გაკვეთილი 2: რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ადამიანები კანონებს?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება » თავი 6: პასუხისმგებლობა » გაკვეთილი 2: რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ადამიანები კანონებს?

რა არის კანონმორჩილების ძირითადი მიზეზები?

სწავლის მიზანი

ადამიანის იურიდიული პასუხისმგებლობების არსის გააზრება.

იურიდიულ და მორალურ ვალდებულებებს შორის განსხვავებებზე მსჯელობა.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები ახდენენ მორალური დილემის ანალიზს.

მოსწავლეები კრიტიკულად განიხილავენ კანონმორჩილების მიზეზებს.

მოსწავლეები მსჯელობენ სიტუაციებზე, როცა ადამიანის მორალური ვალდებულება შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობა.

საჭირო მასალა

,,შმიტის დილემა“ – მოთხრობის ასლები.

ფურცლები წერილობითი დავალებებისათვის.

დაფა.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

მორალური დილემის საერთო ანალიზი.

ანალიზი, რომელსაც მასწავლებელი წარმართავს.

ამბის წერა.

საერთო დისკუსია.

ძირითადი ცნებები

კანონი: მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაცია.

კანონის უზენაესობა: დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა ემორჩილება ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს. მმართველობის ცვლილება ხდება კონსტიტუციით განსაზღვრული წესების მიხედვით, და არა ძალადობის, ან ომის საშუალებით. მოსახლეობას აკისრია კანონმორჩილების პასუხისმგებლობა.

იურიდიული ვალდებულება: პასუხისმგებლობა, რომელსაც კანონი აკისრებს მოქალაქეებს.

მორალური პასუხისმგებლობა: ადამიანის ვალდებულება, რომელსაც ის პირადი შეხედულებების მიხედვით იღებს საკუთარ თავზე.

გაკვეთილი

მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს მოთხრობა ,,შმიტის დილემა“; იგი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფებში იმუშაონ და განიხილონ, რამდენად მართებული იქნება, რომ შმიტმა ფული მოიპაროს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მასწავლებელი დაფაზე სხვადასხვა მოსაზრებას წერს.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, შეარჩიონ ის მიდგომა, რომელსაც ისინი ეთანხმებიან და საკუთარი მოსაზრებები წერილობითი ფორმით მოამზადონ.

  • შმიტმა უნდა მოიპაროს ფული, რადგან…
  • შმიტმა არ უნდა მოიპაროს ფული, რადგან…

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა მოსაზრებებს დაფაზე წერს, მაგალითად:

,,მან უნდა მოიპაროს ფული, რადგან მისი ქალიშვილის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი ქურდობის აკრძალვის შესახებ“;

,,მან არ უნდა მოიპაროს ფული, რადგან ის შეიძლება დაიჭირონ“;

,,მან არ უნდა მოიპაროს ფული, რადგან არ შეიძლება კანონის დარღვევა“.

კლასში ხდება სხვადასხვა არგუმენტის განხილვა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასრულონ შემდეგი წინადადება:

,,კანონის დარღვევა არასწორია, რადგან…“

მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ, რაც შეიძლება, მეტი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაირღვეს კანონი. როგორც წესი, ამ შეკითხვაზე პასუხები არის ხოლმე შემდეგი:

,,კანონის დარღვევა არასწორია, რადგან:

  • შეიძლება დაგიჭირონ და დაგსაჯონ;
  • კანონი ადამიანს იცავს ზიანისაგან და სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენება არასწორია;
  • ყველა ადამიანი მოიქცეოდა ისე, როგორც სურს, რომ არ აკავებდეთ მათ კანონები;
  • კანონის დარღვევა ანადგურებს ნდობას ადამიანებს შორის;
  • საზოგადოებას ესაჭიროება კანონები არსებობისათვის; კანონების გარეშე იქნებოდა ქაოსი;
  • კანონის დამრღვევი, ამავდროულად, არღვევს ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლისა და საკუთრების უფლებები“.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ არსებობს არაერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ. ამ მიზეზთა ნაწილი უკავშირდება თავად პიროვნების ინტერესებს, ნაწილი – სხვა ადამიანების, ან საზოგადოების ინტერესებს (იხ. შენიშვნა ქვემოთ).

ამ ცნების საილუსტრაციოდ, მასწავლებელს შეუძლია,  სამი ერთმანეთში ჩახაზული წრე დაფაზე გამოსახოს, სახელწოდებებით ,,მე“, ,,სხვები“, ,,საზოგადოება“.

მასწავლებელი იმასაც აგებინებს მოსწავლეებს, რომ მხოლოდ კანონმორჩილება არ არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი კარგი მოქალაქეა. ბევრი არასწორი საქციელი ჩაუდენიათ ადამიანებს იმის მტკიცებით, რომ ისინი ,,კანონს ემორჩილებიან“”. მეორე მხრივ, როგორც მოთხრობიდანაც იკვეთება, კარგი ადამიანი ხანდახან ფიქრობს კანონის დარღვევაზე მაღალმორალური მიზეზების გამო.

მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობების წინააღმდეგობრივი ხასიათის სათანადო წვდომის მიზნით, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს სთხოვოს, წერილობით მოამზადონ ამბები ადამიანებზე, რომლებიც მორალური პასუხისმგებლობის გამო კანონის დარღვევაზე ფიქრობენ. მაგალითად, ადამიანი საგანგებო მდგომარეობის დროს აჭარბებს ნორმით დაშვებულ სიჩქარეს ან არ ასრულებს კანონს, რომელიც არასამართლიანია.

შემდეგ რამდენიმე მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს საკუთარ მაგალითს. მასწავლებელი ხაზს უსვამს განსხვავებას მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობებს შორის; პირველს ადამიანი თავად კისრულობს, ხოლო მეორის მორჩილებას მას მთავრობა ავალდებულებს. ამ ორი ტიპის პასუხისმგებლობის ჭიდილს მივყავართ მოქალაქეთა მხრიდან არსებული კანონების კრიტიკამდე. ადამიანები სწორედ ასეთი წინააღმდეგობრიობის გამო გამოდიან ხოლმე კანონის შეცვლის მოთხოვნით. მოქალაქეები, მორალური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში კანონის დარღვევის გადაწყვეტილებას იღებენ. არაერთი ისტორიული მაგალითი ცხადყოფს, რომ ადამიანები კანონს არღვევდნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ ტირანი მმართველების წინააღმდეგ. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მოუყვენოს ასეთი პროტესტის მაგალითები ქვეყნის ისტორიიდან. მასწვალებელმა ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ კანონის დარღვევის შემთხვევას ზედაპირულად ვერასოდეს მივუდგებით, რადგან კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

შენიშვნა

ამ გაკვეთილში წარმოდგენილი მორალური დილემა ,,ჰაინცის დილემის“ (1950-იანი წლები) მსგავსია, რომლის ავტორია ამერიკელი ფსიქოლოგი ლორენს კოლბერგი. ეს იყო ერთ-ერთი იმ დილემათაგან, რომელიც კოლბერგმა და მისმა კოლეგებმა 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის შექმნეს. როგორც მათ აღმოაჩინეს, ახალგაზრდები საკუთარ მეზე ორიენტირებული მიდგომიდან საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომისაკენ ვითარდებიან. დილემის კონტექსტი, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს იმას, თუ რომელ მიდგომას იყენებენ ახალგაზრდები. პატარა ბავშვებისათვის წესები და კანონები ყოველგვარ მოქნილობასაა მოკლებული და აღიქმება, როგორც უზენაესი ვალდებულებები. მოგვიანებით, გარდამავალ ასაკში ახალგაზრდები თანდათან უკეთ იაზრებენ, რომ კანონებს სოციალური დატვირთვა აქვთ, შეიძლება მათი კრიტიკული განხილვაც, თუ ითვლება, რომ მორალურად არასწორი, ან არასამართლიანია.