გაკვეთილი 2: პოლიტიკა – როგორ აგვარებს დემოკრატიული საზოგადოება მის წინაშე მდგარ პრობლემებს

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 6: მთავრობა და პოლიტიკა » გაკვეთილი 2: პოლიტიკა – როგორ აგვარებს დემოკრატიული საზოგადოება მის წინაშე მდგარ პრობლემებს

პოლიტიკური ციკლის მოდელი

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება ანალიზი: მუშაობა მოდელზე.
სწავლის მიზანი პოლიტიკა ემსახურება საზოგადოებაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები პოლიტიკური ციკლის მოდელს უსადაგებენ მათ მიერ შერჩეულ კონკრეტულ მაგალითს.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2.

ფლიპჩარტები და მარკერები.

გაზეთები.

მეთოდი ლექცია, ჯგუფური მუშაობა.
დროის ბიუჯეტი 1. ლექცია და მასთან დაკავშირებით დასმული კითხვების განხილვა. 15 წთ.
2. კვლევითი სამუშაოს შესასრულებლად ჯგუფების შექმნა. 10 წთ.
3. კვლევითი სამუშაო. 15 წთ.

1. ლექცია და თემატური კითხვები

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პოლიტიკური ციკლის მოდელს. მოსწავლეებისთვის უკვე ცნობილია პოლიტიკური ციკლის საწყისი ეტაპის შესახებ, ეს არის დღის წესრიგის დადგენა, და ისინი მზად არიან, გაეცნონ იმას, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა.

მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს მოკლე ლექციას, რომელიც გაკვეთილის კონტექსტზეა მორგებული (კონსტრუქტივისტულ სწავლაზე ინსტრუქციების დართვა). მიღებულ ინფორამციას მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევითი ამოცანის შესრულებისას. მასწავლებელი, გაკვეთილის დაწყებამდე, მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2. მასალაში მოცემული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ფლიპჩარტზე ან დაფაზე, რათა მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს, ლექციის დროს, გამოიყენოს აღნიშნული მასალა თვალსაჩინოებისთვის.

აბსტრაქტული მოდელის აღქმას ამარტივებს მისი დაკავშირება კონკრეტულ მაგალითთან. უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი ამ მაგალითის სახით მოსწავლეების მიერ წინა გაკვეთილზე წამოჭრილ რომელიმე საკითხს აირჩევს. მასწავლებელს შეუძლია მოიყვანოს სხვა, ან თუნდაც შეთხზული, წინასწარ მომზადებული მაგალითი. დემონსტრირებისთვის, ჩვენ გთავაზობთ საკითხს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ეხება (იხ. გაკვეთილი 1, მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით შედგენილი ცხრილი).

სანამ დეტალებზე გამახვილდება ყურადღება, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა ზოგად სურათზე. მოსწავლეები სწავლობენ მასალას მოსწავლეებისთვის 6.1. მასწავლებლის განმარტებები მოიცავს შემდეგს:

  • მოცემული დიაგრამა წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდელს. მასზე ნაჩვენებია ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპი. პროცესი იწყება მაღლიდან – დებატები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული „პრობლემად“. ეს არის დღის წესრიგის დადგენის თაობაზე გამართული დებატები, რომელიც წინა გაკვეთილზე განვიხილეთ. მას შემდეგ, რაც პრობლემა დღის წესრიგში დადგება, იწყება დებატები მისი მართებულად გადაჭრის გზების ძიების შესახებ.
  • ამ დებატების შედეგი არის გადაწყვეტილება – მაგალითად, კანონი ან სხვა ზომა.
  • შემდეგ ეტაპზე ხდება ამ გადაწყვეტილების დანერგვა – პრაქტიკაში გახორციელება. იგი შედის ძალაში. მაგალითად, კანონი შედის ძალაში, ან საფუძველი ეყრება ახალი საავადმყოფოს მშენებლობას.
  • ხალხს ებადება საკუთარი მოსაზრება. ეთანხმებიან ისინი ამ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც გამოსცადეს მისი შედეგი? მაგალითად, ემსახურება იგი მათ ინტერესებს?
  • ამას მოყვება ხალხის მხრიდან რეაქცია, რომელიც შესაძლოა იყოს მედიასაშუალებებით გაშუქებული კეთილგანწყობილი, ან კრიტიკული კომენტარები; პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები; ან საპროტესტო აქციები.
  • მსგავსი რეაქციები სათავეს უდებს ახალ დებატებს, რომლის დროსაც პრობლემები დგება პოლიტიკურ დღის წესრიგში. ზოგი ადამიანი  მიიჩნევს, რომ თავდაპირველი პრობლემა ისევ გადაუჭრელია, და შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებული. მიღებულ ზომებს, შეიძლება მოჰყოლოდა გვერდითი მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ პრობლემებს. პოლიტიკა ციკლის სახით ხორციელდება: ზოგიერთი საკითხი პერმანენტულ ყურადღებას საჭიროებს, ზოგიერთი გადაწყვეტილება – გაუმჯობესებას. ეს ციკლი მიგვანიშნებს, რომ პოლიტიკა, მიღებული ზომების გამოცდისა და  დაშვებული შესაძლო შეცდომების პრინციპების გათვალისწინებით, ზადმიწევნით პრაქტიკული საქმიანობაა.
  • მაგრამ არის შესაძლებლობა იმისა, რომ პროცესი დასრულდეს (პოლიტიკური ციკლის დასასრული). ამ შემთხვევაში სახეზეა, რომ მიღებული ზომები ეფექტური აღმოჩნდა და პრობლემა აღმოიფხვრა – ან პრობლემა აღარ არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში და, შესაბამისად, აღარ საჭიროებს პოლიტიკურ ძალისხმევას.

მოსწავლეებმა შეიძლება დასვან კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის აღქმაც მათ გაუჭირდათ. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი დაუყოვნებლივ და რომელ კითხვაზე მიიღებენ მოსწავლეები პასუხს მაგალითის განხილვისას.

ამის შემდეგ, მასწავლებელს, მოდელის თვალსაჩინოებისთვის, მოჰყავს მაგალითი. მაგალითში საკმაო რაოდენობით არის გამეორებები, რომელიც ხელს უწყობს საკითხის უკეთ აღქმას. კატეგორიები უკავშირდება ძირითად კითხვებსა და დეტალებს. მასალა მოსწავლეებისთვის 6.2 გამოიყენება ლექციის დროს.

მასწავლებელს მოჰყავს შეთხზული მაგალითი. მაგალითი აღებულია პირველი გაკვეთილიდან – ავტისაგზაო შემთხვევების შემცირება (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 6.1, რომელიც ეფუძნება მასალას მოსწავლეებისთვის 6.2).

მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში, სვამენ შემდგომ შეკითხვებს და, ამჯერად, მათზე პასუხს მასწავლებელი მოსწავლეებს ანდობს. ამგვარად მასწავლებელი რწმუნდება, რამდენად გაერკვნენ მოსწავლეები ლექციის არსში. მოსწავლეები შეიძლება დააბნიოს დისკუსიებისა და დებატების სიმრავლემ და იმ „დაჟინებულმა“ მიდგომამ, რითაც მონაწილე მხარე ცდილობს საკუთარი ინტერესების სხვებისთვის თავს მოხვევას. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია. საკუთარი ინტერესების საჯაროდ გამოტანით, უკვე ქმნი წინაპირობას იმისა, რომ ეს ინტერესები გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიძებნოს კომპრომისი.

2. ჯგუფების შექმნა კვლევითი ამოცანის შესასრულებლად

დისკუსიის გაგრძელება არ არის რეკომენდებული. ამისთვის მოსწავლეებს დრო ექნებათ ბოლო გაკვეთილზე. ამჯერად მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი საკითხი ან პრობლემა განიხილონ. მასალა, რომელიც მოსწავლეებმა ამ მიზნით შეაგროვეს, მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება – რომელი საკითხია აქტუალური? რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უახლოეს წარსულში?

მოსწავლეები ქმნიან ორ–სამ ან ოთხკაციან ჯგუფებს. მათ პრეზენტაციები უნდა მოამზადონ მეოთხე გაკვეთილისთვის. მოსწავლეებმა თავიანთი შედეგები უნდა გადაიტანონ მასალაში მოსწავლეებისთვის 6.2, რომლის ასლებიც დამზადდება კლასში დასარიგებლად.

მოსწავლეებს სჭირდებათ კრიტერიუმები, რომლებიც მათ საკითხის არჩევაში დაეხმარება:

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მოსწავლეები უხვად წააწყდებიან გაზეთებსა და ინტერნეტში. მეორე მხრივ, ვინაიდან ციკლი დასრულებული არ არის, მათ საშუალება ექნებათ ინფორმაცია მოიპოვონ პოლიტიკური ციკლის მხოლოდ დასაწყის ფაზებზე, მაგალითად, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებენ მოიპოვონ მასალები გადაწყვეტილების მიღებასა და მის განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, პრაგმატული მიდგომა იქნება, თუ ისინი ინფორმაციის ძიებას გასული კვირის გაზეთებში დაიწყებენ, რათა გაარკვიონ, რა იდგა პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მაშინ და როგორ გადაწყდა საკითხი.
  • პირადი ინტერესი: მოსწავლეები ირჩევენ საკითხს, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ყველაზე მწვავეა. მათ შეუძლიათ გამოიყენონ პირველ გაკვეთილზე შედგენილი „სიჩუმის კედელი“. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამგვარად შერჩეულ საკითხზე ინფორმაციის მოპოვება გაცილებით გაუძნელდებათ.

3. კვლევითი სამუშაო

მოსწავლეები მეორე გაკვეთილის დარჩენილ დროს და მესამე გაკვეთილს მთლიანად უთმობენ კვლევითი სამუშაოს შესრულებას. ისინი სამუშაოს დამოუკიდებლად გეგმავენ.