გაკვეთილი 4: რატომ იქცევა ადამიანი აქტიურ მოქალაქედ?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება » თავი 6: პასუხისმგებლობა » გაკვეთილი 4: რატომ იქცევა ადამიანი აქტიურ მოქალაქედ?

რატომ სურთ ადამიანებს საზოგადოების შეცვლა და როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა?

სწავლის მიზანი

იმის გააზრება, რომ საზოგადოებაში ხდება სოციალური პასუხისმგებლობის განაწილება.

იმ მიზეზების გააზრება, რის გამოც ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას სხვათა ტანჯვაზე.

სამოქალაქო საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციათა ფუნქციების გააზრება.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები  მუშაობენ მოთხრობის ნაწილების დაკავშირებაზე.

მოსწავლეები გამოხატავენ ვარაუდებს სოციალური მოტივაციის გამომწვევ მიზეზებზე.

მოსწავლეები მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციების გააზრებაზე.

მოსწავლეები ჯგუფებში იკვლევენ არასამთავრობო ორგანიზაციის ან სოციალური კამპანიის ავტორის საქმიანობას.

მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ.

საჭირო მასალა

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 6.4-ის ასლები, რომლებიც უკვე გამოჭრილია.

კვლევისათვის საჭირო რესურსები.

პრეზენტაციისათვის საჭირო მასალა – დიდი ზომის ფურცლები, ფერადი კალმები.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

ჯგუფური მუშაობა.

მოლაპარაკება.

მორალური აზროვნება.

კრიტიკული შეფასება.

კვლევა.

ჯგუფური პრეზენტაცია.

ძირითადი ცნებები

სოციალური ქმედება: მოქალაქის ან თემის წევრის ქმედება სოციალური პრობლემის გადასაჭრელად.

მოქალაქე: ადამიანი, რომელსაც იურიდიულად აქვს მინიჭებული ერის წევრობა (მოქალაქეობა). მოქალაქეობას თან ახლავს უფლებები და პასუხისგებლობები, თუმცა სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარი თემის წინაშე.

აქტიური მოქალაქე: ადამიანი, რომელიც საჯარო ქმედებებს მიმართავს სოციალური და თემის პრობლემების გადასაჭრელად.

არასამთავრობო ორგანიზაცია: ორგანიზაცია, რომელსაც აყალიბებენ და მართავენ მოქალაქეები სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია არის საჯარო, და არა საიდუმლო; ის საზოგადოების სტრუქტურის ფარგლებში მოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ეხმაურებიან საკითხებს, რომლებიც მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვასა და აღიარებას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება  მთავრობის მხარდამჭერი ან ოპოზიციის იდეების გამტარებელი იყოს. დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის საშუალებას იძლევა, ცნობს მათ უფლებებს და იცავს მათ.

სამოქალაქო საზოგადოება: ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ქვეყნის მთავრობას და ახორციელებენ სოციალურ ქმედებას, მოიხსენიებიან სამოქალაქო საზოგადოების სახელით. სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქისა და მთავრობის ერთ-ერთი მაკავშირებელია.

გაკვეთილი

მასწავლებელი მოსწავლეებს ხუთკაციან ჯგუფებად ჰყოფს და ურიგებს მათ სამუშაო ფურცლებს ელენა სანტიჩის ცხოვრების შესახებ ინფორმაციით (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.4). მოთხრობა უნდა იყოს დაჭრილი ნაწილებად. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფში, შემთხვევითობის პრინციპით, გაინაწილონ მოთხრობის ნაწილები. ჯგუფის თითოეული წევრი თავის ნაწილზე დატანილ ინფორმაციას ჯგუფის დანარჩენ წევრებს უკითხავს. შემდეგ მოსწავლეები მოთხრობის ნაწილებს ლოგიკური თანმიმდევრობის მიხედვით აწყობენ.

მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს შეკითხვათა ნუსხას წარმოუდგენს და სთხოვს მათ, ჯგუფურად განიხილონ პასუხები ამ შეკითხვებზე. მასწავლებელი მოსწავლეებს აფრთხილებს, რომ ბუნებრივი იქნება, თუ მოსწავლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა იჩენს თავს და ეუბნება მათ, რომ საუკეთესო პასუხები სწორედ აზრთა ჭიდილის შედეგად მიიღწევა. მოსწავლეებმა საკუთარი პასუხები ფურცელზე უნდა ჩაინიშნონ.

შეკითხვები

  • რატომ ჩაერთო ელენა სანტიჩი ჯგუფ 484-ის მუშაობაში?
  • იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ელენა სანტიჩზე მოგეპოვებათ, როგორ აღწერდით ამ პიროვნებას?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაუტოვეს ელენა სანტიჩმა და ჯგუფ 484-მა შესასრულებელი საქმე მთავრობას?
  • რა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მუშაობდა ჯგუფი 484?
  • როგორი საზოგადოების ჩამოყალიბებას აპირებდნენ ელენა სანტიჩი და ჯგუფი 484?
  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯგუფ 484-ის მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა საზოგადოებისათვის? რისი მიღწევა შეუძლიათ მათ? იმსჯელეთ მათ როლზე, მთავრობის საქმიანობის მიმართ და ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით.
  • დაფიქრდით თქვენს საზოგადოებაზე. თქვენი აზრით, აქტიური მოქალაქეებისა და/ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პასუხისმგებლობის აღება საზოგადოების რომელი საჭიროებ(ებ)ის დაკმაყოფილებისთვის იქნებოდა საჭირო?

მაგალითისათვის, მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ამონარიდს საერთაშორისო ანგარიშიდან, რომელიც ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში არასამთავრობო ორგანიზაციების 2003 წლის მუშაობას უკავშირდება:

,,არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ პოზიტიური წვლილის შეტანას ბოსნიასა და ჰერციგოვინაში, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით. […] ძველი და ახალი სარეგისტრაციო წესების მიხედვით, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ფუნქციონირებს 7874 არასამთავრობო ორგანიზაცია.[…]

არასამთავრობო სექტორმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მსხვილმასშტაბიანი საჯარო კამპანიების წარმართვა  გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვის, უმცირესობათა უფლებებისა და სხვა საკითხებზე. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ჯანდაცვის, სოციალური კეთილდღეობის, რეაბილიტაციის, ადამიანის უფლებების, გარემოსა და უმცირესობათა დაცვის პროექტებს.”25

ამ ციტატას მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხლავს. პირველ რიგში, მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რამდენად ეხება ციტატაში მოყვანილი სფეროები მათ ქვეყანას. შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, იმსჯელონ სხვადასხვა პროექტზე, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოხსენებულ სფეროებში.

შეკითხვები

ეს თავი პრეზენტაციებით სრულდება. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ-ერთ თემას და ამ თემაზე ამზადებს პრეზენტაციას. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებმა შეიძლება შეისწავლონ რამდენიმე აქტიური მოქალაქის ცხოვრება თავიანთ ქვეყანაში და მათი ისტორიებიც ჩართონ პრეზენტაციაში. მოსწავლეებმა პრეზენტაციაში ისეთ საერთაშორისო ფიგურებზეც შეიძლება გაამახვილონ ყურადღება, როგორებიც არიან დედა ტერეზა და ნელსონ მანდელა.

25. წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ანგარიში ,,2003 წლის არასამთავრობო ორგანიზაციათა მდგრადობა, ევროპა და ევრაზია”, გვ. 42 და 43; www.usaid.gov/locations/europe_eurasia/dem_gov/ngoindex/2003/bosnia.pdf