გაკვეთილი 1 და 2: რაში სჭირდება საზოგადოებას წესები?

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 5: წესები და კანონი » გაკვეთილი 1 და 2: რაში სჭირდება საზოგადოებას წესები?

წესები წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებს

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მუშაობა პროექტზე (თანამშრომლობა, დროის რაციონალურად გამოყენება, სწავლა თვითკონტროლის საფუძველზე, შედეგებზე ორიენტირება, პრობლემების გადაჭრა).

ანალიტიკური აზროვნება: სამუშაოს დაგეგმვა. პოლიტიკური პრობლემის იდენტიფიცირება.

სწავლის მიზანი

წესები და კანონები ადამიანის ქცევის კონტროლის ეფექტური საშუალებები.

წესების სისტემის არარსებობის შემთხვევაში საზოგადოება განწირულია მის წევრებს შორის არაკონტროლირებადი კონფლიქტის შედეგად დაშლისთვის.

წესთა სისტემა  საზოგადოების ინსტიტუციურ ხერხემალს წარმოადგენს.

ძირითადი არჩევანი: იერარქია და ქსელი – წესების ორი სისტემა; საზოგადოებრივი და კერძო საკუთრება.

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ადგენენ წესების სისტემას თავიანთი საზოგადოებისთვის.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 5.1, 5.2, 5,4.

ფლიპჩარტები და მარკერები. თვალსაჩინოების დაფა ან მოსწავლეთათვის დასარიგებელი მასალა.

მეთოდი თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე, მუშაობა პროექტზე.
დროის ბიუჯეტი (გაკვეთილი 1) 1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ამოცანას. 20 წთ.
2. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს და მუშაობენ თავიანთ პროექტზე. 20 წთ.
დროის ბიუჯეტი (გაკვეთილი 2) 3. მოსწავლეები მუშაობენ თავიანთ პროექტზე. 40 წთ.

 

ინფორმაცია

თამაშის სიუჟეტი პრაქტიკული სწავლის პრინციპს ესადაგება: მოსწავლეების წინაშე დგას პრობლემა და მათ უნდა მიაკვლიონ გამოსავალს. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტადიაშია პროცესი და რა დროში უნდა განახორციელონ მათ დაკისრებული ამოცანის შესრულება, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ.

მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან საკუთარ როლს, როგორც მეთევზეთა საზოგადოების წევრები და მხოლოდ მე–4 გაკვეთილზე უწევთ ამ როლიდან გამოსვლა და მოვლენების ობიექტურად შეფასება. ამჯერად მოსწავლეები სხვა ამოცანის წინაშე დგანან. მათ აღარ უწევთ შეზღუდულ დროში მოქმედება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა თევზჭერის თამაშისას.

მათ ახალ ამოცანას წარმოადგენს წესების სისტემის შექმნა. ამგვარ ამოცანას პოლიტიკური განზომილება გააჩნია: თამაშის მონაწილეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინაიდან წესების სისტემის გარეშე, საზოგადოება განწირულია. მოსწავლეები პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ პოლიტიკაში. ტენდენციური გადაწყვეტილებების თავიდან ასარიდებლად, ყველა ჯგუფში უნდა შედიოდეს მეთევზეთა ყველა სოფლის თითო წარმომადგენელი, რათა გათვალისწინებულ იქნეს მათი განსხვავებული მოსაზრებები და გამოცდილება.

მასწავლებელი თამაშის მენეჯერის ფუნქციას ასრულებს. ჯგუფების მასალებზე პასუხისმგებელი პირები მიმართავენ მასწავლებელს, მათთვის საჭირო მასალის ასაღებად. მეორე გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი 5 წუთიან განცხადებას აკეთებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას, სადაც მოცემულია კონფერენციის ჩატარების წესები, რომელიც მე–4 გაკვეთილზე გაიმართება. კონფერენციის წინ პროცედურათა განმარტება, მე–4 გაკვეთილის უმტკივნეულოდ ჩატარებას განაპირობებს, და მოსწავლეებს საკმარისი დრო დარჩებათ საკუთარი გამოცდილების შესაჯამებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია პრაქტიკული სწავლის პროცესში. თუ მოსწავლეებს უჩნდებათ კითხვები ან მოსაზრებები, ამ წესების გასაუმჯობესებლად, მათ ამის შესახებ განცხადებები უნდა გააკეთონ მე–2 გაკვეთილზე და მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარონ ესა თუ ის საკითხი.

 

გაკვეთილი 1: აღწერა

1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ამოცანას

მოსწავლეები მოკლე დროში, ბრეინშტორმინგის მეთოდით, ჯგუფურად განიხილავენ თევზჭერის თამაშში მიღებულ საკუთარ გამოცდილებას

მასწავლებელი, გაკვეთილის დასაწყისშივე აიძულებს მოსწავლეებს, ჩაერთონ გაკვეთილის მსვლელობაში, სთხოვს რა მათ, გაიხსენონ თევზჭერის თამაშის დროს მიღებული გამოცდილება:

1. აღწერეთ პრობლემა, რომელსაც გადააწყდით თევზჭერის თამაშის დროს.

მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები შეეხებიან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იმისდა მიხედვით, თუ რა საკითხი იქნა განხილული და როგორ იქნა იგი აღქმული მოსწავლეების მიერ, ისინი ისაუბრებენ ამ მიზნების დარეგულირების სირთულეებზე და მათი ხანგრძლივი დროის მანძილზე განხორციელების ეფექტურობაზე. პასუხების მრავალფეროვნებაა მოსალოდნელი. მოსწავლეებმა შეიძლება ერთმანეთის მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთებაც მოისურვონ. ამ პროცესს მასწავლებელი თავმჯდომარეობს.

2. გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, პრობლემის გადაჭრის მცდელობისას თქვენს მიერ მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით.

კითხვა მრავლისმომცველია: თამაშში მონაწილეთა მიზნები, მათი ერთმანეთთან ურთიერთობის სტრატეგიები, მათი მზადყოფნა და უნარი ითანამშრომლონ ერთმანეთთან, პრობლემის არსში ჩაწვდომის ხარისხი, საბოლოო რეზულტატი – პრობლემის მოგვარება ან ვერმოგვარება. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი ცდილობს, დააკონკრეტოს ეს მრავლისმომცველი კითხვა.

მოსწავლეები, სავარაუდოდ, შეეხებიან წესების არარსებობის პრობლემას. იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს თამაშის დროს, შესაძლოა, მათ უკვე სცადეს ასეთი წესების შემუშავება.

მოსწავლეებმა ასევე შეიძლება შემოგვთავაზონ რამდენიმე მიდგომა: წესები მოითხოვს ხელისუფლებას, ან  მცირე მასშტაბიან საზოგადოებაში ეფექტურია შედარებით არაფორმალური წესების არსებობა. მათ შესაძლოა უკვე განიხილეს, ან დაფიქრდნენ მაინც, თევზის მარაგის, როგორც კერძო და საზოგადოებრივი საკუთრების საკითხზე. მასწავლებელი ჩაინიშნავს მოსწავლეების მიერ გამოთქმულ ამგვარ მოსაზრებებს, რომელთა დაკავშირება შესაძლებელი იქნება მასალა მოსწავლეებისთვის 5.2–თან.

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის ამოცანას.

გაკვეთილის დასაწყისში გამართული განხილვის დროს საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებიც გაკვეთილის ძირითადი ამოცანისთვის კონტექსტის შექმნას ემსახურებოდა. მასწავლებელი ხსნის, რომ მათევზეთა საზოგადოება ასეთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მათ არ ჰქონდათ წესების ნათლად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც განსაზღვრავდა მათ მოქმედებას და ქცევას და, სავარაუდოდ, მათ ურთიერთობას.

შესაძლოა მოსწავლეთა მიერ თევზჭერის თამაშში მიღებული გამოცდილების განზოგადება:

  • ადამიანთა საზოგადოება კონფლიქტის გარეშე არ არსებობს.
  • ადამიანთა ნებისმიერი საზოგადოება, მის წევრებს შორის ურთიერთობის გარეშე, განწირულია.
  • წესების ინსტიტუციური ჩარჩოს გარეშე ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეძლებს მშვიდობიანი გზით განახორციელოს მის წევრთა შორის ურთიერთობა და მოაგვაროს მათ შორის წამოჭრილი კონფლიქტი.
  • ამ წესების განხორციელება შესაძლებელია, თუ მათ კანონის ფორმას მივცემთ, თუმცა არსებობს მათი აღსრულების ალტერნატიული გზებიც.

მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ განიხილონ, რომელი წესები იქნება ყველაზე ეფექტური მეთევზეთა საზოგადოებისთვის. ისინი კვლავ უბრუნდებიან საკუთარ როლს, როგორც მეთევზეთა საზოგადოების წევრები, მაგრამ ამჟამად, მათი ამოცანა განსხვავებულია. ისინი კანონშემოქმედთა როლში გვევლინებიან. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს და აყალიბებენ წესებს, ჯგუფების მიერ შექმნილ წესებს ერთმანეთს ადარებენ და მსჯელობენ მათზე და, საბოლოოდ, ბოლო გაკვეთილზე გამართულ კონფერენციაზე ატარებენ კენჭისყრას, რათა მიიღონ წესების ის სისტემა, რომელიც მათი საერთო ხედვით, ყვალაზე ეფექტური იქნება მეთევზეთა საზოგადოებისთვის.

გადაწყვეტილების მიღების განრიგი

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.1.

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ეს თამაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდელი – იგი განსაკუთრებულია, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ძირითადი წესების შემუშავებას, და არა უკვე ჩამოყალიბებულ ჩარჩოებში წარმოებულ პროცესს.

თამაში გრძელდება მე–4 გაკვეთილამდე, მე–4 გაკვეთილზე, მოსწავლეები გამოდიან თამაშიდან და აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას. მასალა მოსწავლეებისთვის 5.1–ში აღწერილია განრიგი და მოცემულია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არის თამაშის მეთოდი გამოყენებული სწავლების მოცემულ ეტაპზე. თამაშის დროს, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სტრუქტურაა ეფექტური მოცემული საზოგადოებისთვის უფრო პრაქტიკის საკითხია, ვიდრე აკადემიური სწავლების. მოსწავლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.2, რომელიც მოსწავლეებს უქმნის წარმოდგენას საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ელემენტებზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები, გაკვეთილის დასაწყის ეტაპზე გამართული ბრეინშტორმინგის დროს, შეეხენ ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება მასალაში მოწოდებულ ინფორმაციას, მასწავლებელმა ამის თაობაზე კომენტარი უნდა გააკეთოს.

როგორც კი მოსწავლეები მზად იქნებიან ამისთვის, იწყებენ ჯგუფების შექმნას.

2. მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე (გაკვეთილი 1 და 2)

მოსწავლეები ადგენე ოთხ–ექვსკაციან ჯგუფებს. რიგრიგობით, თითოეულ მეთევზეთა ნავის ეკიპაჟის წარმომადგენელს საკუთარი სახელი და გვარი შეყავს დაფაზე ან ფლიპჩარტზე განთავსებულ სიაში. ყოველ ეკიპაჟს ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ჰყავდეს ყველა ჯგუფში. მასწავლებელი მათ უხსნის, რომ ეს მნიშვნელოვანია,რათა გათვალისწინებულ იქნეს თითოეული ეკიპაჟის განსხვავებული გამოცდილება და ხედვა. მასწავლებელი ჩაინიშნავს ჯგუფების წევრთა მონაცემებს.

ჯგუფის წევრები ინაწილებენ ფუნქციებს: 1–2 პრეზენტატორი, 1–2 საქმეთა მწარმოებელი, ჯგუფის მენეჯერი (თავმჯდომარე), მასალების მენეჯერი – დროის აღმრიცხველი, მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი. ჯგუფები განთავსდებიან მათთვის განკუთვნილ მაგიდებზე, რომლებიც ერთმანეთისგან, შეძლებისდაგვარად, მოშორებულია. მასლებზე პასუხისმგებელი პირი აგროვებს მასალას საკუთარი ჯგუფისთვის.

მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ პირველი გაკვეთილის დარჩენილი დროისა და მეორე გაკვეთილის სრული პერიოდის განმავლობაში.

ისინი თავად გეგმავენ საკუთარ სამუშაოსაც და ჯგუფის წევრებს შორის გადასანაწილებელ საშინო დავალებასაც.

გაკვეთილი 2: აღწერა

მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ არჩევანს

მეორე გაკვეთილის დასწყისში მასწავლებელი სთხოვს თითოეულ ჯგუფს თავიანთი არჩევანი გააცნოს დანარჩენ მოსწავლეებს – იერარქია თუ თანამშრომლობის ქსელი – თუ რაღაც შუალედური? კერძო თუ საზოგადოებრივი საკუთრების უფლება თევზის მარაგზე? თუ ორ ან მეტ ჯგუფს ერთნაირი არჩევანი აღმოაჩნდა, მასწავლებელი მათ სთავაზობს, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შედეგები გაკვეთილის განმავლობაში. აზრთა ასეთი გაცვლა–გამოცვლა მოსწავლეებს კონფერენციის გამართვისას გამოადგებათ, რადგან ეს მათ მისცემს შესაძლებლობას გაერთიანდნენ კონფერენციის მსვლელობისას.

ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლად არჩევენ მუშაობის გაგრძელებას, ამის საშუალება ეძლევათ.

წინასწარი შეთანხმება პროცედურულ წესებზე

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასრულებს მოკლე განცხადების გაკეთებას, მეორე გაკვეთილის დასაწყის ეტაპზე იგი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.4 და სთხოვს ჯგუფებს, გაეცნონ პროექტს და გადაწყვიტონ, მისაღებია თუ არა იგი მათი ჯგუფისთვის. გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს მოეთხოვებათ, კენჭი უყარონ პროექტს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება აზრთა სხვადასხვაობას, ამასთან დაკავშირებული საკითხები განხილულ უნდა იქნეს გაკვეთილის განმავლობაში.

ჯგუფები ემზადებიან პრეზენტაციისთვის

მასალაზე პასუხისმგებელი პირი გაკვეთილის განმავლობაში აგროვებს მასალას პრეზენტაციისთვის.

მასწავლებელი არ ერევა მათ საქმიანობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეატყო, რომ ჯგუფი დროში ვერ ეტევა. ერთადერთი, რასაც იგი ახსენებს მოსწავლეებს, არის ის, რომ მოსწავლეები თავად არიან პასუხისმგებელი მასზედ, რომ პრეზენტაციის მასალები მზად ჰქონდეთ მესამე გაკვეთილის დასაწყისისთვის, რაც შეიძლება გამოსწორდეს ჯგუფის წევრებს შორის საშინაო დავალების სახით სამუშაოს გადანაწილებით.

მასწავლებელი სთხოვს საქმის მწარმოებლებს, მოამზადონ საკუთარი ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის საბოლოო დოკუმენტი, წერილობითი ან ნაბეჭდი ფორმით – რომელსაც შესაძლოა ჯგუფის წევრებმა საკუთარი ხელმოწერები დაურთონ (იხ. პროცედურები, მასალა მოსწავლეებისთვის 5.4).