როგორ უნდა მიესადაგებოდეს კანონი ახალგაზრდებს?

სწავლის მიზანი იმის გამოკვლევა, თუ როგორ მიესადაგება კანონი ახალგაზრდებს?
მოსწავლის დავალება

იმ ასაკის განსაზღვრა, რომლის გადაბიჯების შემდეგაც ახალგაზრდას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ზრდასრულთა აქტივობებში.

განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად მისაღებია ახალგაზრდებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა.

საჭირო მასალა

სამი წარწერა ასოებით ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” გაკრულია კლასის სხვადასხვა კედელზე.

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 8.1-ის ასლები (თითო ასლი ყოველ ორ მოსწავლეზე). მარკერი და დიდი ზომის ფურცელი ყოველ 4-6 მოსწავლეზე.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა წყვილებში მუშაობა. მცირე ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია.

ინფორმაცია

წინამდებარე გაკვეთილი გარკვეულ ფიზიკურ აქტივობას მოიცავს. თუ თქვენ თვლით, რომ ეს არ იქნება მიზანშეწონილი თქვენი მოსწავლეებისათვის, უნდა მოახდინოთ ამ აქტივობების მორგება მოსწავლეთა საჭიროებაზე, მაგალითად, ისე, რომ მოსწავლეებმა ხელის აწევით მისცენ ხმა, კლასის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილების გარეშე.

გაკვეთილი

მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს შემდეგი შეკითხვით: თქვენი აზრით, სწორია, რომ კანონი ბავშვებს ავალდებულებს, იარონ სკოლაში მაშინ, როცა დიდებისათვის ასეთი ვალდებულება არ არსებობს? თუ თვლით, რომ ეს ვალდებულება სწორია, ახსენით, რატომ. თუ საწინააღმდეგო მოსაზრება გაქვთ, ესეც ახსენით.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებად ყოფს და აძლევს კითხვარს (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  8.1). ეს კითხვარი ეხება იმ დასაშვებ ასაკს, რომლის გადაბიჯების შემდეგაც ახალგაზრდები სრულწლოვანებად აღიქმებიან და იგივე უფლებები აქვთ, რად ზრდასრულებს.

მასწავლებელი ერთ-ერთ წყვილს სთხოვს, წაიკითხონ საკუთარი პასუხები. თითოეული პასუხის შემდეგ, მასწავლებელი ადასტურებს მის სისწორეს, ან აცხადებს სწორ პასუხს. მოსწავლეები სწორ პასუხებს ინიშნავენ.

თითოეულ შეკითხვასთან დაკავშირებით, მასწავლებელი კითხულობს:

  • როგორ ფიქრობთ, ეს ასაკი:
    ა. ძალიან პატარაა?
    ბ. ძალიან დიდია?
    გ. ნორმალურია?

მასწავლებელი წყვილებს ერთ წუთს აძლევს მოსაფიქრებლად. შემდეგ კი სთხოვს მათ, ოთახის იმ კედელთან დადგნენ, რომელიც მათ პასუხს შეესაბამება (კედლებზე უკვე გაკრულია მინიშნებები ,,ა”, ,,ბ” და ,,გ”).

მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ჯგუფებს სთხოვს, ახსნან საკუთარი პოზიცია. სხვა მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან შეკითხვები.

გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელი კითხულობს:

  • თქვენი აზრით, სწორია, რომ კანონი ახალგაზრდებს ზრდასრულებისაგან განასხვავებს? რატომ?

მასწავლებელი მოსწავლეებს 4-6 კაციან ჯგუფებად ჰყოფს. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მარკერი და დიდი ზომის ქაღალდი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ახალგაზრდებს უკეთეს პირობებში ჩააყენებდა. მოსწავლეებმა შეიძლება სრულიად ახალი კანონის დამკვიდრების წინადადებაც კი შემოიტანონ, რომელიც, მაგალითად, უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულ სკოლას ჰყავდეს მოსწავლეთა პარლამენტი. შესაძლოა, კანონი ეხებოდეს ახალგაზრდებისათვის მინიმალურ ხელფასს. არსებულ კანონებში ცვლილებები კი გულისხმობდეს ხმის მიცემის, ან მართვის მოწმობის აღების ასაკის შეცვლას. თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას, რომელსაც კლასის წინაშე წარმოადგენს. პრეზენტაცია ეხება ჯგუფისათვის სასურველ საკანონდებლო ცვლილებებს და იმ მიზეზებს, თუ რატომ იქნებოდა სასარგებლო ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები ახალგაზრდებისათვის. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ გამოსავალ გზებს და ირჩევენ საუკეთესოს.

საშინაო დავალება შეიძლება იმ შემდგომ საქმიანობას ეხებოდეს, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ქვეყნის მთავრობამ გაითვალისწინოს მოსწავლეების მოსაზრებები და საკანონდებლო ცვლილებების გატარება უზრუნველყოს.