გაკვეთილი 2: წარსულის გადახედვა: რომელმა გადაწყვეტილებამ მომიყვანა აქამდე?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 1: ინდივიდუალობა » გაკვეთილი 2: წარსულის გადახედვა: რომელმა გადაწყვეტილებამ მომიყვანა აქამდე?რომელმა არჩევანმა იქონია ძირითადი გავლენა ჩემს ცხოვრებაზე?
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | ავტობიოგრაფიული პერსპექტივა. |
სწავლის მიზანი | ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს, ისევე, როგორც სხვების მიერ გაკეთებულს ძლიერი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე თუ რომელმა არჩევანმა იქონია ძლიერი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე. |
მასალა და რესურსები | მასალა მოსწავლეებისთვის 1.1. ფლიპჩარტები და სხვადასხვა ფერის მარკერები, ქაღალდის მოგრძო ფურცლები (A6) წებო ან წებოვანი ლენტი. |
მეთოდი | დამოუკიდებელი სამუშაო. პლენარული განხილვა. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე თუ რომელმა არჩევანმა იქონია ძლიერი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე. 15 წთ. |
2. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აღმოჩენებს. 10 წთ. | |
3. მოსწავლეები განიხილავენ და ფიქრობენ თავიანთ აღმოჩენებზე. 15 წთ. |
ინფორმაციაარჩევანი, გარკვეულწილად, აყალიბებს ჩვენს ინდივიდუალობას. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები თვალს გადაავლებენ თავიანთ განვლილ ცხოვრებას. შემდგომ გაკვეთილზე ცვლიან მხედველობის არეს და მომავალზე იწყებენ ფიქრს. მაგრამ არსი უცვლელი რჩება – როგორ ვქმნით ჩვენ ჩვენს საკუთარ ცხოვრებას და სხვების ცხოვრებასაც, ჩვენს მიერ არჩევანის გაკეთებით? მოცემულ გაკვეთილზე, მოსწავლეები პირველ რიგში საკუთარ ბიოგრაფიას აყალიბებენ ზემოთმოყვანილ კითხვაზე პასუხის გაცემით. შემდეგ პლენარულ სხდომაზე, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ დასკვნებს და ადარებენ ერთმანეთს. |
გაკვეთილის აღწერა
მოსამზადებელი სამუშაო
გაკვეთილის დაწყებამდე, მასწავლებელს ფლიპჩარტზე ან დაფაზე გადააქვს დიაგრამა, რომელიც მოცემულია მასალა მოსწავლეებისთვის 1.1 –ში.
1. მოსწავლეები იკვლევენ მათ მიერ გაკეთებულმა რომელმა არჩევანმა იქონია გავლენა მათ ცხოვრებაზე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს, თუ რაში მდგომარეობს მათი ამოცანა
მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის ძირითად ამოცანას აცნობს. თვალსაჩინოებისთვის მათ ფლიპჩარტზე გამოსახული დიდი ზომის დიაგრამა აქვთ. მასწავლებელი მათ წინა გაკვეთილზე გავლილ მასალას ახსენებს. მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი, და მხოლოდ ამ არჩევანის საფუძველზე, ჩვენ წარმოდგენა შეგვექმნა თითოეული მათგანის ინდივიდუალობაზე. მოცემული გაკვეთილი იგივე თემას სხვა ჭრილში განიხილავს: რა გავლენა იქონია ჩვენი ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაზე და ჩვენს ცხოვრებაზე გაკეთებულმა არჩევანმა? და ვინ გააკეთა ეს არჩევანი? ჩვენ თავად თუ სხვა ადამიანებმა?
ფლიპჩარტზე გამოსახულ დიაგრამაზე იგივეა გამოსახული, რაც მოსწავლეებისთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებზე. ფურცლის ზედა ნახევარზე მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ იმ რამდენიმე არჩევანის შესახებ, რომელიც მათ თავად გააკეთეს, ფურცლის ქვედა ნახევარში – სხვების მიერ გაკეთებულ რამდენიმე არჩევანზე. დროის ხაზი, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს ფურცელს ასახავს პერიოდს მათი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აღნიშნონ როდის მოხდა ამა თუ იმ არჩევანის გაკეთება, რომელმაც მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე იმოქმედა.
მოსწავლეები ადგენენ თავიანთ ავტობიოგრაფიებს
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 1.1, რომელზეც მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ (10–15 წუთის განმავლობაში). ისინი თავიანთ გამოცდილებას განიხილავენ ავტობიოგრაფიის თვალსაზრისით. მოსწავლეები ექსპერტების როლში გამოდიან. თემა და ინფორმაცია, გამომდინარე მისი პირადული ხასიათიდან, ყოველი მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ უნდა გადაწყვიტონ რა გაუზიარონ სხვა მოსწავლეებს, გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე.
2. მოსწავლეთა გამოცდილებების შედარება
მოსწავლეები ეცნობიან ამოცანას
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შემდეგ დავალებას. მოსწავლეებმა ამ ეტაპზე ერთმანეთს უნდა გაუზიარონ თავიანთი აღმოჩენები. ყოველ მოსწავლეს ურიგდება A6 ფორმატის 2 ფურცელი და მარკერები (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე მოსწავლემ ერთი მასალით ისარგებლოს). ყოველ ფურცელზე მოსწავლემ უნდა დაწეროს მხოლოდ ერთი არჩევანი, რადგან შემდეგ ამ ინფორმაციის დაკავშირება ხდება სხვა მოსწავლეების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებთან.
მასწავლებელს დროის ხაზზე დააქვს წლები, დაწყებული ყველაზე უფროსი მოსწავლის დაბადების წლით, და დამთავრებული მიმდინარე წლით.
მოსწავლეები თავიანთი ავტობიოგრაფიებიდან არჩევენ ერთ ან ორ ინფორმაციას, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
- რომელმა არჩევანმა იქონია განსაკუთრებით ძლიერი გავლენა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე?
- რომელი ინფორმაცია მსურს გავუზიარო სხვა მოსწავლეებს?
მოსწავლეებმა უნდა მიუთითონ, თუ ვინ გააკეთა არჩევანი (მე, „დედაჩემმა“ „მეგობარმა“ …) და არჩევანის გაკეთების თარიღი, მაგრამ საკუთარი ვინაობის მითითება არ არის აუცილებელი.
მოსწავლეები ახორციელებენ მნიშვნელოვან არჩევანთა ზოგად კვლევას
მოსწავლეები ფურცელზე დაწერილ ინფორმაციას მერხებზე აწყობენ, ნაწერით ქვემოთ. ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი კრებს ამ ფურცლებს და მიაქვს ფლიპჩარტთან.
მოსწავლეები განლაგდებიან ფლიპჩარტის წინ ნახევარწრის ფორმით – საჭიროების შემთხვევაში, ორ რიგად. ჯგუფის ერთ–ერთი წევრი კლასს აცნობს შეგროვილ მასალას, კითხულობს რა ყველა ფურცელზე დატანილ ინფორმაციას. ჯგუფის მეორე წევრი განსაზღვრავს ფლიპჩარტზე ფურცლის ადგილს. ერთი და იგივე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ფლიპჩარტზე მაგრდება ერთი; ხდება განმეორებადი ინფორმაციების დათვლა და მონაცემის ჩაწერა, ხოლო ფლიპჩარტზე მიმაგრებული ტექსტი ჯდება ჩარჩოში, რაც მიუთითებს, რომ ეს არჩევანი იყო ხშირი და ამის გამო მნიშვნელოვანი. ჯგუფი თანამშრომლობს მთელ კლასთან და ისინი ერთად ქმნიან და განიხილავენ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე შექმნილ ერთიან დიაგრამას.
3. მოსწავლეები მსჯელობენ და ფიქრობენ საკუთარ აღმოჩენებზე
მოსწავლეები ეძებენ განმეორებადი ინფორმაციის ნიმუშებს და მნიშვნელოვან ელემენტებს
მასალა ყველასთვის ახალია და აქედან გამომდინარე რთულია შინაარსის წინასწარ განსაზღვრა. ძალიან ხშირად მოსწავლეებს არ სჭირდებათ მითითება, ისინი საკუთარი კომენტარების გაკეთებას დაუყოვნებლივ იწყებენ.
საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, რომელია ყველაზე შთამბეჭდავი ინფორმაცია და დეტალი.
შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიმუში:
სიყმაწვილე – მეტი დამოუკიდებლობა: ადრეულ ბავშვობაში არჩევანს, რომელიც ჩვენს პიროვნებას ეხება, აკეთებენ სხვები (მშობლები, ოჯახი, მასწავლებლები, ექიმები). როდესაც მოზრდილ ასაკში შევაბიჯებთ, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ მეტ არჩევანს. აქედან გამომდინარე, ფლიპჩარტზე ამ მონაკვეთში ყველაზე მეტი ინფორმაციის კონცენტრაციაა მოსალოდნელი – რომელიც ზევით მიმართული ისრის მაჩვენებლით მეტ ავტონომიასა და პირადულ პასუხისმგებლობებზე მიუთითებს, რაც მატულობს ასაკის მომატების პარალელურად. მოსწავლეს შეუძლია ისარი დაიტანოს დიაგრამაზე (იხ. ქვემოთ მოცემული დიაგრამა).
„მე ჩემს არსებობას ჩემს მშობლებს უნდა ვუმადლოდე“: ასე იწყება ყველა ჩვენგანის ბიოგრაფია და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას საერთო გვაქვს. იგი იმდენად ელემენტარულია, რამდენადაც თავისთავად იგულისხმება. ჩვენი ფესვები ჩვენი ოჯახებიდან მოდის.
მრავალფეროვნება და პლურალიზმი: შესაძლოა ვერ მოხერხდეს ნიმუშის მოძებნა. ეს პლურალიზმის ფენომენზე მიუთითებს – ჩვენ ერთმანეთისაგან განვსხვავდებით, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრების გზები, და ჩვენი არჩევანი განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალურ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ჩვენი ავტონომია – თავად გავაკეთოთ არჩევანი.