მასალა მოსწავლეებისთვის 8.4: გეგმის ბლანკი თავმჯდომარეებისთვის

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 8.4: გეგმის ბლანკი თავმჯდომარეებისთვის

თავმჯდომარის მისია – გაუძღვეს დებატებს

თავმჯდომარე უძღვება დებატებს და აკონტროლებს, რომ დებატების მონაწილენი დებატების წესებს იცავენ (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 8.2) და ერთმანეთს სამართლიანად და პატივისცემით ეპყრობიან. თავმჯდომარე ნეიტრალურია და არ ემხრობა დებატებში მონაწილე არც ერთ გუნდს.

თავმჯდომარე, ამავდროულად, ე.წ. დროის აღმრიცხველია. არც ერთ გამომსვლელს არ ეძლევა სასაუბროდ ერთ წუთზე მეტი დრო. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ამოიწურება ერთი წუთი, გამომსვლელს ეძლევა საშუალება, დაასრულოს დაწყებული წინადადება, რის შემდეგაც უნდა შეწყვიტოს საუბარი. საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარე თავაზიანად, მაგრამ მკაცრად აწყვეტინებს სიტყვას გამომსვლელს და გადასცემს მას შემდეგ გამომსვლელს მოწინააღმდეგე გუნდიდან.

აღჭურვილობა 

  • წამზომი ან საათი, რომელიც სიზუსტით უჩვენებს წამებს. მობილური ტელეფონები აღჭურვილია წამზომის ფუნქციით.
  • კალამი და ფურცელი შენიშვნებისთვის.
  • ყვითელი და წითელი A7 ფორმატის ფურცლები ან მუყაოს ქაღალდი.
  • დამატებითი მასალა მოსწავლეებისთვის 8.2, 8.5.

პირველი თავმჯდომარის მოვალეობა დებატების პროცესში:

  1. იგი ხსნის დებატებს
    • მიესალმება მონაწილე გუნდებს, აუდიტორიას და დამსწრე ჟურნალისტებს.
    • დამსწრე საზოგადოებას აცნობს მოკლე ინფორმაციას დებატებში განსახილველ საკითხზე, ყოველგვარი დეტალების გარეშე, რაც შეიძლება წაადგეს რომელიმე მხარეს.
    • შეახსენებს გუნდებს, რომ მათ უნდა დაიცვან სამართლიანობის პრინციპი და დადგენილი წესები.
    • მონაწილეებს შეახსენებს დროის დაცვასთან დაკავშირებულ წესს: 50 წამის შემდეგ იგი იძლევა გაფრთხილებას დროის 10 წამში ამოწურვის შესახებ.
    • ერთი წუთის ამოწურვის შემდეგ, თავმჯდომარე აჩერებს გამომსვლელს – რათა დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი.
  2. დებატების განმავლობაში:
    • თავმჯდომარე უსიტყვოდ უსმენს დებატებს.
    • აკონტროლებს საუბრის ხანგრძლივობას და 50 წამის შემდეგ იძლევა გაფრთხილებას.
      (ძალიან ხშირად, ეს არის მისი ერთადერთი მოვალეობა.)
    • თავმჯდომარე აწყვეტინებს საუბარს გამომსვლელს, რომელიც ერთწუთიან რეგლამენტს გადააჭარბებს.
    • აღკვეთავს გამომსვლელის საუბარში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას, დებატების მონაწილის მხრიდან იქნება ეს თუ აუდიტორიის წევრის მხრიდან.
    • იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დებატების წესების უხეშ დარღვევასა და უსამართლობას, თავმჯდომარე ყვითელ ან წითელ ბარათს უჩვენებს მოსაუბრეს. წითელი ბარათი ნიშნავს, რომ მონაწილემ უნდა დატოვოს დარბაზი.
  3. დებატების შემდეგ:
    • თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს.
    • მადლობას უხდის მონაწილეებსა და აუდიტორიას.

თავმჯდომარის ფუნქცია დებატების შემდეგ:

დებატების შემდეგ აუდიტორიას ეძლევა ხუთი წუთი დებატების განხილვისთვის და შემდეგ ხმას აძლევს იმ მხარეს, რომლის არგუმენტებიც უფრო დამაჯერებლად ჟღერდა.

მეორე თავმჯდომარის  ფუნქცია – გაუძღვეს აუდიტორიის მიერ დებატებში განხილულ საკითხზე მსჯელობასა და ხმის მიცემის პროცედურას
  1. დებატების შემდგომ მსჯელობა
    • თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუდიტორიას ეძლევა ხუთი წუთი, რომლის განმავლობაში მათ უნდა გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელონ დებატებში განხილული საკითხის შესახებ. აუდიტორიის წევრები თავსდებიან წრის ან ნახევარწრის განლაგებით, რათა ყველა მოსწავლე ერთმანეთს კარგად ხედავდეს.
    • აუდიტორიის ყველა წევრს ხელთ აქვს დებატების განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერები და მათ ასევე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა გუნდმა შეძლო უფრო დამაჯერებლად წარმოეჩინა საკუთარი ხედვა. თავმჯდომარე სთხოვს მათ ხელის აწევით დაადასტურონ თუ რომელ გუნდს ანიჭებენ უპირატესობას – საცდელი კენჭისყრა.
    • განსხვავებული მოსაზრების მქონე მოსწავლეები მონაცვლეობით გამოდიან სიტყვით. თავმჯდომარე მათ სთხოვს, ისეთივე რიგი  დაიცვან გამოსვლებში, როგორც დებატების დროს, ვინაიდან ისინი დროში შეზღუდული არიან და სასურველია ბევრ მათგანს მიეცეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება.
    • ხუთი წუთის შემდეგ თავმჯდომარე განხილვას დასრულებულად აცხადებს.
  2. კენჭისყრა
    • თავმჯდომარე კენჭისყრას გახსნილად აცხადებს. იგი ხელმეორედ აყალიბებს საკითხს და სვამს კითხვას, რომელსაც კენჭი უნდა უყარონ: რომელი გუნდის გამოსვლა იყო უფრო დამაჯერებელი – პოზიციის თუ ოპოზიციის? ამ ეტაპზე დაუშვებელია ნებისმიერი სახის მსჯელობა. თავმჯდომარე სთხოვს ერთ–ერთ მოსწავლეს, დაფაზე გადაიტანოს ამ კენჭისყრის შედეგები.
    • თავმჯდომარე სთხოვს აუდიტორიის იმ წევრებს, რომლებიც პოზიციას ემხრობიან, ხელის აწევით დაადასტურონ თავიანთი არჩევანი. იგი ითვლის ხმების რაოდენობას და შემდეგ იმავე პროცედურით აწარმოებს კენჭისყრას ოპოზიციის მომხრეთა გამოსავლენად.
    • საბოლოოდ დგება მათი ჯერი, ვინც თავი შეიკავა – არ მისცა ხმა არც ერთ გუნდს – მათი ხმებიც იგივე პრინციპით ითვლება.
    • თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, მაგრამ ყოველგვარი კომენტარის გარეშე. იგი მადლობას უხდის აუდიტორიას განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის და სხდომას დახურულად აცხადებს.