გაკვეთილი 1: კარგი კანონი – ცუდი კანონი
Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეოთხე ნაწილი – ძალაუფლება და უფლებამოსილება » თავი 8: წესები და კანონები » გაკვეთილი 1: კარგი კანონი – ცუდი კანონირა აქცევს კანონს კარგ კანონად?
სწავლის მიზანი | იმ ფაქტორების გააზრება, რომლებიც კანონის სამართლიანობას უზრუნველყოფს |
მოსწავლის დავალება |
სკოლაში მოქმედი წესების განხილვა. კარგი წესების განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიკაცია. კანონების განხილვა და იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც კანონს კარგ კანონად აქცევს. ერთ-ერთ სფეროში მოქმედი კანონების განხილვა, მაგალითად, ალკოჰოლის მაკონტროლებელი კანონმდებლობა. სკოლაში მოქმედი ახალი წესის ან კანონის განხილვა და გამართლება. |
საჭირო მასალა |
ორი ბარათი თითოეული მოსწავლისათვის – ერთს აწერია ,,ა” (მწვანედ), ხოლო მეორეს – ,,ბ” (წითლად). სამუშაო ფურცელი – ალკოჰოლთან დაკავშირებული კანონმდებლობა თქვენს ქვეყანაში. მარკერები და დიდი ზომის ქაღალდი 4-6 მოსწავლისაგან თითოეული ჯგუფისათვის. ფლიპჩარტი ან დიდი ზომის ქაღალდი, რომელიც ფლიპჩარტის ფუნქციას შეასრულებს. |
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა | მცირე ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია. |
ინფორმაციაამ თავში ვიყენებთ ,,ინდუქციური სწავლების” მეთოდს. ეს მეთოდი ეხმარება მასწავლებელს, კონკრეტული, ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით გააგებინოს მოსწავლეებს აბსტრაქტული ცნებები. გაკვეთილი იწყება კანონებთან ან წესებთან დაკავშირებული მაგალითებით. მოსწავლეებმა, ამ მაგალითების დახმარებით, ზოგადი პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ. ამ კრიტერიუმებს ვუსადაგებთ კანონებს ან წესებს, რათა განვსაზღვროთ, თუ რამდენად კარგია ესა თუ ის კანონი ან წესი: რამდენად სამართლიანია? რამდენად სასარგებლოა? ყველასთვის სიკეთის მომტანია? შეუძლია პოლიციას მათი შესრულების უზრუნველყოფა? ადვილად შეიძლება მისი გაგება და დაცვა? იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა დამატებითი მასალა (მაგალითად, კანონები ალკოჰოლის შესახებ), მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ეს მასალა უნდა მოიძიონ. |
გაკვეთილი
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს მოსწავლეთათვის ორ-ორი ბარათის დარიგებით – ერთს აწერია ,,ა” (მწვანედ), ხოლო მეორეს – ,,ბ” (წითლად).
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ წაუკითხავს მათ სკოლის წარმოსახვით წესებს. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, კარგია ეს წესი, თუ ცუდი. თუ წესს დადებითად აფასებენ, უნდა ასწიონ მწვანე ბარათი, ხოლო თუ უარყოფითად – წითელი.
მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს სკოლის გამოგონილ წესებს. ეს წესები ეხება შემდეგ საკითხებს:
- იკრძალება დავალება;
- იკრძალება მოსწავლის მიერ სხვა მოსწავლის ჩაგვრა;
- სკოლა უნდა იყოს ფასიანი;
- სკოლაში საღეჭი რეზინის მოტანა აკრძალულია;
- აუცილებელია, მოსწავლეებს მოსწონდეთ ყველა მასწავლებელი;
- მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს სასკოლო საგნები;
- მოხუც მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ უფრო ნაკლებად დატვირთული განრიგი;
- სკოლაში მობილური ტელეფონის ტარება აკრძალულია.
როცა მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას თითოეულ წესთან დაკავშირებით, მასწავლებელს შეუძლია, დაუსვას მათ რამდენიმე შეკითხვა, პასუხების დაკონკრეტების მიზნით:
- რატომ თვლით, რომ ეს კარგი/ცუდი წესია?
დამატებითი დისკუსიები და კომენტარები ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
შემდეგ მასწავლებელი კლასს 4-6 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად ჰყოფს და სთხოვს მათ, ჯგუფებში იმუშაონ იმ ფაქტორებზე, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ესა თუ ის წესი მოსწავლეთათვის მისაღებია/არ არის მისაღები:
- რა ფაქტორები აქცევენ სასკოლო წესს კარგ წესად?
თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი მოსაზრებები კლასის წინაშე უნდა წარმოადგინოს.
შემდეგ მასწავლებელი იმეორებს იმავე სავარჯიშოს ერთი განსხვავებით – სკოლის წარმოსახვითი წესების ნაცვლად, მოსწავლეებს ქვეყნის წარმოსახვით კანონებს აცნობს:
- ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე რელიგიური აღმსარებლობა;
- მკვლელობის ჩადენა არ შეიძლება;
- დაუშვებელია ტყუილის თქმა;
- არაჯანსაღი საკვები უნდა აიკრძალოს;
- მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ გზის რომელ მხარეს ატარებენ მანქანას;
- არ უნდა იყოს განსხვავება ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფებში იმუშაონ იმ ფაქტორებზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ესა თუ ის კანონი მოსწავლეთათვის მისაღებია / არ არის მისაღები:
- რა ფაქტორები აქცევენ კანონს კარგ კანონად?
თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი მოსაზრებები კლასის წინაშე უნდა წარმოადგინოს. მასწავლებელმა მოსწავლეთა მსჯელობა უნდა მიმართოს კარგი კანონის განმსაზღვრელ რამდენიმე მთავარ კრიტერიუმზე:
- სამართლიანობა – სამართალი და თანასწორობა, მაგალითად, თანაბარი ხელფასი მამაკაცებსა და ქალებს;
- სარგებლიანობა – ხელს უწყობს საზოგადოების დაუბრკოლებელ ფუნქციონირებას, მაგალითად, მანქანის ტარების მარეგულირებელი კანონები, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ;
- საზოგადოებრივი კეთილდღეობა – მთელი საზოგადოების, და არა მხოლოდ პრივილეგირებული ფენების, ინტერესების დაცვა;
- განხორციელებადობა – ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია, დაიცვას ისინი, ხოლო პოლიციას – დააკავოს კანონის დამრღვევნი;
- სიმარტივე – ადვილი გასაგებად და შესასრულებლად.
როცა მოსწავლეები ძირითად კრიტერიუმებზე შეთანხმდებიან, მასწავლებელმა ფლიპჩარტზე დაწერილი კრიტერიუმები კლასში უნდა დაკიდოს, ყველასთვის კარგად დასანახ ადგილას. ფლიპჩარტის სათაური იქნება ,,რა აქცევს კანონს კარგ კანონად?”
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფურად შეისწავლონ რომელიმე სფეროს მარეგულირებელი, მაგალითად, ალკოჰოლთან დაკავშირებული, კანონები. მასალა სამუშაო ფურცლის ფორმით უნდა დაურიგდეს მოსწავლეებს. რამდენადაც შესაძლებელია, მოსწავლეებმა თავადაც უნდა მოიპოვონ გარკვეული დამატებითი მასალა, ამ შემთხვევაში, მაგალითად, ბავშვებისა და ახალგაზრდების მოვალეობების შესახებ. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მარკერი და დიდი ზომის ქაღალდი. მათ უნდა მოამზადონ პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგია შერჩეული კანონი. მუშაობის დროს მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ის პრინციპები, რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე მოახდინეს და რომლებიც ფლიპჩარტზეა წარმოდგენილი.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს კლასის წინაშე.
მასწავლებელმა, შეიძლება, შემდეგი სახის საშინაო დავალება მისცეს მოსწავლეებს: მოიფიქრეთ კანონი ან სასკოლო წესი, მაგალითად, გარემოს დაცვის თემაზე. მოამზადეთ არგუმენტები იმ დადებითი ფაქტორების შესახებ, რაც ამ წესის ან კანონის დამკვიდრებას შეიძლება ახლდეს თან.