მოსწავლეები განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ პრიორიტეტებს

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მონაწილეობა: პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა, საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გარემოში მოქმედება, „მოუწესრიგებელ“, გამომწვევ სიტუაციებთან გამკლავება.

განხილვა: არჩევანის გაკეთება და კრიტერიუმების განსაზღვრა.

ანალიზი: მატრიცის შექმნა კატეგორიების მიხედვით.

მეთოდები და უნარები: მოკლე განცხადების გაკეთება და მიზეზების დასაბუთება.

სწავლის მიზანი მოსწავლეებს აქვთ უნარი განსაზღვრონ, თუ ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვიდან: ლიბერალური, სოციალ–დემოკრატიული, კონსერვატიული, მწვანეთა პოლიტიკური ხედვა, რომელს იზიარებენ.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები განმარტავენ, წარმოადგენენ და ერთმანეთს ადარებენ საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
მასალა და რესურსები

A 3 ფორმატის ფურცლები (მინიშნება მოსწავლეებისთვის)

მასალა მასწავლებლებისთვის 3 ა.

მასალა მოსწავლეებისათვის 3.1.

თითო ფურცელი ყოველი მოსწავლისთვის, უმჯობესია მარკერით ყველასთვის სათითაოდ.

მეთოდი

პოლიტიკურ განცხადებათა პრეზენტაცია და ანალიზი; დამოუკიდებელი სამუშაო;

პლენარული განხილვა.

დროის ბიუჯეტი 1. ეტაპი 1: მოსწავლეები განსაზღვრავენ პოლიტიკურ მიზნებს. 25 წთ.
ეტაპი 2: მოსწავლეები ახორციელებენ საკუთარი გადაწყვეტილებების ანალიზს. 15 წთ.

ინფორმაცია

პირველ გაკვეთილზე, მოსწავლეები კლასში მოქმედებენ როგორც მიკროსაზოგადოებაში. ისინი ქმნიან ინდივიდუალური თვალთახედვისა და პოლიტიკური პრიორიტეტების მრავალფეროვნებას. მოსწავლეები გამოცდილებით სწავლობენ, რომ მსგავსი სიტუაცია ნათელყოფას მოითხოვს. თუ თითოეული მათგანი წარმოიდგენს, რომ იგი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია და განსაზღვრავს საკუთარ პრიორიტეტებს, ნათელია, რომ უნდა გააკეთოს რამდენიმე არჩევანი.

მასწავლებელი წარმართავს შემდგომ პროცესს, ისევე როგორც მომდევნო გაკვეთილების განმავლობაში. თუ მოსწავლეები დასახულ მიზნებს სერიოზულად მოეკიდებიან, მაშინ ისინი ინტერესსა და ენთუზიაზმს გამოიჩენენ მოლაპარაკებების პროცესში, რათა მიღწეულ იქნეს მათთვის მისაღები გადაწყვეტილება.


გაკვეთილის აღწერა

ეტაპი 1: მოსწავლეები განსაზღვრავენ პოლიტიკურ მიზნებს

საფეხური 1.1: მზადება გაკვეთილისთვის

მოსწავლეები და მასწავლებელი სხდებიან წრეზე, წრის შუა სივრცე თავისუფალია. მერხები იდგმება კედლებთან; საკლასო ოთახის თითო კუთხეში თითო მერხია გამზადებული სამუშაოდ.

მოსწავლეებს ხელთ აქვთ ჩანაწერების გასაკეთებლად საჭირო ინვენტარი.

თითოეულ მოსწავლეს ურიგდება თითო ფურცელი, უმჯობესია მარკერთან ერთად.

მასწავლებელს გამზადებული აქვს A3 ფორმატის ფურცელი („მე რომ პრეზიდენტი ვიყო…“), იხილეთ ქვევით.

საფეხური 1.2: მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებებს8

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ისინი ახალი თავის შესწავლას უნდა შეუდგნენ. მოსწავლეები ახალ თემას შემდეგი დავალების შესრულების საშუალებით ეცნობიან:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სულ ახლახან გახდით ამ ქვეყნის პრეზიდენტი9.

მე რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო,

ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი იქნებოდა…

მასწავლებელი ამ წარწერიან ფურცელს წრის შუაგულში ათავსებს.

რა იქნებოდა თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი?

დაასრულეთ წინადადება. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი:

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მიზნის სწრაფად მისაღწევი კონკრეტული ზომა – ან გადადგათ პირველი ნაბიჯი სამომავლო მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

რომელი საკითხი ან პრობლემა გაღელვებთ ყველაზე მეტად? ადამიანთა რომელ ჯგუფზე შეგტკივათ გული?

მოსწავლეები ამ კითხვაზე ჩუმად ფიქრობენ და თავიანთ ფურცლებზე ინიშნავენ საკუთარ მოსაზრებებს. ისინი საკუთარ აზრებს ერთმანეთს ჯერ არ უზიარებენ, რადგან ამის გაკეთება მოუწევთ პლენარული სხდომის რაუნდზე.

სათითაოდ ყველა მოსწავლე განცხადებას აკეთებს მხოლოდ ერთ საკუთარ მოსაზრებაზე. თუ მათ სხვა მოსაზრებებიც აქვთ, შეუძლიათ ჩაინიშნონ საკუთარ ფურცლებზე.

საფეხური 1.3: მოსწავლეები განცხადებას აკეთებენ საკუთარ მოსაზრებებზე

მოსწავლეები სათითაოდ, რიგრიგობით აკეთებენ განცხადებას საკუთარ მოსაზრებებზე. ისინი ასრულებენ წინადადებას „ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი იქნებოდა…“ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს მიზეზების დასახელებით. ისინი თავიანთ ფურცლებს წრის შუაგულში ათავსებენ.

სავარაუდოდ, მოსწავლეებს ექნებათ ერთმანეთის მსგავსი მოსაზრებებიც. მასწავლებელი მათ ამ მსგავსი მოსაზრებების დაჯგუფებას სთავაზობს. მოსწავლეთა ფურცლების დახარისხება ამ პრინციპით ხორციელდება და ერთმანეთის მსგავსი ტიპის მოსაზრებების დასათაურება ხდება, მაგალითად „სიღარიბის დაძლევა“ ან „განათლების რეფორმა“.

მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, რათა ყველამ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. არ ხდება არცერთი გადაწყვეტილების განხილვა, სანამ  ყველა მოსწავლე არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას.

შედეგი სავარაუდოდ იქნება რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი ტიპის მოსაზრებები და რამდენიმე ცალკეული, განყენებული ტიპის მოსაზრება.

ეტაპი 2: მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ მოსაზრებებს

საფეხური 2.1: მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარი არჩევანის მრავალფეროვნებას

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას, რომელიც მოსწავლეებისგან აზროვნებასა და მსჯელობას მოითხოვს:

  • აღწერეთ თქვენს მიერ შექმნილი „პოლიტიკური ასპარეზი“.

რამდენიმე მოსწავლემ ამ კითხვაზე უნდა უპასუხოს. ისინი უნდა შეეხონ შემდეგ საკითხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მათ:

  • რა არის ის ძირითადი იდეა, რომელიც აკავშირებს მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მსგავს მოსაზრებებს და რა მიზეზით აირჩიეს სხვა მოსწავლეებმა განსხვავებული პოზიცია?

მოსწავლეები აღწერენ მრავალფეროვან სტრუქტურას. ვინაიდან მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების არჩევანთან  აქვთ საქმე და არა აზრთა უბრალო გაცვლა–გამოცვლასთან, ისინი დარწმუნდებიან, რომ საჭიროა შეთანხმების მიღწევა – რიგი მოსაზრებების შერწყმა და რიგი მოსაზრებების გამორიცხვა. მოსაზრებათა სიუხვე შედეგია იმისა, რომ დისკუსიაში მონაწილეობს მრავალი მოქალაქე, რომლებიც სარგებლობენ თავისუფალი აზროვნების, მოსაზრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას?

საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი მითითებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელიც დაეხმარება მათ, გაერკვნენ ამ გადამწყვეტ ვითარებაში.

საფეხური 2.2: მასწავლებელი ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს ძირითადი პოლიტიკური თვალთახედვის შესახებ

საკლასო ოთახის ოთხივე კუთხე განკუთვნილია ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვისთვის. მასწავლებელს  მერხებზე გამზადებული აქვს სამუშაო ფურცლები  მოსწავლეებისთვის (რომელსაც დართული აქვს მასალა მასწავლებლებისთვის 3ა). მასწავლებელი რიგრიგობით აცნობს მოსწავლეებს თითოეულ პოზიციას და ერთ-ერთი მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს განცხადებებს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გამოიყენონ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი ძირითადი თვალთახედვა შეესაბამება მათ ცალკეულ თუ მსგავსი შინაარსის განცხადებებს და რომელი არა?
  • შესაძლებელია მათი განცხადებების გაიგივება რომელიმე თვალთახედვასთან, თუ მათი განცხადებები უფრო შუალედური ხასიათისაა, ან ხომ არ ურჩევნიათ, ჩამოაყალიბონ საკუთარი თვალთახედვა?

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 3.1, რომელშიც მოცემულია გეგმა. მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენს საკუთარი პოზიციის განსაზღვრა პოლიტიკურ ასპარეზზე. პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ინტერესების, ღირებულებებისა და პრიორიტეტების დაკავშირების თვალსაზრისით. ამიტომ, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პარტიების შექმნას, რომელთა მიზანიც იქნება იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბრძოლა, რომელიც მათ მოცემულ გაკვეთილზე წამოაყენეს. მასწავლებელი მოსწავლეებს ასევე აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისინი სარგებლობენ ადამიანის უფლებით, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში. მათი გადასაწყვეტია შეუერთდეს თუ გამოვიდეს პარტიიდან, შექმნას ახალი პარტია, არ გაწევრიანდნენ არც ერთ პარტიაში. გეგმაზე ნაჩვენებია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი – დაწყებული იმ პოლიტიკური მიზნებიდან, რომელიც ხალხის გონებაში იბადება, დამთავრებული საყოველთაო კეთილდღეობაზე დროებითი შეთანხმებით.

საფეხური 2.3: მოსწავლეები მართავენ პოლიტიკური პარტიების შიდა შეხვედრას

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები მართავენ პოლიტიკური პარტიების შიდა შეხვედრას. მასწავლებელი ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 3.2 და 3.3, რომელიც მათ შეხვედრის ჩატარებაში ეხმარება.

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს, არ გაწევრიანებულიყვნენ არც ერთ პარტიაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოცემულ ვითარებაში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, პარტიები წარმოადგენენ ძლიერ მხარეს და უპირატესობა მათ მხარესაა. თუ ისინი თავიანთ მიზნებს სერიოზულად აღიქვამენ, ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ იმით, რომ ეს მიზნები განხორციელდეს. ამისათვის ძალაუფლების ელემენტია საჭირო. პარტიებს გააჩნიათ უნარი, მოიპოვონ ასეთი ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ შემდეგ არჩევანთაგან ერთ-ერთი:

  • თუ გაგაჩნია დამატებითი მოსაზრებები, რომლის შესახებაც ჩანაწერები გაქვს გაკეთებული გაკვეთილის დასაწყისში, ეცადე, შეარჩიო პარტია, რომელსაც შეუერთდები ამ მოსაზრებების საფუძველზე.
  • გაესაუბრეთ ერთმანეთს, რათა დაადგინოთ, შეგიძლიათ თუ არა შექმნათ საკუთარი პარტია.
  • შეგიძლიათ დაელოდოთ პარტიების განცხადებებს და ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი, რომელ პარტიას შეუერთდეთ.

8. ეს მეთოდი არის სავარჯიშო 6.3–ის ვარიაცია, „მე რომ ჯადოქარი ვიყო“ დემოკრატიის სწავლება: სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ,  წიგნი VI: ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი 2008, გვ59.
9. მასწავლებელი იყენებს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალურ ტიტულს.