რას უნდა ელოდეს ქვეყანა მოქალაქეებისაგან?

სწავლის მიზანი მოსწავლეები სწავლობენ მოქალაქეთა მოვალეობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები განიხილავენ მოქალაქეთა პასუხისმგებლობებს და იმ გზებს, რომლებიც მოქალაქეებს დაარწმუნებდა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობებს მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ.
საჭირო მასალა სადისკუსიო ბარათები (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 9.2), დიდი ზომის ქაღალდი, მარკერები 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფისათვის.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა პრეზენტაციები. მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა და მთელი კლასის დისკუსია.

ინფორმაცია

დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი უფლებები. განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს ამ უფლებათა კონკრეტიზაცია. ასევე, საჯარო დისკუსიის თემა უნდა იყოს ამ უფლებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობებიც. ზოგი ფიქრობს, რომ მოქალაქეს მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა აკისრია – კანონმორჩილება. სხვანი კი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს უნდა ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობათა უფრო ფართო სპექტრი.

გაკვეთილი

მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა 4-6 კაციან ჯგუფებად დაყოფით იწყებს. თითოეულ ჯგუფს ურიგდება სადისკუსიო ბარათები (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  9.2). ყოველ ბარათზე მოცემულია მოქალაქის ერთი პასუხისმგებლობა.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ბარათები სამ კატეგორიად გადაანაწილონ იმის მიხედვით, თუ ვის უნდა დაეკისროს ეს პასუხისმგებლობა:

  1. ყველა მოქალაქეს;
  2. ზოგ მოქალაქეს;
  3. არცერთ მოქალაქეს.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, საკუთარი გადაწყვეტილებები კლასის წინაშე წარმოადგინონ და ყველა მოსაზრება არგუმენტირებულად დაასაბუთონ.

მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობას აგრძელებენ. მათ ურიგდებათ დიდი ზომის ქაღალდები და მარკერები. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ მათი დავალებაა ,,მოქალაქის ქარტიის“ მონახაზის გაკეთება. მოსწავლეებმა დიდი ზომის ქაღალდი უნდა გაყონ ორ სვეტად. პირველ სვეტში უნდა ჩაწერონ ის, თუ რას ელის თითოეული მოქალაქე საკუთარი ქვეყნისაგან (სათაურით ,,უფლებები“). მეორე სვეტში უნდა ჩაწერონ მოქალაქეთა პასუხისმგებლობები (სათაურით ,,პასუხისმგებლობები“).

როცა ,,მოქალაქის ქარტიაზე“ მუშაობას დაასრულებენ, მოსწავლეები შედეგებს მთელი კლასის წინაშე წარმოადგენენ. დანარჩენი მოსწავლეები შეკითხვებს სვამენ.

ბოლოს, მასწავლებელი ეკითხება მთელ კლასს:

  • თქვენი აზრით, თქვენს ქვეყანაში მოქალაქეები ყოველთვის ასრულებენ საკუთარ პასუხისმგებლობებს? რატომ?
  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანები უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდონ საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობებს?
  • თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, რომ მოქალაქეებს უარი ეთქვათ ადამიანის გარკვეულ უფლებებზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ასრულებენ საკუთარ პასუხისმგებლობებს? რატომ?

საშიანაო დავალება: მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოკითხვა და დაადგინონ, თუ რა პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს მოქალაქეს. მათ საკუთარი კვლევის შედეგები შემდეგ გაკვეთილზე კლასის წინაშე უნდა წარმოადგინონ.