გაკვეთილი 3: რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი » გაკვეთილი 3: რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?

რამდენად განსხვავებულია ადამიანთა საჭიროებები?

სწავლის მიზანი

 მოსწავლეებს შეუძლიათ:

საზოგადოებაში თანასწორობის ხელშემშლელი ფაქტორების განხილვა.

უთანასწორო საგანმანათლებლო შესაძლებლობების მიზეზების იდენტიფიკაცია.

თანასწორობის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობის განხილვა.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები განიხილავენ ძირითად ცნებებთან დაკავშირებულ ჰიპოთეზურ სიტუაციას.

მოსწავლეები ძირითად პრინციპებს უსადაგებენ ცხოვრებისეულ, სოციალურ სიტუაციებს.

მოსწავლეები განიხილავენ გაკვეთილზე წამოჭრილ ძირითად საკითხებს.

მოსწავლეები ასრულებენ წერილობით დავალებას.

საჭირო მასალა მოთხრობის ასლები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

კრიტიკული აზროვნება.

დისკუსია.

მოსაზრების ჩამოყალიბება წერილობითი ფორმით.

ძირითადი ცნებები

მრავალფეროვნება – მრავალფეროვნების ცნება მხოლოდ ეთნიკურ ან ეროვნულ წარმომავლობას არ უკავშირდება. არსებობს ადამიანთა შორის სხვა ტიპის განსხვავებებიც, რაც, შეიძლება, საფუძვლად დაედოს სერიოზულ სოციალურ გამოწვევებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უმრავლესობა, რომელსაც ძალაუფლება და გავლენა გააჩნია, არაფერს აკეთებს.

თანასწორობა – თანასწორობის ორ ძირითდ ტიპს გამოყოფენ: თანაბარი შესაძლებლობა და თანაბარი შედეგი. შესაძლებელია ყველა ადამიანისათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა (მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობა), მაგრამ თუ არ გადაილახა გარკვეული ბარიერები (მაგალითად, შეზღუდულ უნარებთან დაკავშირებული), ადამიანი ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს. თანაბარ შედეგზე ორიენტაცია საშუალებას იძლევა, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება ( შეზღუდული უნარების მიუხედავად).

დისკრიმინაცია – ადამიანის უსამართლოდ მოპყრობა მისი რასის, გენდერული კუთვნილების, სქესის, ასაკის, რწმენის, ან სხვა ფაქტორის გამო.

გაკვეთილი

მასწავლებელი მოსწავლეებს მოთხრობას უკითხავს (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  3.2). ეს მოთხრობა ბევრ საინტერესო საკითხს ეხება და, მასწავლებლის მითითების გარეშე, ზოგიერთი მათგანი მოსწავლეებს შეიძლება გამორჩეთ. დახმარების მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს ასევე ურიგებს სამუშაო ფურცელ 3.3-ს და უხსნის დავალებას.

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და ცდილობენ, თავი მოუყარონ ყველა იმ პრობლემას, რაც კოლეჯის თანამშრომელთა წინაშე დგას. ეს პრობლემები შეყავთ სამუშაო ფურცლის  იმ ნაწილში, რომელიც ამ მიზნისთვისაა გამოყოფილი (,,პრობლემები“). შემდეგ ისინი აყალიბებენ პრობლემების გადაჭრის გზებს და სათანადო გრაფაში ინიშნავენ (,,გამოსავალი“). ასევე, მოსწავლეები ასახელებენ პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელ პირებს (,,პასუხისმგებლობა“). ბოლო გრაფა დროებით ცარიელი რჩება.

მოსწავლეები  კლასის წინაშე წარმოადგენენ და ადარებენ საკუთარ შედეგებს. პრეზენტაციების შედეგების თავმოყრის მიზნით, სასურველია ფლიპჩარტის ან პროექტორის გამოყენება.

დისკუსია კლასში

მოსწავლეები ან მასწავლებელი ქვემოთ წარმოდგენილ, ან მსგავს შეკითხვებს სვამენ:

  • თქვენი აზრით, მიაღწია დირექტორმა დასახულ მიზანს, რაც ყველა მოსწავლის თანასწორ მოპყრობაში მდგომარეობდა?
  • თქვენი აზრით, უნდა გაითვალისწინოს დირექტორმა დევნილი მშობლების სურვილი და ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე კლასებში გაანაწილოს? მოიყვანეთ პრო- და კონტრარგუმენტები;
  • უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ დევნილ მოსწავლეებს ცალკე კლასში ესწავლათ? მოიყვანეთ პრო- და კონტრარგუმენტები, როგორც მოსწავლეების, ისე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

შეუძლებელი იქნება ყველა მოსწავლისაგან ყველა შეკითხვაზე პასუხის მოთხოვნა; მათ უნდა მივცეთ საკმარისი დრო, რათა ერთ, რომელიმე შეკითხვას ჩაუღრმავდნენ. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ, რომ პლურალისტურ საზოგადოებაში ადამიანებს სხვადასხვა საჭიროება აქვთ, რამაც კონფლიქტამდე შეიძლება მიგვიყვანოს. კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებისთვის კი აუცილებელია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება (კონფლიქტების მოგვარების თემასთან დაკავშირებით, იხილეთ თავი 4). ამ კონკრეტულ მაგალითში სკოლა მიკროსაზოგადოებად უნდა აღვიქვათ, სადაც მოსწავლეებს ისეთივე პრობლემები ექმნებათ, როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს საზოგადოებაში.

ქვემოთ მოყვანილი საკითხები ააშკარავებს, თუ რამდენად მრავალმხრივია ეს მაგალითი და რამდენად კარგ მასალას იძლევა კლასში მუშაობისათვის. მასწავლებელმა ჩამოთვლილთაგან კონკრეტული საკითხები უნდა შეარჩიოს, მის განკარგულებაში არსებული დროისა და მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით.

რამდენად განსხვავებულია მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებები?

საჭიროა, მოსწავლეებმა უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს: როგორ შეიძლება მოგვარდეს სკოლაში არსებული პრობლემები? საჭიროა, რომ სკოლამ მოახდინოს ზოგიერთი პრობლემის იგნორირება და რატომ?

შეიძლება არსებობდეს ამ კითხვებზე პასუხის ძიების ორი მიდგომა: პირველი, პრობლემების  მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებთან კავშირის გათვალისწინებით; მეორე, იმ პრობლემათა იდენტიფიცირებით, რომელიც უშუალოდ სკოლის გადასაჭრელია.

პირველ შემთხვევაში, მოსწავლეებს დაეხმარება შემდეგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა: ,,ადამიანის/ბავშვთა რა უფლებებს არიან მოკლებულნი დევნილი ბავშვები?“

ქვემოთ ჩამოთვლილია საგანმანათლებლო საჭიროებათა რამდენიმე კატეგორია. მოსწავლეებმა ამ საჭიროებათა მაგალითები მოთხრობაში უნდა მოიძიონ და მოსწავლის სამუშაო ფურცლის  მეოთხე გრაფაში ჩაინიშნონ:

  • ემოციური;
  • საგანმანათლებლო;
  • რელიგიური;
  • კულტურული;
  • ენობრივი;
  • ფიზიკური.

თითოეულ ამ კატეგორიათან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საკუთარი მაგალითებიც უნდა მოიფიქრონ.

პასუხისმგებლობა და მისი ჩარჩოები

მოთხრობაში დასმულმა კონკრეტულმა პრობლემებმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს განზოგადებულ დისკუსიას თანასწორუფლებიანობისა და განათლების შესახებ.

რამდენად ადვილია ყველა ბავშვისათვის საუკეთესო განათლების შესაძლებლობის მიცემა, მისი საჭიროებების სრულად გათვალისწინებით? რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ და რა დახმარება სჭირდება მას გარედან, მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობიდან, დამატებითი დაფინანსების ფორმით?

მივუბრუნდეთ მეორე მიდგომას. როგორც წესი, ერთი კონკრეტული ღონისძიების გატარებით კომპლექსური პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, რაც, ამ შემთხვევაში, შეიძლება გულისხმობდეს სკოლის გაფართოებას, სპეციალურად მომზადებული კადრების დაქირავებას და ა.შ. საგანმანათლებლო რეფორმის ასე განვითარება სასურველი იქნებოდა, მაგრამ საჭიროებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რადგან გადასახადის გადამხდელთა დამატებითი სახსრების ამ საკითხზე მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობის და/ან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდება. ადამიანები, რომლებიც გამოსავალს მხოლოდ ასეთ რადიკალურ ღონისძიებებში ხედავენ, ხელმოცარულნი აღმოჩნდებიან და სხვათა დადანაშაულების მეტი ხელთ არაფერი შერჩებათ. სხვა სიტყვებით, ისინი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევენ – პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პრობლემის გადაჭრა შედარებით მცირე მასშტაბის ღონისძიებებითაც შეიძლება. ეს ღონისძიებები უკავშირდება უშუალოდ დირექტორის, მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებლების შეთანხმებას, რომ შეცვალონ ის, რაც მათ ხელშია, რისი შეცვლაც მათ სურთ და ხელეწიფებათ კიდეც.

სწორედ აქ გვჭირდება სამუშაო ფურცლის მესამე გრაფა. ვინ არის პასუხისმგებელი? ვის შეუძლია შეცვალოს არსებული სიტუაცია? მოსწავლეები განიხილავენ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მცირე მასშტაბის ღონისძიებები და რა მაქსიმალურ შედეგებზე შეიძლება გავიდნენ ამ ღონისძიებათა გატარების შემდეგ. მოსწავლეებმა შეიძლება იფიქრონ მცირე და მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებების გარკვეულ შერწყმაზეც.

,,სკოლა არის ცხოვრება“, მიკროსაზოგადოება. სასკოლო ცხოვრების სტრატეგიების განხილვა მოსწავლეებს ეხმარება, იფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიული დაგეგმარების ჩარჩოებში.

სკოლა არის ცხოვრება

შემდეგი იდეის გამოყენებით, მოსწავლეებს შეუძლიათ, კოლეჯში განვითარებული მოვლენები საკუთარ სკოლას დაუკავშირონ:

,,თქვენს სკოლაში რა ბარიერები ხვდება მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს, რაც მათ ხელს უშლით სწავლაში? ვის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ამ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებათა დაკმაყოფილება (მაგალითად, მთავრობის, დირექტორის, მასწავლებლების თუ მოსწავლეების)?”

ამ შეკითხვას სხვადასხვაგვარად შეიძლება მივუდგეთ. შეიძლება, განხილვის საგნად იქცეს, მოსწავლეებმა შეიძლება, გაითამაშონ ინტერვიუ, ან, შესაძლებელია, ეს შეკითხვა სასკოლო გაზეთის პროექტთან (თავი 5) დავაკავშიროთ.

წერილობითი დავალება

აუცილებელია, მასწავლებელი დარწმუნდეს, რომ მოსწავლეები კარგად ითვისებენ ახალ მასალას. ამ თვალსაზრისით, სასარგებლოა დისკუსიის დაკავშირება წერილობით დავალებასთან. წერის დროს მოსწავლეები კიდევ ერთხელ უფიქრდებიან დისკუსიის დროს განხილულ მასალას და უკეთესად აანალიზებენ მას; დისკუსიის შემდგომ წერილობითი დავალების შესრულება განსაკუთრებით სასარგებლოა ნელა მოაზროვნე, შედარებით მოკრძალებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც დისკუსიის დროს ნაკლებ აქტიურნი არიან, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება ბევრი სათქმელი ჰქონდეთ.

წერილობითი დავალებისათვის მასწავლებელმა ყურადღებით, მოსწავლეთა დონის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს თემა. დეტალურად ჩამოყალიბებული დავალება ასეთი ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს:

,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა ბავშვისათვის განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

  • ახსენით, რამდენად ასრულებდა ეს სკოლა ამ ვალდებულებას;
  • რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებს მივცეთ ის საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რაც მათ ეკუთვნით?
  • ვინ არის პასუხისმგებელი ამ ბავშვების განათლებაზე?
  • ბავშვთა ცხოვრების რომელ სფეროებზე ახდენს გავლენას უთანასწორო საზოგადოებაში ცხოვრება?
  • განიხილეთ“.

დისკუსიის შედეგები (ფლიპჩარტი, შევსებული სამუშაო ფურცელი)

კოლეჯის დასახმარებლად
პრობლემები გამოსავალი პასუხისმგებლობა საჭიროებები
(1) დევნილი ბავშვები
ენობრივი პრობლემები სპეციალური კურსები

დირექტორი

ადგილობრივი თვითმმართველობა

ენობრივი
ბიჭები არ საუბრობენ თერაპია, სპეციალური სწავლება დირექტორი, მასწავლებელი ენობრივი, ემოციური
გოგოს არ შეუძლია სიარული სამედიცინო ჩარევა, სპეციალური სწავლება, მშობლებისთვის რჩევის მიცემა ფიზიკური
(2) დევნილები და ადგილობრივი მოსწავლეები
ჩაგვრა, დაცინვა, ჯგუფების ფორმირება, დამუქრება, ჩხუბი, დაშავებული ბიჭი დისკუსია კლასში, ქცევის წესები,  მოსწავლე-დამკვირვებლები მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ემოციური, სოციალური მიდგომები და ღირებულებები
(3) მასწავლებლები
ვერ აქცევენ ყურადღებას დევნილებსა და ადგილობრივ მოსწავლეებს პატარა ზომის კლასები, სხვადასხვა ცვლა, მეტი მასწავლებელი ადგილობრივი თვითმმართველობა საგანმანათლებლო, ენობრივი, კულტურული, რელიგიური
(4) მშობლები
სურთ ცალ-ცალკე კლასები გოგონებისა და ბიჭებისათვის

,,არა“?

,,კი“?

? კულტურული, რელიგიური