გაკვეთილი 1: როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად იცხოვრონ?
Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი » გაკვეთილი 1: როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად იცხოვრონ?როგორ ავითარებს განათლება შემწყნარებლობასა და ურთიერთგაგებას?15?
სწავლის მიზანი |
მოსწავლეებს შეუძლიათ: იმ საკითხების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებისა და რწმენის მქონე თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების დროს შეიძლება პრობლემური იყოს. განათლების როლის განხილვა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაში. იმის გაანალიზება, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას საზოგადოებაზე ზემოქმედება. |
მოსწავლის დავალება |
მოსწავლეები განიხილავენ მოთხრობაში წამოჭრილ საკითხებს. მოსწავლეები ჩართულნი არიან კრიტიკული აზროვნების პროცესში. ისინი აზრებს უზიარებენ ერთმანეთს. საკითხის უკეთ წვდომის მიზნით, მოსწავლეები როლების გათამაშებას მიმართავენ. |
საჭირო მასალა | მოსწავლის სამუშაო ფურცელ 3.1-ის ასლები |
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა | დისკუსია. კრიტიკული აზროვნება. ჰიპოთეზების ჩამოყალიბება. როლების გათამაშება. |
გაკვეთილი
მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს აცნობს და უკითხავს მოთხრობას ,,სკოლა ტყის პირას“ (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.1).
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წრიულად დასხდნენ და ეკითხება, თუ რა იყო გასაოცარი ან საინტერესო ამ მოთხრობაში და რატომ. მოსწავლეებს ეძლევათ ორი წუთი, რათა მოსაზრებები მეწყვილეს გაუზიარონ. შემდეგ ისინი დანარჩენ კლასს აცნობენ საკუთარ შეხედულებებს.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ,,შეკითხვებზე დაფუძნებული“ დისკუსიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შეხედულებების გაზიარება და იდეების ჩამოყალიბება. სწორი და არასწორი პასუხები ასეთი დისკუსიის დროს არ არსებობს.
შემდეგ მასწავლებელი ამბობს: ,,მოდით, ჩამოვთვალოთ ის ადამიანები, ვინც სკოლის დაწვას მოისურვებდა (მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი, ზოგიერთი მშობელი, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, როგორიცაა მღვდელი). რატომ ენდომებოდათ მათ სკოლის დაწვა? ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, თუ სკოლას არ აღადგენენ? (მაგალითად, მოსწავლეებს თუ აღარ ექნებათ სკოლა, ისინი მოგებულნი იქნებიან თუ წაგებულნი?)“
მასწავლებელმა ამ შეკითხვებისათვის შეიძლება ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გამოიყენოს:
მხარე | რას მოიგებს? | რას წააგებს? |
მოსწავლეები | ||
მშობლები | ||
მღვდელი | ||
მთელი თემი | ||
სხვა? |
შემდეგ მასწავლებლი მოსწავლეებს სთხოვს, ყურადღება მიაქციონ მასწავლებლის ფუნქციას მოთხრობაში. ზოგადი შეკითხვა – ,,რას ფიქრობთ ამ მასწავლებელზე?“- ხელს უწყობს მოსწავლეებში დისკუსიის დაწყებას. შემდეგი შეკითხვები შეიძლება იყოს:
- ეს მასწავლებელი სულელი იყო, იდეალისტი თუ მამაცი?
- იმის გათვალისწინებით, რისი გაკეთებაც მან სცადა, მოგწონთ მასწავლებელი თუ არა?
- რა იყო მასწავლებლის ასეთი საქციელის მიზეზი?
- თქვენი აზრით, სად აითვისა მასწავლებელმა სოციალური ღირებულებები?
- რა უნდა გააკეთოს მან ახლა (ისევ სცადოს, თუ ხელი ჩაიქნიოს)?
- ამ სკოლის მოსწავლე რომ იყოთ, მასწავლებლის როგორ ქცევას ისურვებდით?
შემდეგ მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მოთხრობის დაკავშირებაში მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მათ თემთან. შესაძლო შეკითხვებია:
- დაფიქრდით, სად ცხოვრობთ.
- თქვენი აზრით, თქვენი თემის წარმომადგენლებს ეს მასწავლებელი მოეწონებოდათ?
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია პიროვნებას საზოგადოებაზე ზემოქმედება? წარმოადგინეთ მაგალითები.
ამ მოთხრობაში წამოჭრილი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია:
- რამდენად უწყობს ხელს ადამიანების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის მშვიდობის დამყარებას მათი ბავშვების ერთად სწავლა?
- რა გამოწვევების წინაშეა სკოლა და მასწავლებლები, სადაც სხვადასხვა ღირებულებისა და რელიგიური რწმენის მოსწავლეები სწავლობენ? როგორ შეიძლება ამ გამოწვევების აღმოფხვრა?
- გაკვეთილის დასასრულს შესაძლებელია როლების გათამაშება. წარმოიდგინეთ, რომ სკოლის დაწვამდე ზეგანზე მცხოვრები რამდენიმე მოსწავლე და მშობელი მასწავლებელთან შემდეგი ჩივილით მივიდა:
,,ამ სკოლაში უფრო მეტი ზეგანზე მცხოვრები მოსწავლეა, ვიდრე ტყეში მცხოვრები. შესაბამისად, ჩვენი აზრით, არ შეიძლება მოსწავლეებს ტყეში მცხოვრებთა რელიგია ასწავლოთ. შესაძლოა, ტყეში მცხოვრებთა რელიგიის სწავლებამ ზეგანზე მცხოვრები მოსწავლეების საკუთარ ხალხთან დაპირისპირება გამოიწვიოს.“
მასწავლებელს ეს საჩივარი ჩააფიქრებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ, მშობლისა და მასწავლებლის საუბარი მთელი კლასის წინაშე წყვილებში გაითამაშონ.
15. ეფუძნება სამოქალაქო ფონდის (ლონდონი) მიერ შემუშავებულ გაკვეთილს.