გაკვეთილი 2: ჩვენი გაზეთი საუკეთესოა… არ მეთანხმებით?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მესამე ნაწილი: მონაწილეობა » თავი 7: სასკოლო გაზეთი » გაკვეთილი 2: ჩვენი გაზეთი საუკეთესოა… არ მეთანხმებით?

რა აქცევს გაზეთს კარგ გაზეთად?

სწავლის მიზანი მოსწავლეები იაზრებენ, თუ როგორია კარგი გაზეთი ან ჟურნალი; მათ უყალიბდებათ საკუთარი შეხედულებები, ღირებულებები და ინტერესები.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები აფასებენ ჯგუფურ პრეზენტაციებს და თანხმდებიან კომპრომისებზე.
საჭირო მასალა წინა გაკვეთილზე მომზადებული პრეზენტაციები. მატრიცა დაფაზე ან ფლიპჩარტზე.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა ჯგუფური პრეზენტაციები, დისკუსიები და შეფასება.

ძირითადი ცნებები

ტერმინი ,,პრესის თავისუფლება” ნიშნავს პრესის უფლებას, რომ თავისუფლად იმოქმედოს და ცენზურას არ დაექვემდებაროს. პრესის თავისუფლება გულისხმობს ჟურნალისტის უფლებას, რომ არ მისცეს ჩვენება. ასევე, არ შეიძლება ჟურნალისტის მონიტორინგი მოსასმენი აპარატურის გამოყენებით.  ჟურნალისტის პროფესიას არ არეგულირებს სახელმწიფო და ჟურნალისტების მომზადება არ ექცევა სახელმწიფო გავლენის სფეროში.

გაკვეთილი

მეორე გაკვეთილი იწყება პრეზენტაციებით. ჯგუფებმა მოამზადეს პოსტერები და შეარჩიეს ამონაჭრები გაზეთებიდან/ჟურნალებიდან. სასარგებლო იქნება ჯგუფებისათვის გაკვეთილის დასაწყისში 5 წუთის მიცემა, რათა თავი მოუყარონ საპრეზენტაციო მასალას.

მოსწავლეები პრეზენტაციებს აფასებენ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. მასწავლებელს შეუძლია ამ კრიტერიუმების გამოყენებით მოამზადოს მატრიცა.

ჯგუფი 1 ჯგუფი 2
ჯგუფი 3
ჯგუფი 4
ჯგუფი 5
ქულათა ჯამი
გაზეთის ან ჟურნალის დასახელება
პოსტერი
პრეზენტაციის ფორმალური მხარეები
პრეზენტაციის შინაარსი
გაზეთის ან ჟურნალის ფორმალური მხარეები
გაზეთის ან ჟურნალის შინაარსი

ამ შეფასებას არ უნდა მიეცეს გადაჭარბებული მნიშვნელობა. ეს მხოლოდ კონკურენტული გარემოს შექმნის საშუალება უნდა იყოს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციების შემდეგ, მოსწავლეები აფასებენ ბეჭდვითი მედიის საშუალებებს შემდეგი შეკითხვების დახმარებით:

  1. რა აქცევს გაზეთს/ჟურნალს ,,კარგ“ გაზეთად/ჟურნალად?
  2. რა მიზანს ემსახურება ის?
  3. რას ვფიქრობთ იმ გაზეთებზე/ჟურნალებზე, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინეს?
  4. რა შეიძლება გამოსწორდეს?

დისკუსიის დროს მასწავლებელი მოსწავლეთა მოსაზრებებს ფლიპჩარტზე ინიშნავს. ფლიპჩარტი გაკვეთილის დაწყებამდე მომზადდა; მის ნაცვლად შეიძლება დაფის გამოყენებაც. გასათვალისწინებელია, რომ დაფაზე მოცემულ ინფორმაციას, ფლიპჩარტისაგან განსხვავებით, მომავალ გაკვეთილზე ვერ გამოვიყენებთ.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აცნობებს მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ და საჯაროდ წარმოადგინონ სასკოლო გაზეთი. მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ ამ დავალებაზე და იმ კონკრეტულ განყოფილებებზე, რომლებსაც გაზეთი უნდა მოიცავდეს იმისათვის, რომ სასკოლო ცხოვრება სრულყოფილად წარმოადგინოს. ასევე, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, თუ რომელი განყოფილებების მომზადება სურთ. მნიშვნელოვანი იქნება სასკოლო გაზეთის სახელწოდებაზე მსჯელობაც.