მასალა მოსწავლეებისთვის 4.1: მაგალითი: კონფლიქტი მეთევზეთა საზოგადოებაში

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 4.1: მაგალითი: კონფლიქტი მეთევზეთა საზოგადოებაში

Takingpart_EN.pdf

I. მეთევზეთა საზოგადოება

წარმოიდგინეთ თევზით სავსე დიდი ტბა. მის ნაპირას ოთხ პატარა სოფელში ცხოვრობენ მეთევზეები – მეთევზეთა საზოგადოება. თითოეული სოფელი  ნავით აგზავნის ეკიპაჟს თევზის დასაჭერად. მეთევზეები პერიოდულად აწარმოებენ სეზონის დახურვას, აძლევენ რა თევზს გამრავლების საშუალებას. ამ დროს ისინი საკუთარი ნავების და თევზსაჭერი ბადეების შეკეთებით არიან დაკავებულნი. მათ ერთადერთ საარსებო წყაროს თევზი წარმოადგენს. იმას, რასაც თავიანთ ოჯახებთან ერთად არ მიირთმევენ, ახლომდებარე ბაზარზე ყიდიან. თევზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით მეთევზეები იკვებებიან, იმოსებიან და ინახავენ ოჯახებს. მათი ცხოვრების დონე საშუალო, მაგრამ საკმარისია.

II. კონფლიქტი რესურსების არასწორი მართვის გამო

ბოლო ორი სამი წლის განმავლობაში სერიოზული კონფლიქტი წამოიჭრა მეთევზეთა საზოგადოებაში. მეთევზეთა რამდენიმე ეკიპაჟმა საკუთარი შემოსავლების გაზრდა მეტი თევზის დაჭერით გადაწყვიტა. წარმოების მაჩვენებელი დაეცა და თევზის მარაგი განახევრდა სამი წლის განმავლობაში. მეთევზეთა საზოგადოება მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგას.

  1. თევზის პოპულაციის შემცირება, სრული გადაშენების საფრთხით;
  2. თევზის წარმოების საერთო მოცულობის შემცირება;
  3. სხვაობა ორ მდიდარ და ორ ღარიბ მეთევზეთა სოფელს შორის (წარმატებულები და წარუმატებლები);
  4. მეთევზეთა სოფლებს შორის ძალადობრივი კონფლიქტის წარმოშობის საფრთხე.

ეს არის კონფლიქტი რესურსების არასწორი მართვის გამო. იგი ემყარება სამ ფაქტორს, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებს:

  1. არსებობს მოტივი, რომელიც აქეზებს მეთევზეებს, დაიჭირონ მეტი თევზი;
  2. არ არსებობს წესები, ასე რომ, მეთევზეებს შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ;
  3. მეთევზეთა ეკიპაჟები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ.

III. კონფლიქტის ანალიზი („დიაგნოზი“)

1. მოტივი, რომელიც აქეზებს მეთევზეებს, დაიჭირონ მეტი თევზი

ყველა მეთევზემ იცის, რომ მეთევზეთა საზოგადოება ტბაში თევზის მარაგზეა დამოკიდებული და, აქედან გამომდინარე, მართებულია, თევზს რეპროდუქციისა და თევზის პოპულაციას აღდგენის საშუალება მიეცეს.

მეორე მხრივ, ყველა მეთევზესთვის ისიც არის ცნობილი, რომ თუ მისი ეკიპაჟი ერთით მეტ თევზს დაიჭერს, ამით სავარაუდოდ თევზის პოპულაციას არაფერი დააკლდება, სამაგიეროდ, შემოსავლის კუთხით, სარგებელს ნახავს მეთევზეთა ეკიპაჟი, მაშინ, როცა ხარჯები – თევზის მარაგის თვალსაზრისით – აისახება მეთევზეთა მთელ საზოგადოებაზე. დამატებითი შემოსავლებისა და დამატებითი ხარჯების ასეთი არათანაბარი გადანაწილება იმ მეთევზეთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც მეტ თევზს იჭერენ. ეს არის მოტივი იმისათვის, რომ მეთევზეებმა ინტენსიურად ითევზაონ. ინდივიდუალური მეთევზის თვასაზრისით, მეტი თევზის დაჭერა გონივრული გადაწყვეტილებაა.

ერთი ეკიპაჟი სხვაზე მეტ თევზს იჭერს: დამატებითი შემოსავლების,  დამატებითი ხარჯების და დამატებითი მოგების არათანაბარი გადანაწილება

ეს მოტივი ყველა მეთევზისთვის არის ცნობილი, და ასევე ყველამ კარგად იცის, რა მოჰყვება და რა შედეგები აქვს თითოეული მათგანის ქმედებას. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოხდეს ყველაზე უარესი რამ – ყველა მეთევზე ერთნაირად მოიქცეს, და ეცადოს დაიჭიროს რაც შეიძლება მეტი თევზი. შედეგად თევზის პოპულაცია ვეღარ შეძლებს აღდგენას. ამოქმედდება მოჯადოებული წრის პრინციპი, ვინაიდან, შემოსავლებში საკუთარი დანაკლისის შესავსებად, მეთევზეები შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი და მეტი თევზი დაიჭირონ.

2. წესების არარსებობა

მეთევზეების მოქმედებებს წესების არარსებობა განაპირობებს – არა ხელმძღვანელობა, არა უსაფრთხოება, არა საერთო მიზნები, არა სანქციები. აქედან გამომდინარე ყველა მეთევზე ისე მოქმედებს, როგორც მას სურს და რასაც იგი დაიჭერს მხოლოდ მას ეკუთვნის.

არსებულ გარემოებებში, მეთევზეთა მოქმედება გასაკვირი არ არის – მათი მოქმედების შედეგები მეთევზეთა საზოგადოებასა და თევზის პოპულაციაზე, მეორე მხრივ, კატასტროფულია.

3. კომუნიკაციის დეფიციტი

მეთევზეები ჯერჯერობით ერთმანეთს არ შეხვედრიან და მათ შორის არ შემდგარა დიალოგი არსებულ სიტუაციაზე. ისინი მოქმედებენ ისე, როგორც მათ უმჯობესად მიაჩნიათ და რეაგირებენ სხვა ეკიპაჟების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

4. რესურსების არასწორი მართვის შედეგები

მდგრადი განვითარების მოდელი დაგვეხმარება აღვწეროთ ის ზიანი, რომელიც მეთევზეთა მიერ რესურსების არასწორმა მართვამ მოიტანა და შესაძლოა დაგვეხმაროს შევიმუშაოთ ალტერნატიული პოლიტიკის მოდელი (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 4.2 და 4.4).

IV. კონფლიქტის მოგვარება

კონფლიქტის „დიაგნოზი“ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „თერაპიის“ შერჩევის დროს.