გაკვეთილი 4: რა არის ჩვენი საერთო ღირებულებები?

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 2: პასუხისმგებლობა » გაკვეთილი 4: რა არის ჩვენი საერთო ღირებულებები?

პიროვნების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება მსჯელობა კრიტერიუმებსა და ღირებულებებზე.
სწავლის მიზანი

დემოკრატიული საზოგადოება ემყარება საერთო ღირებულებებს.

ადამიანის უფლებები გვაწვდის ღირებულებათა იმ ჩამონათვალს, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ.

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები არჩევენ დილემის მაგალითს, თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ აკეთებენ მოხსენებებს, ერთმანეთს ადარებენ და განიხილავენ საკუთარ პრიორიტეტებს.
მასალა და რესურსები

მასალა მასწავლებლებისთვის 2.2

წინა გაკვეთილზე მომზადებული ფლიპჩარტი, მარკერები.

მასალა მოსწავლეებისთვის 2.5; ან ფლიპჩარტზე დატანილი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

მეთოდი გეგმის ერთობლივი შემუშავება, პრეზენტაციები,  დისკუსია.
დროის ბიუჯეტი 1. გეგმის ერთობლივი შემუშავება. 10 წთ.
2. პრეზენტაციები და დისკუსია. 15 წთ.
3. განვლილი თავის განხილვა. 15 წთ.

ინფორმაცია

ძირითადი დავალების შესრულების დროს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წამოეჭრათ მრავალი საკითხი. შესაძლებელია, რომ ყველა წამოჭრილი საკითხის სრულყოფილი განხილვა ვერ მოესწროს ერთ გაკვეთილზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა შეირჩეს განსახილველი საკითხები. მოსწავლეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ საკითხების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ვინაიდან წამოჭრილი პრობლემები მათ ისევე ეხებათ, როგორც მასწავლებელს და ისინი ისევე არიან პასუხისმგებელი, როგორც მასწავლებელი. განსახილველი საკითხების შერჩევას, უმჯობესია, დიდი დრო არ დაეთმოს, რათა დრო საკმარისი დარჩეს შერჩეული საკითხების განხილვისთვის.

თუმცა თუ მოსწავლეებს არ სურთ მათ მიერ შესრულებული სამუშაოდან რაიმე საკითხის განხილვა, მათი ნება უნდა იქნეს გათვალისწინებული. თავიდან რომ  ავიცილოთ მოსწავლეების იმედგაცრუება, საჭიროა მათ კარგად ავუხსნათ, რომ რამდენიმე საკითხის ძირფესვიანად განხილვით ისინი გაცილებით მეტ ცოდნას მიიღებენ, ვიდრე ყველა მათ მიერ წამოჭრილი საკითხის მოკლე მიმოხილვით. მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან დილემა, ვინაიდან დრო, ისევე როგორც საზოგადოების ყურადღება, მწირი რესურსია – არა მარტო გაკვეთილზე, არამედ საზოგადოებრივ რეალობაშიც. ცენზურა და დღის წესრიგის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს ისევე, როგორც ძალაუფლებით სარგებლობის დემონსტრირება (ამ საკითხის სრულყოფილი განხილვა შეგიძლიათ იხილოთ მოცემული სახელმძღვანელოს მეცხრე თავში).

ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ელემენტებს. რაც უფრო სწრაფად გაართმევენ მოსწავლეები თავს განსახილველი საკითხების შერჩევის ამოცანას, მით უკეთესი, მაგრამ არც ერთმა მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს, რომ მისი არჩევანი დაკმაყოფილებული არ არის. მოსწავლეებმა უნდა გამონახონ ოქროს შუალედი მონაწილეობის ეფექტურობასა და სამართლიანობას შორის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა (კენჭისყრის დროს უმცირესობის პრობლემასთან დაკავშირებით იხ. თავი 8).

გაკვეთილის ბოლო ეტაპზე, ჩვენ გთავაზობთ, ყურადღება გაამახვილოთ ორიდან ერთ–ერთ იმ ძირითად საკითხზე, რომელსაც ყოველთვის გულისხმობს ღია საზოგადოებაში პასუხისმგებლობის აღება: კომპლექსურობისა და სტაბილურობის დილემები (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 2.3, ლექციის მოდული 2 და 3).

კომპლექსურობის დილემა უკავშირდება იმ გამოცდილებას, რომ პასუხისმგებლობის აღება რთული ამოცანაა და უფრო და უფრო რთულდება, რაც უფრო კომპლექსური ხდება ის სოციალური სისტემა, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები გააჟღერებენ ამ გამოცდილებას, მასწავლებელმა მათთან ერთად უნდა განიხილოს ეს საკითხი. მოსწავლეებს, შესაძლოა, დასჭირდეთ მასწავლებლის გამხნევება, რათა შეცდომის დაშვების რისკზე წავიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღებისგან.

სტაბილურობის დილემა, მეორე მხრივ, უკავშირდება იმ გამოცდილებას, რომ ჩვენ, უმეტესწილად, ჩვენს თავთან მარტო ვრჩებით, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, და ვერ უგულებელვყოფთ იმას, რომ ყველა ჩვენგანს საერთო ღირებულებები გვაქვს. რამდენად არის საჭირო მსჯელობა ამის თაობაზე და როგორ ვაწარმოოთ იგი? ადამიანის უფლებები გვთავაზობს ღირებულებათა მთელ სისტემას, რომლის პრინციპსაც ადამიანის ღირსების პატივისცემა წარმოადგენს და რომელიც მისაღებია ყველა ძირითადი რელიგიისთვის. აქედან გამომდინარე, მოცემული გაკვეთილი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით.

 

გაკვეთილის აღწერა

მზადება გაკვეთილისთვის

გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი საკლასო ოთახში გამოფენს მოსწავლეთა პრეზენტაციებისთვის განკუთვნილ ცხრილებს.

ეტაპი 1: გეგმის ერთობლივი შემუშავება

გაკვეთილის პირველ ეტაპს მასწავლებელი წარმართავს. იგი რიგრიგობით მიდის ოთხ ფლიპჩარტთან, რომლებზეც დილემის მაგალითთა სათაურებია დატანილი, მოსწავლეების ყურადღებას მიაპყრობს ორ შესაძლო არჩევანს და მოსწავლეები ხელის აწევით ადასტურებენ, რომელ არჩევანს აძლევენ ისინი უპირატესობას. მასწავლებელს კენჭისყრის შედეგები გადააქვს ფლიპჩარტზე.

მოსწავლეთა ჯგუფები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებიდან განიხილეს დილემური სიტუაციები, მოკლედ აცნობენ კლასს დილემის შინაარსსა და ჯგუფის მიერ არჩეულ დილემის გადაჭრის გზას და კლასის თვალსაჩინოებისთვის გამოფენენ საკუთარ ფლიპჩარტს.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ ექნებათ დრო იმისათვის, რომ დეტალურად განიხილონ საკუთარი არჩევანი თითოეული შემთხვევისთვის და ამიტომ მათ ხელის აწევით უნდა დაადასტურონ, რომელი შემთხვევის განხილვა სურთ. მოსწავლეთა მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, ამ პროცედურულ საკითხზე შემდგომი მსჯელობა არ იმართება.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს შორის აზრთა უთანხმოება წამოიჭრება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი შემთხვევა უნდა იყოს შერჩეული განსახილველად, მასწავლებელს შეუძლია მათ შესთავაზოს საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რომელი შემთხვევის განხილვა იქნება უმჯობესი. ამ შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ შემდეგი კრიტერიუმებით:

  • არჩევანს ვაჩერებთ იმ დილემაზე, რომელიც მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა;
  • არჩევანს ვაჩერებთ იმ დილემაზე, რომელზეც მოსწავლეებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს –მოსწავლეეებს გააჩნიათ საერთო ღირებულებები და პრინციპები.
  • არჩევანს ვაჩერებთ იმ დილემაზე, რომელიც მოსწავლეებისთვის დავის საგანს წარმოადგენს – შეუძლიათ მოსწავლეებს შეთანხმდნენ გარკვეულ ღირებულებებსა და პრინციპებზე?
  • არჩევანს ვაჩერებთ მოსწავლეების მიერ შემოთავაზებულ დილემაზე, რომელიც მათ საკუთარი გამოცდილებიდან აიღეს.

ის, თუ ზემოთ მოცემული კრიტერიუმიდან რომელით უნდა ისარგებლოს მასწავლებელმა, დამოკიდებულია ფლიპჩარტებზე დატანილ მასალაზე.

ეტაპი 2: პრეზენტაცია და დისკუსია

მოსწავლე, რომელსაც პრეზენტაციის გაკეთება ევალება, გამოდის კლასის წინაშე და აყალიბებს, თუ რა უდევს საფუძვლად მისი ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯგუფის მეორე წევრი ეხმარება მას და პრეზენტაციის შესახებ მოკლე ჩანაწერებს აკეთებს ფლიპჩარტზე.

მოსწავლეები, მასწავლებლის დახმარებით, ერთმანეთს ადარებენ მათ მიერ შერჩეულ კრიტერიუმებს და განიხილავენ საკუთარ არჩევანს. მასწავლებელი უძღვება დისკუსიას.

დისკუსიის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მოსწავლეები შეიძლება შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მოცემულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღების პრინციპებზე. ფლიპჩარტის შუა მესამედი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისკუსიის შედეგების შესახებ ჩანაწერების გასაკეთებლად.

ეტაპი 3: ანალიზი

მასწავლებელი ქვემოთ მოცემული საკითხებიდან ირჩევს ერთ-ერთს. მასწავლებლის არჩევანს განაპირობებს მოსწავლეების დისკუსიაზე დაკვირვება და მათ მიერ გაკვეთილის ძირითადი ამოცანის შესრულებისას წამოჭრილი საკითხები. ამ კონკრეტული არჩევანის განხილვა მოსწავლეებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასწავლებელს მოუწევს მოსწავლეებისთვის ახსნა–განმარტებების მიწოდება ვრცელი ლექციის სახით.

არჩევანი 1: კომპლექსურობის დილემა:
მოსწავლეები აანალიზებენ იმ სირთულეებს, რომელიც პასუხისმგებლობის აღებას უკავშირდება

პლენარული სესია იწყება მოსწავლეების მიერ იმის განხილვით, თუ დისკუსიის დროს რომელი ეტაპი იყო უმტკივნეულო და რომელი იყო დაკავშირებული სირთულეებთან.

სავარაუდოდ, მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობის აღება მსგავს სიტუაციებში არის რთული და დიდ დროს მოითხოვს. ხშირად შეუძლებელია იმ შედეგების გათვალისწინება, რაც ჩვენს არჩევანს მოყვება, გვიხდება „respice finem“ – „იფიქრე შედეგებზე“ პრინციპის უგულებელყოფა.

მასწავლებლის პასუხი არის ის, რომ მოსწავლეთა არგუმენტი აბსოლუტურად  გამართლებულია, მაგრამ როგორია ალტერნატივა? არ მივიღოთ გადაწყვეტილება და არ ავიღოთ პასუხისმგებლობა? მოვითხოვოთ სრულყოფილი ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება?

რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ მრავალჯერ აღმოვჩნდებით მცდარი გადაწყვეტილების გაკეთების რისკის წინაშე. მაგრამ მსგავს შემთხვევებთან გამკლავება გაცილებით ადვილდება, როცა ვიცით, თუ რა რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩვენი შეცდომა და რა გამოწვევებს გვთავაზობს თანამედროვე კომპლექსური საზოგადოება (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 2.3, ლექციის მოდული 2). სწორედ ამ თვალსაზრისით არის ფრიად მნიშვნელოვანი ამ თავში შემოთავაზებული სწავლება და ტრენინგი.

არჩევანი 2: სტაბილურობის დილემა:
მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ გამოცდილებებს ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით

მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმ ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე, რომლებზეც მოსწავლეები შეთანხმდნენ, ან ვერ შეთანხმდნენ გამართული დისკუსიის დროს და რომელმაც წამოჭრა შემდეგი კითხვა:

⇒ რა არის ჩვენი საერთო ღირებულებები?

სწორედ ეს წარმოადგენს გაკვეთილის თემას; მასწავლებელი ამ კითხვას წერს დაფაზე, სათაურის სახით ფლიპჩარტების ზემოთ; შესაძლოა ფურცელზე დატანილი ეს კითხვა გაიკრას კედელზე.

მოსწავლეები თვალს გადაავლებენ გამართულ დისკუსიას, იმის მიხედვით თუ რა არის დატანილი ფლიპჩარტებზე.

ამის შემდეგ ჩნდება შემდეგი კითხვები:

⇒ რომელ ღირებულებებზე ვერ მივაღწიეთ თანხმობას? არის ეს ღირებულებები ურთიერთგამომრიცხავი?

⇒ რომელ ღირებულებებზე უნდა იყოს მიღწეული თანხმობა?

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კითხვა: ჩვენ პასუხისმგებლობის აღების დროს ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. რითი შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მსგავს სიტუაციებში?

მოსწავლეებმა იციან, ან ხვდებიან, რომ არ არსებობს საყოველთაო რელიგია ან ეთიკის ფილოსოფია და ძალით თავსმოხვეულ ღირებულებებს არავინ არ მიიღებს. ერთადერთი წყარო, რომელიც ყველასთვის მისაღებ ღირებულებებს გვაწვდის არის ადამიანის უფლებები.

მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, მუხლი 1:

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი), მუხლი 1;

დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ მასალა მოსწავლეებისთვის 2.5.

მოსწავლეები მოცემულ მუხლს ეძებენ მათთვის დარიგებულ მასალაში (მასალა მოსწავლეებისთვის 2.5).

ეს მუხლი ძალიან ინფორმაციულია:

  • ჩვენ დაბადებიდან ვსარგებლობთ ადამიანის უფლებებით: ეს უფლებები ხელშეუვალია, არავის აქვს უფლება ჩამოგვართვას ეს უფლებები.
  • ჩვენ ვართ თავისუფალი.
  • ჩვენ ვართ თანასწორი.

მასწავლებელი, ამრიგად, მოსწავლეებს უჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს განმარტებული მსგავსი მუხლი – დინჯად, სიტყვა–სიტყვით. მოსწავლეები აგრძელებენ:

  • ჩვენ გაგვაჩნია ღირსება: ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ.
  • ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული უფლებები.
  • ჩვენ „მონიჭებული გვაქვს გონება“: ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლად ფიქრის უნარი.
  • ჩვენ „მონიჭებული გვაქვს სინდისი“: ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება.
  • ჩვენ „ერთმანეთის მიმართ უნდა ვიქცეოდეთ ძმობის სულისკვეთებით“: ჩვენ ერთმანეთზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ზრუნვას მათზე, ვინც სხვა ადამიანების დახმარებაზეა დამოკიდებული.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებს გააჩნია არა მარტო ვერტიკალური განზომილება – ურთიერთობა ქვეყნის მთავრობასა და ინდივიდუალურ მოქალაქეთა შორის – არამედ ჰორიზონტალური განზომილებაც – ურთიერთობა ინდივიდუალურ პირებს, როგორც საზოგადოების წევრებს შორის. ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს განუსაზღვრელი თავისუფლება მივცეთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც გვაწვდის იმ ძირითად ღირებულებათა ჩარჩოებს, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მისაღებია და რომელზეც ჩვენ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ.

არჩევანი დამატებითი სამუშაოსთვის

ამ შემაჯამებელ ეტაპზე რეკომენდებულია ორივე არჩევანის განხილვა. ამ თავის დამატებითი სამუშაოს სახით შესაძლებელია მეორე არჩევანის განხილვა.

პასუხისმგებლობის პერსპექტივა შეიძლება დავუკავშიროთ ამ სახელმძღვანელოში მოცემულ პრაქტიკულად ყველა თავს. იხილეთ ამ თავის დასაწყისში მოცემული, სახელმძღვანელოს სხვა თავებთან კავშირის შესახებ შედგენილი მატრიცა.