გაკვეთილი 1: ვინ არის პასუხისმგებელი?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეოთხე ნაწილი – ძალაუფლება და უფლებამოსილება » თავი 9: მთავრობა და პოლიტიკა » გაკვეთილი 1: ვინ არის პასუხისმგებელი?

რომელია ქვეყნის მართვის საუკეთესო გზა?

სწავლის მიზანი მოსწავლეები იღებენ ცოდნას სხვადასხვა ტიპის მმართველობის შესახებ, მაგალითად, დემოკრატია და დიქტატორული წყობა.
მოსწავლის დავალება წარმოსახვითი საზოგადოების მაგალითზე, მოსწავლეები მსჯელობენ მმართველობის სისტემის სამართლიანობაზე.
საჭირო მასალა მოსწავლის სამუშაო ფურცელ 9.1-ის ასლები ყველა მოსწავლისათვის, ქაღალდები და კალმები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა მოთხრობა. წყვილებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია. ფორმალური დებატები.

ძირითადი ცნებები

მმართველობის ფორმების კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგალითად, იმის მიხედვით, თუ ვის ხელშია ძალაუფლება, როგორ ნაწილდება ძალაუფლება ხალხზე, როგორ ხდება კანონის აღსრულება. მმართველობის ძირითადი ტიპებია: დემოკრატია, მონარქია, თეოკრატია და ტირანია/დიქტატურა. ერთ ქვეყანაში, შეიძლება, სხვადასხვა ტიპის მმართველობა  თანაარსებობდეს. მაგალითად, საპარლამენტო დემოკრატიაში შეიძლება იყოს დიქტატურის  ან მონარქიის ელემენტები.

გაკვეთილი

მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს მოთხრობა ,,სიკალის სამეფოს“ კითხვით (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  9.1). ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ამ მოთხრობის ასლი, რათა, მასწავლებლის კითხვის პარალელურად, ტექსტს თვალი მიადევნოს.

მასწავლებელი მოთხრობის შუაში ჩერდება და კითხულობს:

  • იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ახლა მიიღეთ, რას ფიქრობთ სიკალში ცხოვრებაზე?

მოთხრობის ბოლოს მასწავლებელი კითხულობს:

  • ახლა რას ფიქრობთ სიკალში ცხოვრებაზე?

მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებად ჰყოფს და სთხოვს მათ, იმსჯელონ სიკალში ცხოვრების ხარისხზე. მოსწავლეებს ურიგდებათ ქაღალდები, რომელზეც მათ უნდა ჩამოწერონ სიკალში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მასწავლებელი წყვილებს სთხოვს, საკუთარი მოსაზრებები მთელი კლასის წინაშე წარმოადგინონ და ამ ძირითად საკითხებს ყველასთვის კარგად დასანახად წერს.

შემდეგ მასწავლებელი კლასს სთხოვს, დაფიქრდნენ სიკალის მმართველობის სისტემაზე:

  • ფიქრობთ, რომ სიკალს სამართლიანი მმართველობა აქვს? რატომ?
  • თუ მიგაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის მართვა უფრო სამართლიანი ფორმითაც შეიძლება, ხომ ვერ დააკონკრეტებდით, რა ცვლილებების გატარება იქნებოდა საჭირო მეტი სამართლიანობის მისაღწევად?

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წარმოიდგინონ, რომ სიკალის მაცხოვრებლები არიან. დებატების წარმართვის მიზნით, კლასი ორ ჯგუფად იყოფა. ერთი ჯგუფი არსებული სისტემის გაგრძელების მომხრეა, ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ აუცილებელია, ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღონ გადაწყვეტილებები და ქვეყანას არ ჰყავდეს ერთპიროვნული მმართველი. მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს რამდენიმე წუთს, რათა მათ საკუთარი პოზიციის გასამყარებელი არგუმენტები ჩამოწერონ. ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან და იწყება დებატები. მოსწავლეები თითოეული ჯგუფიდან რიგრიგობით წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტებს. დებატებში მათ დაეხმარებათ ,,მოსაუბრე ჯოხი“, რომელიც შეიძლება ეჭიროს იმ მოსწავლეს, რომელიც სიტყვით გამოდის.

დებატების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება მოსაზრებებს. კლასი წყვეტს, თუ რომელი მხარის პოზიცია იყო უკეთსად დაცული.

ახლა მოსწავლეები მზად არიან მოკლე ახსნა-განმარტებისათვის (ინდუქციური მიდგომა). მასწავლებელი ჩამოწერს მმართველობის ხუთ ტიპს და უხსნის მოსწავლეებს, თუ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან:

  • მონარქია;
  • დემოკრატია;
  • დიქტატურა;
  • თეოკრატია;
  • ანარქია.

გაკვეთილი სრულდება იმით, რომ მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარი ქვეყნის მმართველობის ფორმას. საშინაო დავალება: მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიონ ამ თემასთან დაკავშირებით და მოამზადონ ტესტი (5-10 შეკითხვა), რათა მომავალ გაკვეთილზე თანაკლასელების ცოდნა შეამოწმონ.