თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი

თანხმობა უთანხმოების საფუძველზე?

წინასიტყვაობა მასწავლებლებისთვის

1. კავშირი მრავალფეროვნებას, პლურალიზმსა და დემოკრატიას შორის

მრავალფეროვნება – მაგალითები

  • დაქირავებული მუშაკები და დამქირავებლები დაობენ ხელფასებისა და სამუშაო საათების გამო.
  • გარემოსდამცველები დაობენ სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ლობისტებთან ახალი გზის გაჭრის შესახებ არსებული გეგმის გამო.
  • მშობლებს სურთ მეტი მასწავლებელი ზრუნავდეს მათი შვილების განათლებაზე. გადასახადის გადამხდელთა ლობისტებს გადასახადების შემცირება სურთ.
  • ექიმებს და არამწეველებს უნდათ ბარებსა და რესტორნებში მოწევა სრულად აიკრძალოს. მიწათმფლობელები და თამბაქოს მწარმოებლები ნებისმიერ ადგილზე მოწევის ნებართვის მომხრე არიან.
  • ახალგაზრდებს ცარიელი შენობის ახალგაზრდულ ცენტრად გადაკეთება სურთ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო მათ ღამით ხმაურთან შეგუება მოუწევთ.

მრავალფეროვნების ცნება ასახვას ადამიანებს შორის განსხვავებებს – მათ ინტერესებს შორის განსხვავებებს, მაგრამ არა მხოლოდ: ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ცხოვრების სტილით, ეთნიკური წარმოშობით, რწმენითა და ღირებულებებით, სოციალური სტატუსით, სქესით, იმით, თუ რომელ თაობას ეკუთვნიან, დიალექტით და წარმოშობის ადგილით (მაგალითად, ქალაქიდან თუ სოფლიდან).  მრავალფეროვნება კიდევ უფრო იზრდება სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების პარალელურად.

წარმოადგენს მრავალფეროვნება პრობლემას?

პლურალიზმის შესახებ არსებული თეორიების მიხედვით, შეუძლებელია განისაზღვროს რა წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობას, სანამ ამ საკითხის თაობაზე საჯარო მსჯელობა არ გაიმართება. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენთვის ყველასთვის ხელსაყრელი. საყოველთაო კეთილდღეობა მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს. განვიხილოთ ზემოთ მოყვანილ მაგალითთაგან ორი.

  • დაქირავებული მუშაკები და მათი დამქირავებლები უნდა შეთანხმდნენ ხელფასებზე, რომელიც მუშაკებს ცხოვრების სათანადო სტანდარტებით უზრუნველყოფს, ხოლო დამქირავებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ხარჯები.
  • ახალგაზრდული ცენტრის შექმნის საკითხი შეიძლება შემდეგნაირად გადაიჭრას: აშენდეს ცენტრი, მაგრამ დაეკისროს წესების დაცვა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდეს უზრუნველყოფს. საუკეთესო გამოსავალია შეთანხმება დიალოგისა და მოლაპარაკების საფუძველზე, ხოლო შედეგი, უმეტეს შემთხვევაში არის დათმობაზე წასვლა.

პლურალიზმი, აქედან გამომდინარე, უკავშირდება საზოგადო კეთილდღეობის ცნებას. პირველ რიგში, ყველა მხარე გამოთქვამს თავის განსხვავებულ ინტერესს და შემდეგ ისინი ეძებენ გამოსავალს, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. არაფერია „ეგოისტური“ საკუთარი ინტერესის ნათლად გამოთქმაში. პირიქით, ეს პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ მისი ინტერესი სრულად იქნება დაკმაყოფილებული. კონსტრუქტივიზმის ცნება ხაზს უსვამს იმას, რომ პროცესი გულისხმობს სწავლის ელემენტს, რომელიც თან სდევს მცდელობასა და შეცდომის დაშვებას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რამდენად მართებულია მიღებული გადაწყვეტილება და შესაძლოა აუცილებელი გახდეს მისი შეცვლა ან გაუმჯობესება, რაც განხილვისა და მოლაპარაკების შედეგად უნდა განხორციელდეს.

როგორ უკავშირდება პლურალიზმი დემოკრატიას?

პლურალიზმი კონკურენციის ფორმას წარმოადგენს. მხარეები საკუთარი ინტერესების დაცვაში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას და მოლაპარაკების პროცესში ხდება როგორც ძალაუფლების, ასევე არგუმენტაციისა და განსჯის უნარის გამოყენება. მაგრამ ამ სახის კონკურენცია ასევე გარანტიაა იმისა, რომ ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს დომინანტის პოზიციას. მრავალფეროვნება და პლურალიზმი ქმნის პოლიარქიის სისტემას (ძალაუფლება არა მარტო ერთეულთა ხელში), რომელიც დემოკრატიულ კონსტიტუციაში კონტროლისა და გაწონასწორების პრინციპის სოციალური ექვივალენტია. პლურალიზმი სათავეს უდებს ლიბერალიზმს, ეკონომიკაში არსებული კონკურენციის გავრცელებით საზოგადოებრივ და პოლიტიკის სფეროებზე.

როგორ ხორციელდება პლურალიზმის საშუალებით ინტერესთა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება?

მრავალფეროვნება და პლურალიზმი ასპარეზს აძლევს ინტერესთა შორის უთანხმოებას და საკითხთა შესახებ აზრთა სხვადასხვაობის არსებობას განაპირობებს („უთანხმოების სფერო“). პრობლემის მოგვარება შესაძლებელია „თანხმობის სფეროს“ არსებობის პირობებში. პლურალიზმი მოქალაქეებისგან მოითხოვს შეთანხმებას გარკვეულ ძირითად ღირებულებებსა და წესების თაობაზე:

  • ურთიერთაღიარება: მოწინააღმდეგე მხარე აღიქმება როგორც ოპონენტი, მაგრამ არა როგორც მტერი.
  • ძალადობის დაუშვებლობა: მოლაპარაკებები წარმოებს მშვიდობიანი გზით, ვერბალურად და არა ფიზიკური ძალის გამოყენებით.
  • კომპრომისზე წასვლა: ყველა მხარე აცნობიერებს, რომ გადაწყვეტილება მიიღწევა მხოლოდ კომპრომისის საფუძველზე.
  • უმრავლესობის წესი: თუ საკითხის მოგვარება კენჭისყრას მოითხოვს, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა.
  • მცდელობა და შეცდომა: გარემოებების შეცვლის გამო, ან არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმართება ხელახალი მოლაპარაკებები.
  • სამართლიანობა: გადაწყვეტილება უნდა ესადაგებოდეს და არ არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

პლურალიზმის ცნების კრიტიკა

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პლურალისტულ საზოგადოებაში ძალაუფლება უმრავლესობის ხელშია, მაგრამ მრავალფეროვნების გამო მისი გადანაწილება არათანაბრად ხორციელდება. აქედან გამომდინარე ინტერესთა შორის კონკურენციის დროს ზოგიერთი მხარე სხვაზე მეტი უპირატესობით სარგებლობს.

ამგვარი მსჯელობა ხაზს უსვამს თავისუფლებასა და თანასწორობას შორის არსებულ კონფლიქტს – ეს კონფლიქტი, როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ადამიანის უფლებებისთვის არის დამახასიათებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოფხვრას არ ექვემდებარება. პლურალისტები ხაზს უსვამენ კონკურენტული დემოკრატიის ლიბერალურ აღქმას, კრიტიკოსები – დემოკრატიის ეგალიტარულ ხასიათს.

პლურალისტულ საზოგადოებაში, თავისუფლებასა და თანასწორობას შორის არსებული კონფლიქტი წარმოადგენს საზოგადო კეთილდღეობის საკითხის ბირთვს. თავისუფლება ნიშნავს კონკურენციას, კონკურენცია კი შობს წარმატებულებსა და წარუმატებლებს, და შესაბამისად უთანასწორობას. ამრიგად, საყოველთაო კეთილდღეობაზე შეთანხმების პროცესში, მონაწილე მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ სუსტი მხარის მოთხოვნილებები.

არსებობს პლურალიზმის ალტერნატივა?

პლურალიზმის უარყოფა „ავტორიტარიზმის ცდუნებას“ უხსნის გზას. საყოველთაო კეთილდღეობას განსაზღვრავს ხელისუფლება, და ნებისმიერი, ვინც ამ განსაზღვრებას არ ეთანხმება აღიქმება მტრად. ამის მაგალითია კომუნისტური პარტიები. ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ ერთპიროვნულ ლიდერობაზე, მეცნიერული ახსნა–განმარტებებით ცდილობდნენ რა განესაზღვრათ საყოველთაო კეთილდღეობა. უარყოფილი იყო როგორც ლიბერალური, ასევე ეგალიტარული დემოკრატია.

საბოლოო ჯამში, პლურალიზმის ალტერნატივას წარმოადგენს დიქტატურა. ამის შესახებ უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა იმ მართველობის ფორმას, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია“. პლურალისტული დემოკრატია გარკვეული რისკის შემცველია, მაგრამ მის წევრთა შორის განსხვავებების მშვიდობიანად მოგვარების თვალსაზრისით, მმართველობის საუკეთესო ფორმაა.

2. დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა – რას გვთავაზობს მოცემული თავი

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ისინი პლურალისტული დემოკრატიული საზოგადოების წევრები არიან:

  • მათ თავიანთი აზრები და ინტერესები ხმამაღლა უნდა გამოთქვან, თუ სურთ, რომ ისინი გათვალისწინებულ იქნეს; დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა ასევე ნიშნავს იმ კონკურენციაში ჩაბმას, რომელსაც პლურალიზმი გულისხმობს.
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობაზე მოლაპარაკების გზით შეთანხმებას.
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა, ყველა მხარისგან მოითხოვს ყველასთვის მისაღები ძირითადი ღირებულებების აღიარებას, ძალადობის დაუშვებლობას, დათმობაზე წასვლისთვის მზადყოფნას და უმრავლესობის წესს.

მოცემულ თავში გამოყენებულია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლის მიდგომა. მოსწავლეები მრავალფეროვნებას ეცნობიან საკლასო ოთახში მიღებული გამოცდილებით, ხოლო პლურალიზმს – საყოველთაო კეთილდღეობაზე შეთანხმების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობით.

გაკვეთილი 1: პირველი კითხვა, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები უნდა გაუზიარონ, არის ის, თუ რა საკითხს დააყენებდნენ ისინი დღის წესრიგის სათავეში, თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტები ან მთავრობის ლიდერები რომ ყოფილიყვნენ. მოსწავლეები დაინახავენ, თუ მოსაზრებათა როგორი მრავალფეროვნება იქნება გამოთქმული მათი მხრიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. კლასი წარმოადგენს მრავალფეროვანი საზოგადოების მოდელს.

გაკვეთილი 2 და 3: იწყება მოლაპარაკების პროცესი. მოსწავლეები, რომლებიც იზიარებენ ერთ გარკვეულ ხედვას ან ძირითად მიდგომას, ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს (ამ ინსცენირებაში სხვა ტიპის ჯგუფები არ დაიშვება); სხვებს აქვთ არჩევანის უფლება – განზე გადგნენ. მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებს და შემდეგ მართავენ მოლაპარაკებებს. შედეგი იქნება ან ის, რომ ისინი შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას და კომპრომისის მიღწევას, რომელსაც ყველა ან უმრავლესობა მაინც იზიარებს, ან ვერ შეძლებენ ყოველივე ზემოთ თქმულის განხორციელებას – სწორედ ისე, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. ისინი გამოცდილებით ისწავლიან, თუ რა უპირატესობა აქვს ორგანიზებულ ჯგუფს, როგორიცაა პარტია, ინდივიდუალურ პირებთან შედარებით, კონკურენტულ გარემოში, როდესაც ხდება დღის წესრიგის დადგენა და გადაწყვეტილების მიღება.

გაკვეთილი 4: მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას და მსჯელობენ მოცემულ თავში განვლილ მასალაზე.

მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის მიმართულების მიცემითა და მათი დახმარებით შემოიფარგლება. ოთხივე გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები სწავლობენ მოქმედებაში. რეკომენდებულია, მასწავლებლის მხრიდან ძირითად ცნებებზე რამდენიმე მოკლე ინსტრუქციის მიწოდება მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესს. მასწავლებელი ამ ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს მაშინ, როცა ისინი მზად არიან ამისთვის. მასალა მოსწავლეებისთვის და მასალა მასწავლებლებისთვის გვაწვდის საჭირო რესურსებსა და ინფორმაციას.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მესამე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მესამე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილების დასაგეგმად.

  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთი და იგივე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში.
  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – არჩევანის გაკეთება, პლურალიზმის აღქმა, თავისუფლების უფლების დაცვა, პასუხისმგებლობა აღება არჩევანზე, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი

საერთო ინტერესებისა და კონფლიქტის სფეროთა განსაზღვრა

პოლიტიკის ორი განზომილება: პრობლემების გადაჭრა და ბრძოლა ძალაუფლებისათვის

საჯარო გამოსვლა

საზოგადოებისადმი მოწოდებით მიმართვა

დროის მენეჯმენტი

პოლიტიკური პრიორიტეტებისა და მიზნების იდენტიფიცირება

მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება

თავდაჯერება, თვითშეფასება

კომპრომისზე წასვლისთვის მზადყოფნა

6 მთავრობა და პოლიტიკა

პოლიტიკა: პრობლემების გადაჭრის პროცესი

ძალაუფლების განზომილება დღის წესრიგის დადგენისას

4 კონფლიქტი მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება
5 წესები და კანონი შეთანხმება წესების სისტემაზე ურთიერთაღიარება

თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი – თანხმობა უთანხმოების საფუძველზე?

როგორ ვთანხმდებით საყოველთაო კეთილდღეობაზე?

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

მე რომ პრეზიდენტი ვიყო …

პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა, საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გარემოში მოქმედება, „მოუწესრიგებელ“, გამომწვევ სიტუაციებთან გამკლავება.

არჩევანის გაკეთება და კრიტერიუმების განსაზღვრა.

მატრიცას შექმნა კატეგორიების მიხედვით.

მოკლე განცხადების გაკეთება და მიზეზების დასაბუთება.

ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვა: ლიბერალური, სოციალ–დემოკრატიული, კონსერვატიული, მწვანეთა პოლიტიკური ხედვა.

მოსწავლეები განმარტავენ, წარმოადგენენ და ერთმანეთს ადარებენ საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

A3 ფორმატის ფურცლები (მინიშნება მოსწავლეებისთვის)

 

მასალა მასწავლებლებისთვის 3 ა.

მასალა მოსწავლეებისათვის 3.1.

თითო ფურცელი ყოველი მოსწავლისთვის, უმჯობესია მარკერით ყველასთვის სათითაოდ.

პოლიტიკურ განცხადებათა პრეზენტაცია და ანალიზი; დამოუკიდებელი სამუშაო;

პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 2

რომელი მიზნების განხორციელება გვსურს?

მოლაპარაკება, საკუთარი მიზნის წამოყენება ზომიერების დაცვით, სხვათა მიზნების გათვალისწინება.

პოლიტიკურ პარტია პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის საჭირო ძალაუფლებას ფლობს. პარტია ამას გაერთიანებისა და კომპრომისის საფუძველზე აღწევს.

მოსწავლეები მოლაპარაკების საფუძველზე შეიმუშავებენ პოლიტიკური პრიორიტეტების საერთო დღის წესრიგს.

მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი პარტიების პროფილს საჯარო თავშეყრაზე.

მასალა მოსწავლეებისთვის 3.1 – 3.4.

მასალა მასწავლებლებისთვის 3 ბ.

ჯგუფური სამუშაო, პლენარული პრეზენტაცია, ლექცია.

გაკვეთილი 3

რა არის საყოველთაო კეთილდღეობა?

მონაწილეობა: მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო უნარი.

საერთო მიზნების ანალიზი.

პოლიტიკას აქვს ორი განზომილება: პრობლემათა გადაჭრა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

კომპრომისი საჭიროა მხარდაჭერის მოსაპოვებლად და შეთანხმების მისაღწევად.

მოსწავლეები მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.

A 4 ფორმატის ფურცლები და მარკერები.

რომბისებური განლაგებით ჯგუფური ანალიზისთვის საჭირო სადემონსტრაციო ფურცლები.

თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე; ინდივიდუალური, ჯგუფური და პლენარული სხდომები.

გაკვეთილი 4

პლურალისტულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა

პიროვნების მოღვაწეობის შედეგთა განსაზღვრა.

მოკლე განცხადებების გაკეთება, რეაგირება.

პლურალიზმი სამართლიანი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს წარმოადგენს. „თანხმობა უთანხმოების საფუძველზე“.

ვახორციელებ საკუთარი ინტერესების წამოყენებას ვმონაწილეობ რა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მოსწავლეები იხსენებენ და განიხილავენ საკუთარ გამოცდილებას და აჯამებენ მოცემულ თავში შეძენილ ცოდნას. ფლიპჩარტი და მარკერები,  მასალა მოსწავლეებისთვის 2.5 (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია) და 2.6 (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).

„სიჩუმის კედელი“.

ინდივიდუალური სამუშაო, პრეზენტაცია და განხილვა.

ბლიც რაუნდი.