მასალა მასწავლებლებისთვის 3ბ: ლექცია: რა არის საყოველთაო კეთილდღეობა?

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი » მასალა მასწავლებლებისთვის 3ბ: ლექცია: რა არის საყოველთაო კეთილდღეობა?

წინამდებარე მონახაზში აღწერილია ანალიზის ძირითადი პრინციპები. მასწავლებელმა ლექცია უნდა მოარგოს მოსწავლეთა სწავლის პროცესის მოთხოვნებს და მოცემული თავის კონტექსტს.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ დანამდვილებით არავინ იცის, რა წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობას და, აქედან გამომდინარე, საჭიროა ერთობლივად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი საზოგადოებისთვის. დიქტატორულ საზოგადოებაში რეჟიმი განსაზღვრავს, რა არის საყოველთაო კეთილდღეობა – ეს არის ერთ–ერთი იმ განსხვავებათაგანი, რომელიც არსებობს დემოკრატიასა და დიქტატურას შორის.12

ყველას შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც მონაწილეობას საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში: პოლიტიკურ პარტიებს, დაინტერესებულ ჯგუფებს, მედიას, პოლიტიკოსებს და ინდივიდუალურ მოქალაქეებს. არსებითად, ამას გულისხმობს დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა – კამათი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რა არის უმჯობესი ქვეყნისთვის (ან მსოფლიოსთვის) და როგორ შეიძლება მიღწეულ იქნეს ეს მიზანი.

სახელმძღვანელოს მოცემული თავი გვთავაზობს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან გამარტივებულ მოდელს. პროცესი იწყება იმით, რომ თქვენ საზოგადოებას სთავაზობთ საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობას – როდესაც ქვეყნის ლიდერის როლში ფიქრობთ თქვენს პრიორიტეტებზე, თქვენ ფიქრობთ, რა არის საყოველთაო კეთილდღეობა. შემდეგ თქვენ პარტიების შექმნას იწყებთ.

 

შემდეგ გაკვეთილზე თქვენ ერთმანეთში აწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა გაარკვიოთ შეგიძლიათ თუ არა უმრავლესობაში აღმოჩნდეთ საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ დროებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. წარმოვიდგინოთ, რომ მიმდინარეობს ორი ძირითადი მიზნის განხილვა, მიზანი A და მიზანი B (მათი დაკავშირება შესაძლებელია პარტიების მიერ წამოყენებულ კონკრეტულ მიზნებთან).

წყვეტილი ხაზით გამოსახული სამი ისარი მიანიშნებს იმ საბოლოო არჩევანზე, რომელსაც პარტიები უჭერენ მხარს – ზოგი პრიორიტეტს ანიჭებს მიზან A–ს (AAB ვარიანტი) და ზოგი მიზან B–ს (ვარიანტიBBA). ეს კომპრომისის სხვადასხვაობაა. თითოეული პარტია მხარს უჭერს გარკვეულ დღის წესრიგს, რომელიც საზოგადოების განსაზღვრული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს და, ამავდროულად, მზად არის, გაითვალისწინოს მეორე მხარის ინტერესები.

პარტიები, აქედან გამომდინარე, ცდილობენ საკუთარი მიმართულებით მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე – პარტიები a1 და a2 მიისწრაფვიან მიზნისკენ AAB, ხოლო პარტიები b1 და b2 საწინააღმდეგო მიმართულებით, მიზნისკენ BBA.

რომელი არჩევანია საუკეთესო საყოველთაო კეთილდღეობის თვალსაზრისით: AAB თუ BBA? თუ საუკეთესო ვარიანტი იქნება შუალედური AB მიზანი? გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. პარტიები მიდიან მოლაპარაკებაზე და ცდილობენ გამონახონ კომპრომისი, რომელზეც ყველა მხარე თანახმა იქნება და, აქედან გამომდინარე, ექნებათ ერთმანეთის მხარდაჭერა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალაუფლების მოპოვება გულისხმობს კომპრომისს. გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება უმრავლესობის ხელშია. უმცირესობასა და ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებაზე, თუ ისინი ძლიერ არგუმენტებსა და სათანადო რესურსებს ფლობენ.

ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებები პერმანენტულად წარმოადგენს კრიტიკის საგანს. გადაწყვეტილება შეიძლება არც კი ემსახუროს საყოველთაო კეთილდღეობას. გარემოებები შეიძლება შეიცვალოს. სათანადო არგუმენტაციებისა და დასაბუთების მეშვეობით შესაძლებელია უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. დემოკრატიული საზოგადოება არის საზოგადოება, რომელიც მუდმივად სწავლის პროცესშია.

დამატებითი ინფორმაცია (ეს ნაწილი მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ ცალკე დამოუკიდებელი სახით)

სარგებლობენ რა აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით, ინდივიდუალური მოქალაქეები ქმნიან ქვეყნის კეთილდღეობის შესახებ ინდივიდუალურ მოსაზრებათა ძალიან მრავალფეროვან სპექტრს. მოქალაქეებს საკუთარი მიზნების განხორციელების სურვილი ამოძრავებთ, როდესაც ისინი უერთდებიან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა პარტიები, დაინტერესებული ჯგუფები და ა.შ. ეს არის ორგანიზებული პლურალიზმი (იხ. a1, a2, b1, b2 დიაგრამაზე).

პლურალიზმი შობს კონკურენციას ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის მოპოვებისთვის. გადაწყვეტილება მოითხოვს ზოგიერთი მიზნისა და ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას სხვა მიზნებსა და ინტერესებზე უარის თქმის ხარჯზე. კომპრომისი ზოგჯერ აუცილებელია, რათა მოიპოვო საჭირო უმრავლესობის მხარდაჭერა.

მოქალაქეები, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ პროცესებში, ხმამაღლა არ გამოთქვამენ საკუთარ ინტერესებსა და მოსაზრებებს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა ყველას ინტერესში შედის.

12. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 3.6.