გაკვეთილი 4: რომელი სამსახური შემეფერება?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 1: ინდივიდუალობა » გაკვეთილი 4: რომელი სამსახური შემეფერება?რა კრიტერიუმებით ვირჩევ სამსახურს
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | გადაწყვეტილების კრიტერიუმთა იდენტიფიცირება, დაბალანსება და პრიორიტეტულის გამორჩევა. |
სწავლის მიზანი | ძირითადი კრიტერიუმი სამუშაოს არჩევისას არის: „რომელი სამუშაო შეესაბამება ჩემს ინტერესებს და უნარებს. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები თანხმდებიან ან უარს ამბობენ შემოთავაზებულ სამუშაოზე და ასახელებენ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს. |
მასალა და რესურსები | მასალა მოსწავლეებისთვის 1.3. მასალა მასწავლებლებისთვის 1.2 (გამოჭერით მოსწავლეების რაოდენობაზე დაახლოვებით 10–ით მეტი ფურცელზე გამოსახული მართკუთხედი სამუშაოს წარწერით) |
მეთოდი | დამოუკიდებელი სამუშაო მასწავლებლის მიერ დარიგებულ მასალაზე. პლენარული განხილვა. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები თანხმდებიან ან უარს ამბობენ შემოთავაზებულ სამუშაოზე. 20 წთ. |
2. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ სამუშაოს არჩევის თავიანთ კრიტერიუმებს. 20 წთ. |
ინფორმაცია1.3 გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეებმა განიხილეს სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მათ მომავალ ცხოვრებაზე – ესენია: არჩევანი სამუშაოს, პარტნიორის და ოჯახის (მშობლობის) შესახებ. მოცემულ გაკვეთილზე მოსწავლეები უფრო ძირფესვიანად იკვლევენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც უკავშირდება ამ არჩევანთაგან ერთ–ერთს – სამუშაოს არჩევას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორ კრიტერიუმს: რომელი სამუშაო მაინტერესებს? რა სამუშაოს შესრულება შემიძლია? ეს კითხვები რამდენადაც რელევანტურია, იმდენად რთულია მათზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით მეორე კითხვაზე. აუცილებელია ვფლობდეთ კონკრეტულ ინფორმაციას; სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით სამუშაოს შესწავლის შემოთავაზებული პროექტი მოსწავლეებს ამ სირთულის დაძლევაში დაეხმარება. |
გაკვეთილის აღწერა
1. მოსწავლეები თანხმდებიან ან უარს ამბობენ შემოთავაზებულ სამუშაოზე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, ამახვილებს რა მათ ყურადღებას ფლიპჩარტზე, რომელზეც გამოსახულია სამკუთხედის ფორმის დიაგრამა სამი ძირითადი არჩევანით. წინა გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს ის სირთულეები, რომელიც უკავშირდება სამი ძირითადი არჩევანის გაკეთებას, სამუშაოს, პარტნიორისა და შვილების შესახებ.
მოცემულ გაკვეთილზე, მოსწავლეები კონცენტრირებას ახდენენ ამ სამი არჩევანიდან ერთ-ერთზე – მათ მომავალ სამუშაოზე.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ დასაწყისისთვის მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ აქვთ შემოთავაზება სამუშაოს თაობაზე. მასწავლებელი მათ ამ შემოთავაზებას ბარათზე დაწერილს აწვდის. მათ შეუძლიათ დათანხმდნენ შემოთავაზებულ სამუშაოს ან უარი თქვან მასზე.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მეთოდს – შრომის ბაზრის მარტივი სიმულაცია
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 1.3 და სთხოვს მათ, შეავსონ პირველი ხაზი: აქვთ მათ უკვე შერჩეული მათთვის სასურველი სამუშაო? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსწავლეებს მოუწევთ მოიცადონ შემდეგ საფეხურზე გადასვლამდე.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს წესებს. როდესაც მოსწავლეები მიიღებენ ბარათზე დაწერილ შემოთავაზებას სამუშაოს თაობაზე, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას თუ უარი თქვან მასზე. თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზები მათ გადააქვთ მათთვის დარიგებულ ფურცლებზე.
ამის შემდეგ მათ შეუძლიათ დაიწყონ სხვა სამუშაოს ძიება. მოსწავლეებს შეუძლიათ გაცვალონ ბარათები, ან მათი ბარათი მასწავლებლის მაგიდაზე განლაგებული ბარათებიდან ერთ–ერთით შეცვალონ. ისინი ჩანაწერს აკეთებენ ყველა შემოთავაზებულ სამუშაოზე, დათანხმების ან არდათანხმების მიზეზების მითითებით.
თუ ისინი აღმოაჩენენ სამუშაოს რომლის შესრულებასაც ისურვებდნენ, ბარათს იტოვებენ. ბარათის დაბრუნებისა და მისი ახალი ბარათით შეცვლაზე უარის შემთხვევაში ისინი უმუშევრებად მოიაზრებიან.
შრომის ბაზრის სიმულაციის დაწყებამდე, მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ არსებულ წესებსა და მათ ფუნქციებზე.
მასწავლებელი ყველა მოსწავლეს ურიგებს ბარათს. ბევრი მათგანი, ბარათის მიღებისთანავე, სავარაუდოდ, პროტესტს გამოთქვამს და ეცდება რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს თავიდან შემოთავაზება ამა თუ იმ კონკრეტული სამუშაოს თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი ახსენებს მათ საკუთარ დავალებას, მათთვის დარიგებულ ფურცლებზე დაწერონ ის მიზეზები, რის გამოც უარს ამბობენ შემოთავაზებულ სამუშაოზე.
მოსწავლეები მონაწილეობენ შრომის ბაზრის სიმულაციაში – ვეძებთ სამუშაოს
მას შემდეგ რაც მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სამუშაოს შემოთავაზებით, მასწავლებელი მათ მითითებებს აღარ აძლევს, აკვირდება, თუ რამდენი მოსწავლე თანხმდება შემოთავაზებას სამუშაოს თაობაზე და ახსენებს მოსწავლეებს გააკეთონ მოკლე ჩანაწერები.
2. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ სამუშაოს არჩევის საკუთარ კრიტერიუმებს
მოსწავლეები განსაზღვრავენ ძირითად კრიტერიუმებს, რომლითაც მათ ისარგებლეს სამუშაოს არჩევისას
მოსწავლეები სხდებიან წრიულად ან ერთმანეთის პირისპირ, რათა მათ შორის შედგეს კომუნიკაცია.
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ხელის აწევით დაადასტურონ ვინ დათანხმდა შემოთავაზებულ სამუშაოს და ვინ არა.
შემდეგ საფეხურზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შექმნან ოთხიდან ექვს კაცამდე შემადგენლობის ჯგუფები და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი კრიტერიუმები. მათ ამოცანას წარმოადგენს შექმნან ჩამონათვალი იმ კრიტერიუმებისა, რომელსაც ჯგუფის ყველა წევრი იზიარებს.
ხუთი წუთის შემდეგ, თითოეული ჯგუფის სპიკერი გამოდის სიტყვით და აყალიბებს ჯგუფის მიერ მიღებულ კრიტერიუმებს, ხოლო ჯგუფის მეორე წევრს დაფაზე ან ფლიპჩარტზე გადააქვს ეს შედეგები. კრიტერიუმები, რომლებიც მეორდება ჯგუფიდან ჯგუფში აღინიშნება, რათა ხაზი გაესვას მათ მნიშვნელობას. შედეგები შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:
რომელი სამუშაოა ჩემთვის შესაფერისი? სამუშაოს არჩევის კრიტერიუმებიპირადი ინტერესი კვალიფიკაცია – სამუშაოს მოთხოვნები კარგი შემოსავალი სამუშაო საათები მოქნილი სამუშაო საათები გარანტირებული სამუშაო … |
მოსწავლეები განსაზღვრავენ სამუშაოს არჩევის ძირითად კრიტერიუმებს
თუ მოსწავლეთა ჯგუფების მიერ მოწოდებული სამუშაოს არჩევის ესა თუ ის კრიტერიუმი მეორდება, მოსწავლეები მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრიტერიუმები. ისინი საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ და ასახელებენ მიზეზებს.
მეორე მხრივ, მოსწავლეებს აქვთ იმის თავისუფლება, საკუთარი, განსხვავებული მოსაზრება გააჩნდეთ და, აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი იყოს აბსოლუტური ერთსულოვნება. მაგალითად, მაღალი შემოსავალი, შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყოს ერთი მოსწავლისთვის, მაშინ, როცა მეორე – უპირატესობას ანიჭებდეს კვირის ბოლოს თავისუფალ დროსა და მოქნილ სამუშაო საათებს. თუმცა, არსებობს ერთი საკითხი, რაშიც მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა გაათვითცნობიეროს.
არავის არ სურს აღმოჩნდეს უმუშევარი, აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ გარანტირებული სამუშაო ხშირად არის უპირველესი პრიორიტეტი. თუმცა, ბიზნესის მომავლის წინასწარ განჭვრეტა რთულია და მოსწავლეები ნებისმიერ სფეროში წააწყდებიან კონკურენციასა და კონკურენტულ გარემოს. მოსწავლეებს შერჩეული უნდა ჰქონდეთ სამუშაო, ან სულ მცირე სამუშაოს კატეგორია („სამართლის სფერო“ – „მედიცინა“) მაინც, როდესაც სკოლას ამთავრებენ, და სათანადო განათლებისა და წვრთნის მიღების შემდეგ ამ სამუშაოს ძებნას უნდა მიჰყონ ხელი. დანამდვილებით ვერავინ განსაზღვრავს, ოთხ ან ხუთ წელიწადში როგორი იქნება მათი სამუშაო პერსპექტივა.
აქედან გამომდინარე მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ორ კრიტერიუმზე:
- რა მაინტერესებს და რისი კეთება მომანიჭებს სიამოვნებას?
- რისი კეთება შემიძლია კარგად? რა წარმოადგენს ჩემს ძლიერ მხარეს? კონკურენციის პირობებში, რითი შემიძლია თავის წარმოჩენა?
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დროს ამ კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად და ელოდება მათგან პასუხს.
მოსწავლეები კრიტერიუმების გამოყენების პრობლემაზე მსჯელობენ
ფიქრობენ რა იმაზე, თუ ეს ორი ძირითადი კრიტერიუმი როგორ მოარგონ სამუშაოს არჩევის პროცესს, მოსწავლეები, სავარაუდოდ დარწმუნდებიან, თუ რა სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მოსწავლეებს უფრო უადვილდებათ ზემოთ მოცემული კითხვებიდან მეორეზე პასუხის გაცემა. თავიანთი მშობლების, მეგობრების და აგრეთვე მასწავლებლის დახმარებით, მათ შეუძლიათ გაარკვიონ საკუთარი კომპეტენციის პროფილი.
პირველი კითხვა უფრო მეტად პრობლემატურია, ვინაიდან, მოსწავლეებს სჭირდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოთხოვნებს უყენებს მათ და რა პერსპექტივებს უკავშირდება ესა თუ ის სამუშაო. ეს ის საკითხებია, რომლებიც სცდება სკოლის კომპეტენციის ფარგლებს და სადაც მასწავლებელი ექსპერტის ფუნქციას ვერ შეასრულებს, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებმა ინფორმაცია ამის თაობაზე თავად უნდა მოიპოვონ. ამგვარად მოსწავლეებს არჩევანის თავისუფლებისა და ინდივიდუალობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპის გავლა მოუწევთ.
ბევრ ქვეყანაში სკოლები მოსწავლეებს უზრუნველყოფენ პრაქტიკით, რომელიც სამუშაოს ადგილზე, სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით შესწავლას გულისხმობს. შემოთავაზებული დამატებითი სამუშაო მისაღები იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, და ბიზნესის სფეროში დასაქმებული პირებისთვის.
დამატებითი სამუშაო: სამუშაოს შესწავლა სპეციალისტის საქმიანობაზე დაკვირვებით
პრობლემები, რომელსაც მოსწავლეები აწყდებიან და რაში გამოგვადგება სპეციალისტის საქმიანობაზე დაკვირვებით სამუშაოს შესწავლის პროექტი
მოსწავლეებს კარგად ესმით ის, თუ მათი მომავალი ცხოვრებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შესაფერისი სამუშაოს არჩევა, შეიტყვეს, თუ რომელი კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი ამ არჩევანის გაკეთებისას, მაგრამ ისინი ასევე დარწმუნდნენ, რომ სანდო, უახლესი ინფორმაციის გარეშე, ვერ შეძლებენ გაარკვიონ, რომელი სამუშაოს მოთხოვნები შეესაბამება მათ მონაცემებს. სპეციალისტის საქმიანობაზე დაკვირვებით სამუშაოს შესწავლის პროექტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს ამ ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.
რაში მდგომარეობს მოსწავლეთა ამოცანა
მოსწავლეები სწავლობენ სამუშაოს, რომელიც მათი აზრით შეესაბამება მათ მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს. ისინი რამდენიმე სამუშაო დღეს ატარებენ სპეციალისტთან. აკვირდებიან მათ საქმიანობას, ეცნობიან, ვისთან უწევთ მათ თანამშრომლობა. კითხვარის დახმარებით (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 1.4) მოსწავლეები ინტერვიუს ართმევენ სპეციალისტს. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ისინი ასრულებენ მარტივ სამუშაოს, პირადი გამოცდილების მისაღებად (სტაჟიორის მსგავსად). სკოლის გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, ისინი სამუშაო საათებს ატარებენ სპეციალისტის გვერდით. მაგალითად, თუ ქირურგი ოპერაციას იწყებს დილის 6 საათზე, მოსწავლე, რომელმაც არჩევანი ქირურგის პროფესიაზე შეაჩერა, მის გვერდით უნდა იყოს საოპერაციოში (რათა დარწმუნდეს, რამდენად შეუძლია დაესწროს ოპერაციას).
მოსწავლეები კითხვარზე დაყრდნობით წერენ მოხსენებას. ეს მოხსენება მათ შეუძლიათ მასწავლებელს ჩააბარონ, შესაფასებლად, რაც ერთგვარად სტიმულს აძლევს მოსწავლეებს სათანადოდ შეასრულონ დავალება. მოსწავლეებმა ჩანაწერები თავიანთი მოხსენებისთვის ყოველდღიურად უნდა აწარმოონ და მოხსენება მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში დაწერონ, და არ გადადონ ეს ამოცანა კვირის ბოლოსთვის – ამგვარად ისინი სწავლობენ დროის ეფექტურად განაწილებას.
მოხსენებას უნდა ჰქონდეს სისტემატიური ანგარიშის ფორმა და არა დღიურის ჩანაწერებისა, რათა მოსწავლემ ყურადღება გაამახვილოს სამუშაოს არჩევის ძირითად კრიტერიუმებზე.
მოსწავლეებმა მათთვის სასურველი სამუშაოს სპეციალისტი თავად უნდა მოძებნონ, შესაძლოა მშობლების, ოჯახის წევრების და მათი მეგობრების დახმარებით. უმჯობესი იქნება, თუ ეს სპეციალისტი არ იქნება მათი მშობელი ან ნათესავი.
სკოლისა და მასწავლებლების მხარდაჭერა
მოსწავლე ასრულებს მნიშვნელოვან დავალებას და პასუხისმგებელია შედეგებზე. სკოლა აძლევს მას ამის შესაძლებლობას, ადგენს განრიგს და ჩარჩოებს, ზრუნავს პროექტის ლიცენზირებაზე და აგვარებს იურიდიულ საკითხებს (შესაბამისი სამინისტროს თანხმობა, დაზღვევა). პირველ ეტაპზე, სკოლა ასევე უკავშირდება მშობლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება უწევთ ამ პროექტში (იხ. ქვევით).
მოსწავლეს გადაეცემა ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს იმ სამუშაო ადგილზე, რომლის შესწავლასაც გეგმავს. პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლა მადლობის წერილებს უგზავნის ყველა დაწესებულებას, რომელმაც უმასპინძლა მის მოსწავლეებს.
შესაძლებლობის ფარგლებში, მასწავლებელს შეუძლია მოინახულოს მოსწავლე სამუშაო ადგილზე, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, ტელეფონით ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ მასწავლებელს.
პროექტის შემდგომი სამუშაო
რეკომენდებულია მოსწავლეთა მოხსენებების შემოწმება, რათა მოსწავლეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ სამუშაოს. მასწავლებელი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მიუდგეს მოსწავლეთა მოხსენებებს, რადგან ეს მოხსენებები მათ პირად დოკუმენტებს წარმოადგენს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პროექტის განმავლობაში და ინტერვიუს აღებისას იგი მოსწავლეების გვერდით არ იმყოფებოდა და ამ შემთხვევაში მოსწავლეები მეტად კომპეტენტურნი არიან ვიდრე მასწავლებელი. აქედან გამომდინარე მოხსენებათა შემოწმება უნდა ეყრდნობოდეს აზრის ნათლად ჩამოყალიბების, თანმიმდევრობის დაცვის, სრულყოფილად შესრულების შეფასებას. მოსწავლეთა თვალსაზრისით, მსგავსი ამოცანის შესრულებისას ისინი გაცილებით უფრო მეტს იღებენ ვიდრე ტესტირების დროს და მასწავლებელი უნდა შეეცადოს რაც შეიძლება მაღალი შეფასებები მისცეს მათ ნამუშევრებს.
მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების საშუალება. ეს გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებით არის გათვალისწინებული. ძალიან ეფექტურია სკოლის ფარგლებში, სპეციალურად ამ პროექტისთვის მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება, რაც საინტერესო და სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომლებსაც შემდგომ წელს მოუწევთ მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება. კარგი იქნება თუ ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ამ პროექტში სკოლის პარტნიორი დაწესებულებისა და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.
მშობელთა მხარდაჭერა
პირველ რიგში, მშობელს შეუძლია დახმარება გაუწიოს მოსწავლეს საკუთარი მონაცემებისა და ინტერესის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში. მშობლები თავიანთ შვილებს დაბადებიდან იცნობენ და აქედან გამომდინარე სკოლის მასწავლებლებზე უკეთ იცნობენ მათ მონაცემებს. მშობლები უმეტეს შემთხვევაში მომხრე არიან ამგვარი პროექტებისა, ვინაიდან მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ საკუთარ შვილებს სამუშაოს მოძებნაში. გასაგები მიზეზების გამო, მშობლები ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებას გარანტირებულ სამუშაოზე. არაპროგნოზირებადი ეკონომიკის პირობებში, მშობლები არ გამოდგებიან მრჩეველებად თავიანთი შვილების კარიერის დაგეგმვის საკითხში.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს სამუშაოს ადგილზე შესწავლისთვის სპეციალისტის მოძებნაში
როგორც წესი, მოსწავლეებს, ამ პროექტში მონაწილეობისას, ევალებათ მოძებნონ სპეციალისტი, რომელიც მათ სამუშაოს ადგილზე შესწავლაში დაეხმარება. მათ მშობლებს, რიგ შემთხვევაში ნათესავებსა ან მეგობრებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ მოსწავლეს და დააკავშირონ საჭირო სპეციალისტთან. რაც არ უნდა რთული აღმოჩნდეს სპეციალისტის მოძიების პროცესი, მოსწავლე პირველივე შემოთავაზებს არ უნდა დათანხმდეს. ისინი რეალურ სამუშაო ადგილს კი არა, სპეციალისტს ეძებენ, რომელიც მათ დაეხმარება გაერკვიონ სამუშაოს სპეციფიკაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა ისეთი სპეციალისტის მოძებნა, რომელიც გარკვეულ სამუშაოს ასრულებს, მაგალითად, ახალი ამბების წამყვანი ტელეჟურნალისტის, მაშინ შესაძლებელია მოიძებნოს ალტერნატივა იგივე სამუშაო კატეგორიაში, მაგალითად, ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი.
ადგილობრივი დაწესებულებების მხარდაჭერა
ნებისმიერი სპეციალისტისთვის, ერთი კვირის განმავლობაში პროექტში მონაწილე მოსწავლის მასპინძლობა გარკვეულ პასუხისმგებლობასა და მათი მხრიდან დიდ ძალისხმევას გულისხმობს. თუმცა, ბევრი დამქირავებელი დაინტერესებულია კვალიფიციური და კარგად ინფორმირებული კანდიდატების მოზიდვით და მათი თვალთახედვით, მსგავსი პროექტი მომავალი კადრების გამოცდისა და მათთვის სამუშაო ადგილის შეთავაზების შესაძლებლობაა.
მოსწავლეებს სჭირდებათ მენტორი ან ზედამხედველი. ეს ფუნქცია შეიძლება შეასრულოს იმ სპეციალისტმა, რომელთანაც მოსწავლე მუშაობს, ან სხვა კადრმა. მოსწავლეები ერთი კვირით თავისუფლდებიან სკოლის გაკვეთილებიდან, ასე რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას არ იღებენ. პროექტში მონაწილეობისას, ისინი რეგულარულ სამუშაოს არ ასრულებენ, მათ საკუთარი განრიგი აქვთ, რის შესახებაც მითითებულია კითხვარში (მასალა მოსწავლეებისთვის 1.4)
რა გავლენას ახდენს პროექტში მონაწილეობა მოსწავლეების მომავალზე
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პროექტში მონაწილეობა ბევრ მოსწავლეს ეხმარება უფრო სერიოზულად და ჩამოყალიბებულად მიუდგეს სკოლაში სწავლის ბოლო წლებს. ისინი მეტად ერკვევიან საკუთარ ინტერესებში, მეტ დაინტერესებას იჩენენ იმ გარკვეული საგნების მიმართ, რომელთა შესწავლაც მათ მომავალი კარიერის შექმნაში დაეხმარება. მოსწავლეებზე დიდი გავლენა აქვს იმას, თუ, მაგალითად, ვინმე –სკოლის ფარგლებს მიღმა – მათ მიუთითებს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მართლწერასა და კალიგრაფიას. და რაც ყველაზე მთავარია, თუ მოსწავლე აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია თავისუფლად გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობებს პროფესიულ სფეროში, ეს მათი თვითშეფასების ამაღლებასა და თვითრწმენის გამტკიცებს უწყობს ხელს.
მოსწავლეთა უმეტესობა სკოლაში ბრუნდება გადაწყვეტილებით, იმის თაობაზე, თუ რა იქნება მათი მომავალი სამუშაო, მათ შეუძლიათ დაგეგმონ რა მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას სკოლის დამთავრების შემდგომ. მეორე მხრივ, თუ პროექტში მონაწილეობისას ისინი გადაწყვეტენ, რომ სხვა სამუშაო უნდა ეძებონ, ესეც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მოსწავლეები ილუზიებისგან თავისუფლდებიან და რეალურად უყენებენ საკუთარ თავს საკითხს, თუ სად სურთ მოღვაწეობა და რომელი სამუშაო შეესაბამება მათ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს.
ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით:
დიდი ბრიტანეთი: www.prospects.ac.uk
ბადენ–ვურტემბერგი, გერმანია: www.schule-bw.de/schularten/gymnasium/bogy