გაკვეთილი 1: გაზეთები ჩვენ გარშემო

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მესამე ნაწილი: მონაწილეობა » თავი 7: სასკოლო გაზეთი » გაკვეთილი 1: გაზეთები ჩვენ გარშემო

ვის ინფორმირებაზე მუშაობენ ისინი. როგორ ახორციელებენ სამიზნე ჯგუფის ინფორმირებას. რა ინფორმაციას ავრცელებენ.

სწავლის მიზანი მოსწავლეებს ვაცნობთ ბეჭდვითი მედიის სხვადასხვა ფორმას; მათ ესმით განსხვავებები შინაარსობრივ სტრუქტურაში.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები აგროვებენ და აანალიზებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებსაც მათ თემში ხალხი ეცნობა. შედეგების საილუსტრაციოდ, მოსწავლეები ამზადებენ პოსტერს.
საჭირო მასალა გაზეთები, მაკრატლები, წებო, დიდი ზომის ფურცლები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა ჯგუფური მუშაობა

ძირითადი ცნებები

ტერმინი ,,ბეჭდვითი მედია” გულისხმობს ინფორმაციის ბეჭდვით წყაროებს, ე.წ. კლასიკურ მედიას, რაც მოიცავს: გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, კატალოგებს, საინფორმაციო ფურცლებსა და ბიულეტენებს, რუკებს, დიაგრამებს, საფოსტო ბარათებს, კალენდრებს და პოსტერებს.

ბეჭდვითი მედია, როგორც წესი, ქაღალდზე იბეჭდება. ბეჭდვითი ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და ციფრული ბეჭდვა უკვე ფართოდაა გავრცელებული.

გაკვეთილი

ამ გაკვეთილამდე რამდენიმე კვირით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაიწყონ გაზეთებისა და ჟურნალების შეგროვება კლასში მოსატანად. ამ მიზნით, კლასში შეიძლება გამოიყოს სპეციალური საპრეზენტაციო მაგიდა. იდეალური იქნება, თუ რომელიმე მოსწავლე იშოვის გაზეთებისა და ჟურნალების თუნდაც მოძველებულ სადგამს (ისეთს, როგორსაც ქუჩაში გამყიდველები იყენებენ). მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყოს ყველა ძირითადი ყოველდღიური გაზეთის ნიმუში.

მასწავლებელი პირველ გაკვეთილს იწყებს მოსწავლეებისათვის ამ თავის მიზნებისა და დავალებების მოკლე მიმოხილვით. მასწავლებელი იმასაც ატყობინებს მოსწავლეებს, რომ ამ თავში დაიწყებენ პროექტს, რომელიც, სულ მცირე, ნახევარი სასწავლო წლის მანძილზე გაგრძელდება. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს პროექტი მათ ჟურნალისტური გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ მომავალი ჟურნალისტები პირველ ნაბიჯებს სწორედ ასეთ პროექტებში დგამდნენ.

მოსწავლეები მცირე ზომის, 3-4 კაციან ჯგუფებად იყოფიან. თითოეულმა ჯგუფმა უნდა განიხილოს ერთი გაზეთი ან ჟურნალი. მოსწავლეები განხილვის პროცესში შემდეგი შეკითხვებით ხელმძღვანელობენ:

  • რა ნაწილებისაგან შედგება ჟურნალი/გაზეთი?
  • რა თანმიმდევრობით გვხვდება ეს ნაწილები?
  • რა სამიზნე ჯგუფ(ებ)ზეა გათვლილი თითოეული ნაწილი? ოჯახის რომელი წევრები იქნებოდნენ დაინტერესებულნი ამა თუ იმ ნაწილის გაცნობით?
  • რა თემებს ეთმობა გაზეთის/ჟურნალის იმ ნომრის ნაწილები, რომელსაც მოსწავლეები განიხილავენ?
  • შეარჩიეთ ერთი ტიპური სტატია თითოეული ნაწილიდან. ამოჭერით ეს სტატიები და, პოსტერის მომზადების მიზნით, დიდი ზომის ქაღალდზე მიაკარით.

პოსტერი უნდა ატარებდეს გაზეთის ან ჟურნალის სახელს, სასურველია, ორიგინალური სათაურით. ზემოთ წარმოდგენილ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სტატიების განლაგება პოსტერზე ადვილად გასაგები და თანმიმდევრული უნდა იყოს.

ამ ეტაპზე, აუცილებელია, მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდეთ თავიანთი გაზეთის სტრუქტურა, რათა ადვილად წარმოადგინონ ის კლასის წინაშე.

ჯგუფები საკუთარ პრეზენტაციებს მომავალი გაკვეთილისათვის ამზადებენ. ეს პრეზენტაციები სარეკლამო ხასიათს უნდა ატარებდეს. მოსწავლეები რეკლამას გაუკეთებენ საკუთარ გაზეთს ან ჟურნალს; მიუთითებენ მის დადებით მხარეებზე. ყველა პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო და ინფორმაციულ გაზეთს. შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე სკოლაში გამარჯვებული გაზეთის უფასო შემოტანა მოხდეს. როგორც წესი, გამომცემელთა უმეტესობისათვის, მსგავსი აქცია სავსებით მისაღებია ხოლმე.

ამ ფაზაში, მასწავლებელი მოსწავლეებს გაზეთის შიდა სტრუქტურის შესწავლაში ეხმარება, რადგან ყველა გაზეთი ადვილად გასაანალიზებელი არ არის. მასწავლებელმა უნდა განახორციელოს მოსწავლეთა მონიტორინგი ჯგუფური მუშაობის დროსაც, რათა უზრუნველყოს პრეზენტაციების შეუფერხებელი, დროული დასრულება.