აუცილებელი არ არის). წყვილებში მუშაობა, კრიტიკული აზროვნება.

8. წიგნიდან ,,სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის: სიტყვათა განმარტება~, კარენ ო’შეა, ევროსაბჭო (2003), გვ. 29
9. იგივე
10. იგივე
11. იგივე.
12. იგივე.
13. იგივე.
14. ,,მოვალეობები და საზღვრები. ადამიანის უფლებები და გლობალური სოციალური სამართლიანობა”, ადამიანის უფლებათა პოლიტიკის საერთაშორისო საბჭო.