გაკვეთილი 3: თქვენ ხართ კანონმდებელი

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეოთხე ნაწილი – ძალაუფლება და უფლებამოსილება » თავი 8: წესები და კანონები » გაკვეთილი 3: თქვენ ხართ კანონმდებელი

როგორ ეპყრობით ახალგაზრდა კანონდამრღვევებს?

სწავლის მიზანი განხილვა იმისა, საჭიროა თუ არა, დავსაჯოთ ახალგაზრდები, რომლებიც კანონს არღვევენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა, როგორი უნდა იყოს სასჯელი.
მოსწავლის დავალება დანაშაულზე სათანადო სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორების გაანალიზება.
საჭირო მასალა მოთხრობა და მასწავლებლის დამხმარე მასალა.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა მცირე ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია.

ძირითადი ცნებები

რა აზრი აქვს დასჯას: სამი ძირითადი არგუმენტი

გაკვეთილი 2 სამოქალაქო სამართალს ეძღვნებოდა; გაკვეთილი 3 კი მთლიანად სისხლის სამართალზეა ორიენტირებული. განხილული იქნება ახალგაზრდა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობა და დასჯის სხვადასხვა გზა. როცა ამ თემაზე ვსაურობთ, ისმება შეკითხვა: ,,რატომ ვსჯით?” მოცემულ შეკითხვაზე განსხვავებული პასუხებია გაცემული კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, სამეცნიერო და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების სხვადასხვა  ეტაპზე. ზოგადად, დასჯის სამი არგუმენტი იკვეთება:

  1. საზღაურის გადახდის აუცილებლობა. დასჯა უკავშირდება ბრალეულობას და პასუხისმგებლობას. დამნაშავე იმსახურებს დასჯას და საზოგადოება დანაშაულისადმი საკუთარ დამოკიდებულებას სწორედ დამნაშავის დასჯით გამოხატავს. ეს ცნება პროპორციულობის დაცვასაც გულისხმობს, რაც იცავს დამნაშავეს გადამეტებული სასჯელისაგან. დასჯის მიზანია სამართლიანობის აღდგენა.
  2. შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა. დასჯის საშუალებით ხდება პოტენციური დამნაშავეებისათვის შეტყობინების გაგზავნა, რომ მათ იგივე მოელით, თუ კანონსაწინააღმდეგო საქციელს ჩაიდენენ. დასჯის მიზანია დანაშაულის გავრცელების აღკვეთა.
  3. რეაბილიტაცია. დანაშაული, როგორც დახმარების მოთხოვნა. დამნაშავეს სჭირდება მკურნალობა, და არა დასჯა. ამ შემთხვევაში, მიზანია დამნაშავის ხელშეწყობა ისე, რომ მან აღარ ჩაიდინოს დანაშაული და შეძლოს საზოგადოებასთან ინტეგრირება.

მსოფლიოს პენიტენციალური სისტემები მკვეთრად განსხვავდება სწორედ ამ სამი პრინციპის სხვადასხვაგვარი დაბალანსების მიხედვით, როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული დამნაშავეების მიმართ. ბევრი, თუმცა არა ყველა, ქვეყანა აღიარებს რეაბილიტაციას, როგორც უპირველეს პრიორიტეტს. მნიშვნელოვანი საკითხია იმის განსაზღვრაც, თუ ვინაა ზრდასრული დამნაშავე და ვინ – არასრულწლოვანი. ევროსაბჭო განმსაზღვრელ ასაკად ასახელებს 18 წელს და იშველიებს ბავშვთა უფლებების კონვენციას (იხ. დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის).

ამ გაკვეთილში განხილულია დასჯის სამივე არგუმენტი ინდუქციური მიდგომის გამოყენებით. მოსწავლეები დისკუსიას მართავენ ახალგაზრდა დამნაშავის ისტორიის გარშემო და მსჯელობენ სამ არგუმენტზე, მათ ზეგავლენაზე და მათ შორის ბალანსზე. სასურველია, დისკუსიამდე, ან დისკუსიის შემდეგ, მასწავლებელმა აუხსნას მოსწავლეებს ამ სამი არგუმენტის არსი.

ამ გაკვეთილმა, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს პროექტს, რომელსაც კიდევ ორი გაკვეთილი დასჭირდება. პროექტი უნდა მიეძღვნას სამ არგუმენტს შორის ბალანსის განხილვას იმ კანონების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ახალგაზრდა დანმაშავეების დასასჯელად.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს 4-6 კაციან ჯგუფებად ყოფს. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ კანონის უზენაესობა განაჩენის გამოტანის პროცესში მოსამართლის მხრიდან კანონით ხელმძღვანელობას გულისხმობს. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები განიხილავენ იმას, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ასეთი კანონი ახალგაზრდა დამნაშავეებს. მოსწავლეები მოისმენენ ამბავს დანაშაულის შესახებ და შემდეგ წარმოიდგნენ, რომ ისინი არიან იმ პარლამენტის წევრები, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამნაშავისათვის სასჯელის განსაზღვრის შესახებ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მოთხრობას და სთხოვს, გადაწყვიტონ, თუ რა იქნება ტომისთვის სამართლიანი სასჯელი. მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ და საკუთარ მოსაზრებებს კლასის წინაშე წარმოადგენენ.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას აწვდის. ყოველი ახალი ინფორმაციის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ, შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება.

აქტივობის ბოლოს, მასწავლებელი ყველა ჯგუფს სთხოვს, საკუთარი მოსაზრებები კლასს გაუზიარონ:

  • რა სასჯელს იმსახურებს Y? რატომ?
  • შეგაცვლევინათ აზრი დამატებითმა ინფორმაციამ? თუ შეგაცვლევინათ, როგორ?

შემდეგ მასწავლებელი დისკუსიას მართავს და ეკითხება კლასს:

  • რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული კანონში, რომელიც დანაშაულის ჩამდენისათვის სასჯელის ზომას განსაზღვრავს?
  • თქვენი აზრით, კანონი უნდა განასხვავებდეს თუ არა ახალგაზრდებს ზრდასრულებისაგან? რატომ?

და ბოლოს, საშიანო დავალება: მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ დანაშაულებრივი შემთხვევა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მოხდა (ტელევიზიით მოსმენილი, გაზეთში წაკითხული) და ახალგაზრდა იქნა ბრალდებული; შემდეგ უნდა განსაზღვრონ ზედმეტად მკაცრი იყო, თუ ზედმეტად ლმობიერი სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსწავლეებმა შერჩეული შემთხვევის შესახებ წერილობით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და მომავალ გაკვეთილზე გააცნონ კლასელებს. მოსწავლეებმა დავალებაში კარგად უნდა ახსნან ის ფაქტორები, რამაც მათი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე იმოქმედა. მაგალითად,  ეს შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა დაადანაშაულეს.

კანონს თქვენ ადგენთ

,,ლეონარდი და ტომი 15 წლის იყვნენ და ერთ სკოლაში დადიოდნენ. ისინი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია, იცნობდნენ, თუმცა ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ.

ერთ დღეს ტომს მობილური ტელეფონი დაეკარგა და მის მოპარვაში ლეონარდი დაადანაშაულა. ლეონარდმა განაცხადა, რომ მას არ მოუპარავს მობილური და დასძინა, რომ ტომს მისი შურდა, რადგან ლეონარდს ბევრი მეგობარი ჰყავდა.

იმ დღეს, გაკვეთილების შემდეგ გაიმართა ჩხუბი. ტომმა დანა ამოიღო, ლეონარდს კი არ ჰქონდა იარაღი. ჩხუბის დროს ტომმა ლეონარდს სახეზე ისეთი ჭრილობა მიაყენა, რომ ეს უკანასკნელი მთელი ცხოვრება ამ ნაიარევით დადიოდა“.

დავალება

რა იქნებოდა სამართლიანი სასჯელი ტომისათვის? განიხილეთ ეს შეკითხვა ჯგუფში და წერილობით ჩამოაყალიბეთ სასჯელი, რომელსაც კანონი ასეთი დანაშაულისათვის უნდა ითვალისწინებდეს (იქმნება კანონის სამუშაო ვარიანტი).

დამატებითი ინფორმაცია

1. ტომს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ; მას მამა ხშირად სცემდა.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

2. ტომი კლასში იზოლირებული იყო და არავინ აქცევდა ყურადღებას მის პრობლემებს.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

3. ლეონარდმა მართლა მოიპარა ტომის მობილური ტელეფონი და შემდეგ თავად დაიწყო ჩხუბი, რადგან ტომმა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

4. ლეონარდი იმ დაჯგუფების მეთაური იყო, რომელიც ტომს ყოველთვის ჩაგრავდა. ამ დაჯგუფებას არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ტომისათვის (ცემა, ჯოხის დარტყმა, ჯაჭვით დაბმა და ა.შ.). შიში ტომს ღამითაც კი არ აძლევდა მოსვენებას და სკოლაში წასვლაც კი შემზარავი იყო მისთვის.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

5. მამა ყოველთვის ეუბნებოდა ტომს, რომ ის ძალიან სუსტი იყო და ლეონარდს  მკაცრად უნდა გასწორებოდა.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

6. ტომმა მხოლოდ იმიტომ ამოიღო დანა, რომ შეეშინებინა ბიჭები; მას არც კი უფიქრია დანის გამოყენება. ამ დროს იქვე იდგა 20  ახალგაზრდა, რომელიც ბიჭებს ჩხუბისაკენ აქეზებდა.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

7. ჩხუბამდე ორი დღით ადრე მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ტომს დანა ჰქონდა. მასწავლებელს ტომისათვის არაფერი უკითხავს დანის შესახებ.

ეს ინფორმაცია ახდენს თუ არა გავლენას ტომის სასჯელის ზომასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებაზე? რა გავლენას? საჭიროებისამებრ, შეცვალეთ კანონის სამუშაო ვარიანტი.

მოსწავლეები საკუთარ ჯგუფებში ირჩევენ ერთ მოსწავლეს, რომელიც ჯგუფის სახელით ისაუბრებს. ეს მოსწავლე ჯგუფის ნამუშევარს (კანონის სამუშაო ვარიანტს) მთელი კლასის წინაშე წარმოადგენენ. მოსწავლეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ის საკითხები, რომლებიც მართლმსაჯულების დადგენას უკავშირდება:

  • როგორ ვაჩვენებთ, რომ საზოგადოება უარყოფითად უდგება ასეთ საქციელს?
  • როგორ უნდა შევქმნათ სკოლაში უსაფრთხო გარემო?
  • როგორ უნდა დავსაჯოთ ტომი, რათა მან აღარ გამოიყენოს იარაღი და ასეთი ცუდი მაგალითი აღარ მისცეს ლეონარდის დაჯგუფებასაც?
  • ტომის საქციელი ნიშანია იმისა, რომ ეს ბავშვი იყო სასოწარკვეთილი. მას ხომ არ შეეძლო საკუთარი ოჯახის არჩევა. როგორ უნდა დავეხმაროთ ტომს, რომ მან თავი ბედიერად იგრძნოს და მომავალში იარაღის გამოყენება აღარ დასჭირდეს?

დისკუსიის შეჯამებისას მასწავლებელმა ეს შეკითხვები შეიძლება დაუკავშიროს ზემოთ მოყვანილ სამ პრინციპს: საზღაურის გადახდის აუცილებლობა, შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და რეაბილიტაცია. ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია, უპირატესობა მიანიჭოს რეაბილიტაციას.

თუ არის საკმარისი დრო, მოსწავლეებს შეუძლიათ, გააგრძელონ ამ საკითხზე მუშაობა. მით უმეტეს, თუ ისინი ვერ თანხმდებიან, დასჯის რომელი პრინციპი უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში. ასევე, მათ შეუძლიათ, შეისწავლონ საკუთარი კანონმდებლობა დასჯის ამ სამი პრინციპის ჭრილში – საზღაურის გადახდის აუცილებლობა, შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და რეაბილიტაცია.