გაკვეთილი 4: ჩვენ ვაკონტროლებთ მედიას თუ მედია გვაკონტროლებს ჩვენ?

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 3: მონაწილეობა პოლიტიკაში: მონაწილეობა კომუნიკაციის საშუალებით » თავი 9: მედია » გაკვეთილი 4: ჩვენ ვაკონტროლებთ მედიას თუ მედია გვაკონტროლებს ჩვენ?

მედია – კომუნიკაციისა და ძალაუფლების ინსტრუმენტი

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება მოსწავლეების მიერ გაკეთებული არჩევანისა და მათი შედეგების შეჯამება.
სწავლის მიზანი მედია წარმოადგენს კომუნიკაციისა და კონტროლის მძლავრ ინსტრუმენტს.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ და აჯამებენ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მასალა და რესურსები

თვალსაჩინო ადგილზე გაკრული კედლის გაზეთები.

მასალა მასწავლებლებისთვის 9ა.

მეთოდი

მოხსენებები, პლენარული განხილვა.

ლექცია.

დროის ბიუჯეტი 1. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ ჯგუფების მიერ გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 15 წთ.
2. მოსწავლეები აჯამებენ ინფორმაციის შედგენისას მათ მიერ მიღებულ გამოცდილებას. 10 წთ.
3. ლექცია: დღის წესრიგის დადგენა, ცენზურა. 5 წთ.
4. განხილვა. 10 წთ.

 

ინფორმაცია

მოსწავლეები აჯამებენ პროექტში მონაწილეობისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებას. ისინი ერთმანეთის კედლის გაზეთს ინფორმაციის მისაღებად არ კითხულობენ, არამედ ყურადღებას ამახვილებენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თემისა თუ ფოტოების შერჩევისას იყო მიღებული – იკვლევენ მედიის, როგორც ცენზორისა და დღის წესრიგის დამდგენის როლს.

რეპორტიორები კლასს მოხსენების სახით აწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა პროექტის განმავლობაში მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება მათ გუნდში, ხოლო მოსწავლეები გონებაში აღიდგენენ საკუთარ გამოცდილებას.

მასწავლებელი კითხულობს მოკლე ლექციას და შემოაქვს შემდეგი ცნებები – მედია, როგორც ცენზორი და დღის წესრიგის დადგენაში მონაწილე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესის გამდიდრება სისტემატიური ინსტრუქციებით. მოსწავლეთა გამოცდილება ქმნის კონტექსტს, სადაც მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციები ახალ პერსპექტივებს სახავს და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თავიანთ გამოცდილებას აბსტრაქტული აზროვნების კუთხით შეხედონ.

ამ პროექტის გავრცობის და მასში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გამოყენების მრავალი საშუალება არსებობს, რაც შეიძლება განხილულ იქნეს გაკვეთილის ბოლოს.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამოცემულ კედლის გაზეთებს გაკვეთილის დაწყებამდე ეცნობიან.

ეტაპი 1: მოსწავლეები განმარტავენ მათ მიერ გაკეთებული არჩევანის მიზეზებს და ერთმანეთს ადარებენ ჯგუფების მიერ გაკეთებულ არჩევანს

თითოეული ჯგუფის მომხსენებელი, რიგრიგობით გამოდის კლასის წინაშე, მოსწავლეებს აცნობს მისი ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და უხსნის იმ მიზეზებს, რომლებიც საფუძვლედ დაედო მათ არჩევანს. ხელმძღვანელობენ რა მოხსენების გაკეთების შესახებ მითითებებით (მასალა მოსწავლეებისთვის 9.3) მომხსენებლები საკუთარ გამოსვლაში უნდა შეეხონ შემდეგ საკითხებს:

  • მოწინავე სტატიის არჩევა;
  • რა თემები იყო საწყის ეტაპზე განხილული და რამ განაპირობა ზოგიერთი თემის არჩევა და ზოგიერთის უარყოფა;
  • ფოტოების შერჩევის კრიტერიუმები;
  • სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პრეზენტაციებში ყურადღება გამახვილებულია უფრო ცენზურასა და დღის წესრიგის დადგენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე და ნაკლებად გაზეთების შინაარსზე. ეს მასწავლებელს აძლევს საჭირო მასალას ლექციისთვის, სადაც იგი მიმოიხილავს მოსწავლეების საერთო გამოცდილებას და ამავდროულად შემოაქვს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი ცნება. ამ გზით კონსტრუქტივისტული სწავლა ქმნის ფონს და კონტექსტს მოკლე ინსტრუქციების საშუალებით კონცეპტუალური ცოდნის მისაღებად.

ეტაპი 2: მოსწავლეები იხსენებენ ინფორმაციის ფორმირების პროცესს

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეადარონ თავიანთი ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები.

  • შეგვიძლია გამოვყოთ რომელიმე დომინანტი კრიტერიუმი, მაგალითად, როგორიცაა გასაშუქებლად  ვარგისიანობა?
  • რამდენად გავითვალისწინეთ კონკურენციის ასპექტები – მაგ. გამოვიყენეთ მიმზიდველი ელემენტები?

მომხსენებლების პრეზენტაციებმა და არჩევანთა შედარებამ შეიძლება წარმოშვას კრიტიკული დისკუსია, მაგალითად, მოსწავლეები პრობლემად აღიქვავენ იმას, რომ მედიას ესოდენ ძლიერი გავლენა აქვს იმაზე, თუ რომელი ინფორმაცია მივიღოთ და რომელი არა. მასწავლებელი უძღვება დისკუსიას. ვინაიდან მას დისკუსიის შემდეგ სიტყვით გამოსვლა მოუწევს, ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან მოსწავლეების განცხადებებზე რეაგირება.

ეტაპი 3: ლექცია

საფეხური 3.1 ძირითადი ლექცია

მასალა მასწავლებლებისთვის 9ა

როგორც ზევით ავღნიშნეთ (იხ. ეტაპი 1), მასწავლებელი ლექციის ელემენტებს უკავშირებს მოსწავლეების გამოცდილებას და ლექციას აგებს მოსწავლეების მიერ წამოჭრილ საკითხებზე დაყრდნობით. ეს მასწავლებლისგან  მოქნილობის გარკვეულ უნარს მოითხოვს, რათა მან შეძლოს შემდეგი ძირითადი განცხადებების მოსწავლეების მიერ შექმნილ კონტექსტზე მორგება:

  1. ნებისმიერი მედიაინფორმაცია არის შეთხზული, ფორმირებული. ინფორმაციის ფორმირების ერთ ძირითად ასპექტს წარმოადგენს ის, რომ უამრავი ინფორმაციიდან ხდება რამდენიმეს ამორჩევა და მათთვის სტატიის, მონათხრობის ფორმის მიცემა. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს  ინფორმაციის ფორმირების ეს ასპექტი, როდესაც თავიანთი გაზეთების რედაქტირებაზე მუშაობდნენ.
  2. ინფორმაციის შერჩევით, რედაქტორები და მედიის მესვეურები ასრულებენ ცენზორის ფუნქციას და დღის წესრიგის დადგენაში მონაწილეობენ. ისინი ძლიერ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ვიღებთ მონაწილეობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხოლო ის, მიიღებს თუ არა ეს გავლენა კონტროლის ფორმას, დამოკიდებულია იმაზე, ვასრულებთ თუ არა ჩვენ, მედიამომხმარებელი, ცენზორის ფუნქციას.

ეს ორი ასპექტი უშუალოდ უკავშირდება მოსწავლეთა მიერ ამ მცირემასშტაბიან პროექტში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებას. მასწავლებელს შეუძლია აქ დაასრულოს ლექცია, რადგან მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს დასაფიქრებლად საკმაო მასალას აწვდის, თუმცა მასწავლებელს შეუძლია განავრცოს ლექცია და ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესის საგანს წარმოადგენს ან მათ მიერ წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ლექციისთვის განკუთვნილი დრო უნდა გაიზარდოს.

საფეხური 3.2 ლექციის გავრცობა

ერთი მხრივ, როგორც კომერციული კომპანია, მედიის შიგნით მიმდინარეობს კონკურენცია ჩვენი ყურადღების დაპყრობაზე. მედიის მესვეურები ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთი აუდიტორიის ინტერესები დააკმაყოფილონ და მათი მოლოდინი გაამართლონ. მათი წარმატება და შესაბამისად ფინანსური სარგებელი დიდად არის დამოკიდებული მედიამომხმარებლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

რეალობისა და მსოფლიოს ჩვენი აღქმა დამოკიდებულია მედიაზე. მოცემულ გაკვეთილზე მოსწავლეთა ყურადღება კონცენტრირებული იყო კლასიკურ მედიასაშუალებაზე –გაზეთზე. თუმცა დღეს ჩვენ ხელი მიგვიწვდება ახალი ტიპის მედიასაშუალებებზე, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ. ჩვენ კვლავ ვსარგებლობთ კლასიკური მასმედიის საშუალებებით (სამაუწყებლო მედია) – ჟურნალ–გაზეთები, ტელევიზია, რადიო – რომლებიც საზოგადოებისთვის ძირითადად ინფორმაციისა და გართობის წყაროს წარმოადგენენ. გარდა ამისა, გვაქვს ახალი ტიპის ინტერნეტმედია (ვებგვერდები, ელფოსტა, ბლოგები, facebook–ის ტიპის ქსელები, twitter–ი), რომ აღარაფერი ვთქვათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისზე. ჩვენ ამ ახალი ტიპის მედიას სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ, მაგრამ, ძირითადად იგი ჩვენთვის ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს, და მოსწავლეებს ალბათ კარგად მოეხსენებათ, რომ ახალგაზრდა თაობა მეტად ერკვევა მედიის ამ საშუალებაში, ვიდრე მათი მშობლები ან მასწავლებლები.

დღეს ჩვენ მედიაკულტურაში ვცხოვრობთ. საზოგადოება წარმოადგენს მის წევრებს შორის ინტერაქციას. სოციალური ინტერაქცია, ფართო მასშტაბით, არის კომუნიკაცია. კომუნიკაციას ხელს უწყობს, მიმართულებასა და ფორმას აძლევს მედია, ხოლო მედიაინფორმაცია არა მარტო ასახავს, არამედ რიგ შემთხვევაში ამახინჯებს და შეცვილი ფორმით გვაწვდის რეალობას.

ეტაპი 4: განხილვა და დასკვნა

მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი აზრი გამოთქვან მოსმენილ ლექციაზე.

მათ შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები, რომელიც მიღებული ინფორმაციის დაზუსტებას ემსახურება. შეიძლება პრობლემად აღიქვან და განმარტება მოითხოვონ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფლობს მედია ესოდენ დიდ ძალაუფლებას, როგორც ცენზორი და დღის წესრიგის დამდგენი.

ბოლოს, მასწავლებელი აყენებს საკითხს, სურთ თუ არა მოსწავლეებს პროექტის გაგრძელება და თუ სურთ, როგორი ფორმით? მას შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს შემდეგი წინადადებები:

  • გამოიკრას კედლის გაზეთი კლასის გარეთ, სკოლაში.
  • მოსწავლეებმა მოიწვიონ პროფესიონალი ჟურნალისტი, აჩვენონ მას მათ მიერ გამოშვებული კედლის გაზეთი და სთხოვონ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, მათთან ერთად განიხილოს ცენზურის საკითხი.
  • რედაქტორთა გუნდმა ახალი პროექტის ფარგლებში გამოსცეს სკოლის კედლის გაზეთი.
  • მოსწავლეებმა მოამზადონ მოხსენება იმ მედიასაშუალებაზე, რომელსაც ყველაზე მძლავრი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.
  • მოსწავლეებმა აირჩიონ ერთ–ერთი მათ მიერ განხილული საკითხთაგანი და პრაქტიკულად განახორციელონ იგი. მაგალითად, მოცემულ სახელმძღვანელოში შესულ სხვა თავებთან კავშირში.