გაკვეთილი 5: შემაჯამებელი სხდომა (არასავალდებულო)

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 6: მთავრობა და პოლიტიკა » გაკვეთილი 5: შემაჯამებელი სხდომა (არასავალდებულო)

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

ინდივიდუალური სწავლის პროცესისა და კომპეტენციების გამომუშავების შეჯამება.

კონსტრუქციული რეაგირება.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წარმატებით განხორციელაბაში, მასწავლებლისა და მოსწავლეების

ერთობლივი პასუხისმგებლობის შეფასება.

სწავლის მიზანი  შეჯამება წარმოადგენს სწავლებისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესების საშუალებას.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები აჯამებენ თავიანთ ნამუშევრებს (სწავლის შედეგი და სწავლის პროცესი).
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 6.3 (მოსწავლეთა რეაგირება).

ფლიპჩარტები, სხვადასხვა ფერის მარკერებით.

ფლიპჩარტზე დატანილი მასალა მოსწავლეებისთვის 6.3.

მეთოდი

ინდივიდუალური სამუშაო,

პლენალური პრეზენტაცია და განხილვა.

დროის ბიუჯეტი 1. პირადი მოსაზრებები. 7 წთ.
2. პლენარული პრეზენტაციები შეჯამების რეზულტატების შესახებ. 10 წთ.
3. შემდგომი განხილვა. 20 წთ.

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის

მოცემული სახელმძღვანელოს წინამდებარე თავი შერჩეულია, როგორ ერთ-ერთი იმ ორ თავთაგან[1], რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სახელმძღვანელოს თავის შემაჯამებელი ეტაპი გამოყენებულ იქნეს ამ თავის შეფასების მიზნით. ეს შემაჯამებელი გაკვეთილი არასავალდებულოა, მაგრამ რეკომენდებული.

მოსწავლეები აჯამებენ პროექტში მონაწილეობისას მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს – ამჯერად, ყურადღებას ამახვილებენ რა სწავლებისა და სწავლის პროცესზე. რა სირთულეებს წააწყდნენ და რას გაართვეს თავი წარმატებით? რა კომპეტენციებს ფლობენ და რომელის დაუფლებას ისურვებდნენ?

შემაჯამებელი ეტაპი მნიშვნელოვანია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შედეგების შესაფასებლად, რადგან ხდება მოსწავლეების მოსაზრებების ერთმანეთთან და მასწავლებლის მოსაზრებასთან შედარება. შეჯამებას საკმაო დრო სჭირდება, მაგრამ ეს სასარგებლო ინვესტიციაა, ვინაიდან მიღებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელი ხდება სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და გაკვეთილის უფრო ეფექტურად დაგეგმვა. შემაჯამებელი გაკვეთილი შედგება ინფორმაციის მიწოდების ეტაპისა (საფეხური 1 და 2) და შემდგომი განხილვისაგან (საფეხური 3).

გაკვეთილის აღწერა

წინამდებარე პროცედურას გთავაზობთ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არა აქვთ შემაჯამებელ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება. პროცედურებს მათთვის, ვისაც ეს გამოცდილება უკვე აქვთ, შემოგთავაზებთ ქვემოთ.

1. პირადი მოსაზრებები

ფლიპჩარტი განთავსებულია კედელზე ან დაფაზე, ისე, რომ არც ერთი მოსწავლის მხედველობის არე არ არის შეზღუდული. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს: მოსწავლეებს არ მოუწევთ ახალი თემის განხილვა, მათ უნდა განიხილონ შედეგები და იმსჯელონ სწავლის პროცესზე. მოსწავლეებმა მათთვის დარიგებულ მასალაში მოცემულ კითხვებს გულწრფელად და სამართლიანად უნდა უპასუხონ. არ არის აუცილებელი, დააფიქსირონ საკუთარი სახელები და გვარები.

ამის შემდგომ გამართული განხილვისას, მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განიხილავს, თუ რა საჭიროებს გაუმჯობესებას სწავლის შედეგების თვალსაზრისით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში; გაკვეთილების დაგეგმვისას შენარჩუნებული იქნება ის, რაც ეფექტური იყო და შეცვლილი იქნება ის, რაც ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

თითოეულ მოსწავლეს ურიგდება მასალა მოსწავლეებისთვის 6.3. მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ მათ ერთმანეთის ფურცლებში ჩახედვისგან თავი უნდა შეიკავონ – ეს არ არის ტესტი და იქ მოცემულ კითხვებზე არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები.

მოსწავლეებისათვის დარიგებული კითხვარის პირველი ნაწილი შედგება რვა კითხვისგან, რომელიც მოიცავს სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა ასპექტს – პოლიტიკური ციკლის მოდელი, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, თანამშრომლობა და სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან ურთიერთობა. მოსწავლეები ამ კითხვებს სამიზნე დაფაზე წერტილის დასმით პასუხობენ – წერტილი სამიზნე დაფის ცენტრში (5) ნიშნავს „სრულიად ვეთანხმები“, ხოლო წერტილი სამიზნე დაფის გარე წრეზე (1) – „სრულიად არ ვეთანხმები“.

კითხვარის მეორე ნაწილში მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ განვლილი თავიდან რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი – და შესაბამისად, რისი დამახსოვრება ღირს? და რა იყო არასაინტერესო და უსარგებლო – რაც მათ მალე დაავიწყდებათ?

2. პლენარული პრეზენტაციები  შეჯამების შედეგების შესახებ

მოსწავლეები მუშაობენ ჩუმად. ორი მოსწავლე აგროვებს ნამუშევრებს და მიაქვს ისინი ფლიპჩარტთან. ერთი მოსწავლე ხმამაღლა ასახელებს მოსწავლეების მიერ სამიზნე დაფებზე გაკეთებული აღნიშვნების ადგილს, კითხვების შესაბამისად. მეორე მოსწავლეს მონაცემები გადააქვს ფლიპჩარტზე დატანილ, მოსწავლეთა კითხვარში მოცემული სამიზნე დაფის ანალოგიურ დაფაზე.  მოსწავლეს შეუძლია გამოითვალოს მოსწავლეთა პასუხების ზუსტი მონაცემი. ამისათვის საჭიროა თითოეულ გრაფაში დაგროვილი აღნიშვნები გაიყოს მოსწავლეთა სრულ რაოდენობაზე.

კლასი ეცნობა კითხვარის მეორე ნაწილში მოსწავლეების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს და მონაცემების შეტანა ხდება სამიზნე დაფის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ ფლიპჩარტებზე, რომელთაგანაც თითოეულს წამძღვარებული აქვს შესაბამისი ორი კითხვა: რა იყო ყველაზე საინტერესო? და რა იყო ყველაზე უსარგებლო?

პროცედურის ალტერნატიული ვარიანტი

ზემოთ მოცემული პროცედურა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ამოცანას უადვილებს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არა აქვთ შემაჯამებელ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება. ქვემოთ მოცემული მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, თუ:

  • მოსწავლეებს აქვთ შემაჯამებელ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება;
  • (რაც უფრო მნიშვნელოვანია) მათ იციან, რომ მასწავლებელი არ დასჯის მათ, რაც უნდა მკაცრი და მწვავე იყოს მათ მიერ გაკეთებული კრიტიკული შენიშვნები, მაგ. არ დაუწერს მათ არადამაკმაყოფილებელ ნიშანს, არ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას;
  • (და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი) მოსწავლეებს შეუძლიათ ენდონ ერთმანეთს იმაში, რომ არ გააკრიტიკებენ ერთმანეთის განსხვავებულ მოსაზრებებს და სწავლის გამოცდილებას.

საფეხური 1: მოსწავლეები რიგრიგობით მიდიან ფლიპჩარტთან და აკეთებენ აღნიშვნებს შესაბამის გრაფაში, ფლიპჩარტზე დატანილ სამიზნე დაფაზე. ისინი არ ავსებენ კითხვარს, რომელიც მოცემულია მასალაში მოსწავლეებისათვის 6.3. სანაცვლოდ, მათ ურიგდებათ წითელი და მწვანე ფურცლები (ასევე გამოდგება სათანადოდ დასათაურებული თეთრი ფურცლებიც), სადაც ისინი წერენ თავიანთ მოსაზრებებს. შემდეგ ორი მოსწავლე აგროვებს ამ ფურცლებს და კითხულობს კლასის წინაშე. უმჯობესი იქნება, თუ მოსწავლეები რიგრიგობით, თავად კითხულობენ საკუთარ მოსაზრებებს და კომენტარსაც ურთავენ, სურვილის შემთხვევაში.

ფურცლებს, რომელზეც მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გადაიტანეს, ამაგრებენ ფლიპჩარტზე, ანალოგიური შინაარსის მოსაზრებები შეიძლება ერთად დაჯუფდეს და ისე მიამაგროთ ფლიპჩარტზე. შემდეგ საჭიროა მათი დახარისხება და დასათაურება.

შემაჯამებელი ეტაპის ძირითადი წესი: არავითარი კომენტარი და დისკუსია

ნებისმიერი მეთოდის არჩევის შემთხვევაში ძირითადი წესი უცვლელი რჩება: არც ერთი განცხადების შესახებ არ კეთდება კომენტარი. დისკუსიის დროზე ადრე დაწყება გაკვეთილის დროის განრიგს დაარღვევს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამით ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი იქნება უგულებელყოფილი. მასწავლებელი უძღვება გაკვეთილის ამ ეტაპს და აღკვეთავს მოსწავლეების მხრიდან ნებისმიერ მცდელობას, კომენტარი გააკეთონ რომელიმე მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, ან დასცინონ და მასხრად აიგდონ ისინი საკუთარი განსხვავებული მოსაზრების გამო.

3. შემდგომი განხილვა

რჩევა დისკუსიის დაგეგმვის შესახებ არ არსებობს, იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ შემაჯამებელ ეტაპზე იკვეთება, როგორ უნდა წარიმართოს დისკუსია. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მინიშნება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება დასკვნების გაკეთებაში.

სამიზნე დაფა:

  • რომელ გრაფაშია ყველაზე მეტი 5 (ვეთანხმები) და რომელში ყველაზე მეტი 1 (არ ვეთანხმები) დაგროვილი და რა არის ამის მიზეზი?
  • რომელ გრაფაშია პასუხების მრავალფეროვნება და რა არის ამის მიზეზი?

პირადი მოსაზრებები:

  • არის ანალოგიური პასუხების სიმრავლე?

განხილვისას შეიძლება წამოიჭრას შემდეგი საკითხები:

  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში რა არის მისაღები? გავაგრძელოთ იგივე მიდგომით სწავლა?
  • რაში მდომარეობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარვეზი? უნდა შევცვალოთ ეს მიდგომა, თუ გავაუმჯობესოთ იგი? როგორ?

(მასალაში მოსწავლეებისათვის 6.3, შეიძლება დამატებული იქნეს შემდეგი კითხვები).

  • რა შედის ჩემს პირად მოვალეობაში? რა წვლილის შეტანა შემიძლია მე ჩვენს საერთო წარმატებაში?
  • რისი სწავლა მსურს მე – როგორც ინდივიდუალურ მოსწავლეს – ამის შემდეგ? როგორი ამოცანა იწვევს ჩემს ინტერესს ან მეხმარება ცოდნის შეძენაში?

მოსწავლეები და მასწავლებელი, სასურველია ერთად, შემაჯამებელი ეტაპის რეზულტატების საფუძველზე, იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ დაგეგმონ შემდგომი გაკვეთილები. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც მოსწავლეები  – და სავარაუდოდ მასწავლებელიც – გააცნობიერებენ, არის ის, რომ მასწავლებელი და მოსწავლეები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და წარმატება მხოლოდ მათი ერთიანი ძალისხმევის შედეგი შეიძლება იყოს.

18. იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 5.6 (თავისთვის 4 და 5).