თავი 4 (დაწყებითი სკოლა, 4 კლასი) – ჩვენი უფლებები – ჩვენი საგანძური

Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი I: საგაკვეთილო გეგმები » თავი 4 (დაწყებითი სკოლა, 4 კლასი) – ჩვენი უფლებები – ჩვენი საგანძური

ა)   გაკვეთილის გეგმა

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

რაში გვჭირდება ბავშვთა განსაკუთრებული უფლებები?

მოსწავლეები ეცნობიან პროექტს, სახელწოდებით „საგანძურის სკივრი“ და განიხილავენ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ იგი.

საგნები, რომლებიც გამოხატავენ ბავშვების განსაკუთრებულ უფლებებს (გამოხატვა და შთაგონება); ბარათები, რომლებზეც ასახულია მოსწავლეთა უფლებები. (იხ. დანართი)

გაკვეთილი 2 (დამატებით – სკოლის გარეთ განხორციელებული აქტივობები მომდევნო კვირის განმავლობაში)

ჩემი საგანძურის სკივრი – განსაკუთრებული რამ!

მოსწავლეები ქმნიან საკუთარ საგანძურის სკივრებს და ამზადებენ მათ „ბავშვთა უფლებების საგანძურის“ გამოფენისათვის.

თითოეულ მოსწავლეს გაკვეთილზე მოაქვს ლითონის, ხის ან მუყაოს თითო ყუთი; ფერადი თვლები ან ღილები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ., წებო და მაკრატლები

გაკვეთილი 3 (რამდენიმე კვირიანი ინტერვალის შემდეგ)

ჩემი საგანძურის სკივრი, შენი საგანძურის სკივრი!

მოსწავლეები თავიანთ მერხებზე აწყობენ გამოფენას, სადაც სხვა მოსწავლეებს შეუძლიათ დაათვალიერონ მათი საგანძურის სკივრების შიგთავსი.

მოსწავლეთა საგანძურის სკივრები (შიგთავსით)

გაკვეთილი 4 (20 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე)

როგორ მოვაწყოთ გამოფენა?

მოსწავლეები აწყობენ საკუთარი საგანძურის სკივრების გამოფენას სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის.

მოსწავლეები თანხმდებიან საგამოფენო ოთახის ან სივრცის თაობაზე

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

მოსწავლეები კარგად ეცნობიან ბავშვთა უფლებებს. საკმაო დროის განმავლობაში, ისინი ეცნობიან ამ უფლებათა შინაარსსა და მიზანს, რომელსაც ისინი ემსახურება; ამ უფლებების დაკავშირებას ცდილობენ საგნებთან, რომლებიც მათ სიმბოლურად გამოხატავს. თითოეული მოსწავლე ცდილობს, ამოცანას დამოუკიდებლად გაართვას თავი. ამისათვის მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ მუხლებს და შეეძლოთ მათი შესაბამისად განმარტება.

სწავლის თეორიის თანახმად, ამ დავალების შესრულებისას, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, აქტიურად აკონტროლონ თავიანთი სწავლის პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი ცოდნის მდგრადი ზრდის შესაძლებლობებს. თითოეული მოსწავლე ქმნის საკუთარ საგანძურის სკივრს. მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ ბავშვის უფლებებს, როგორც ინტელექტუალურად, ასევე ემოციურად.

V5_P21

მოცემული პროექტი საკმაოდ ხანგრძლივ დროის პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებს არა ერთხელ უწევთ თავიანთი მოსაზრებების ერთმანეთისათვის გაზიარება და მათზე მსჯელობა. 20 ნოემბერს, ბავშვთა საყოველთაო დღის აღსანიშნავად, სკოლაში ეწყობა ბავშვების მიერ შექმნილი საგანძურის სკივრების გამოფენა. ეს აქტივობა დამატებით სტიმულს ქმნის და მოტივაციას აღძრავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში იმისათვის, რომ ერთი ან ორი წლის შემდეგ მათ კვლავ გამართონ მსგავსი გამოფენა.

პროექტის დაწყებისთვის საუკეთესო დროა სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდი.

გ)   ძირითადი კითხვები 4 თავის შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

ყველა მოსწავლე სარგებლობს უფლებით, გამოიყენოს გამოსახვის საკუთარი ხერხი. ამგვარად, მოსწავლეებში მაღლდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულობის დონე და ისინი ბევრ რამეს იგებენ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ.

გაკვეთილებზე განიხილება ბავშვთა ყველა უფლება.

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება და როგორ დაიცვან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ თავად მიიღეს.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

ჩინებულია, თუ  სკოლა იქცევა ისეთ ადგილად, სადაც ამდენი ხელოვნების ნიმუშის ნახვაა შესაძლებელი. მე აღმოვაჩინე, რომ სკოლაში სიარული სახალისო და სასიამოვნოა.

მე საკმაო ხანია ვსწავლობ ბავშვთა უფლებებს. მე ბავშვთა უფლებების თითოეულ მუხლზე მომიწია გადაწყვეტილების მიღება და ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მე კარგად მესმის თითოეული მუხლი. მე აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის მარტივი არ არის, გაიგო ბავშვთა უფლებების კონვენცია.

ბავშვთა უფლებების კონვენციის ყველა მუხლი თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის. მე კარგად დავფიქრდი იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვა მსურს. მე ვიფიქრე იმაზეც, თუ რომელი უფლებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვა ბავშვებისათვის სხვა ოჯახებში, სხვა რეგიონებსა თუ სხვა ქვეყნებში და რით შემიძლია მე დავეხმარო მათ.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1 (სექტემბერის ბოლო/ოქტომბრის დასაწყისი; ხანგრძლივობა: დაახოებით 1 ½ საათი)

შესავალი: მასწავლებელი მოსწავლებს გააცნობს ბავშვთა უფლებებს, წაუკითხავს ბავშვთა უფლებების კონვენციას, დაურიგებს ბავშვთა უფლებების ბარათების ასლს (იხ. დანართი) და ნათლად განუმარტავს თითოეულ უფლებას.

შემდეგ მასწავლებელი მაგიდაზე დებს ცარიელ ყუთს, ბარათებს ბავშვთა უფლებების შესახებ და ერთ ან ორ სიმბოლურ ნივთს, მაგალითად: მუხლი 7, ბავშვის უფლება, დაბადებიდან ჰქონდეს საკუთარი სახელი – პატარა სანთელი, რომელიც დაბადების დღეს ან ნათლობას აღნიშნავს; მუხლი 28, ბავშვის უფლება მიიღოს განათლება – პატარა საწერკალამი.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გეგმას:

ბავშვთა საყოველთაო დღე აღინიშნება 20 ნოემბერს. 20 ნოემბრამდე ყველა მოსწავლემ უნდა შეავსოს საკუთარი საგანძურის სკივრი საგნებით, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს ბავშვების უფლებებს.

კონკრეტული ამოცანა: თითოეული მოსწავლე თავად არჩევს საგნებს, რომლებიც, მისი აზრით, შეესაბამება ბავშვთა თითოეულ უფლებას. პირველ რიგში, მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ თავსახურიანი ყუთი (გამოდგება მუყაოსაგან, ხისგან ან ლითონისაგან დამზადებული ყუთი). შერჩეული ყუთი მოსწავლეებმა უნდა გააფერადონ და მორთონ საკუთარი გემოვნებით და ყუთზე, ნებისმიერ ადგილზე, მიუთითონ მფლობელის ვინაობა.

ყველა მოსწავლემ უნდა ამოჭრას ბარათები ბავშვთა უფლებების შესახებ, დაამაგროს ისინი ერთად, ქაღალდების სამაგრით და მოათავსოს საკუთარ საგანძურის სკივრში. ამის შემდეგ იწყება საგანძურის ძიება!მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიძიონ საგანძურის სკივრი და როგორ მორთონ იგი.

მნიშვნელოვანი საკითხი: ბავშვთა უფლებების ბარათებს უკანა მხარეს დააწერეთ საკვანძო სიტყვები თითოეული უფლების შესაჯამებლად.

გაკვეთილი 2 ( ერთი კვირის შემდეგ)

მოსწავლეები ერთმანეთს უჩვენებენ მათ მიერ მოპოვებულ მასალას. ისინი ერთმანეთს უზიარებენ შეგროვილ მასალას.

დისკუსია/ბრეინშტორმინგი:

ა) საგანძურის სკივრის დიზაინის შესახებ;

ბ) თითოეული ბავშვთა უფლების შესაფერისი სიმბოლოს შესახებ. რომელი ბარათისთვის რომელი ილუსტრაცია იქნება შესაფერისი? სად შეიძლება საგანძურის პოვნა? და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ „საგანძურის ძიებისას“ მოსწავლეები კარგად გაერკვნენ ბავშვების უფლებებში. ისინი საგნის შერჩევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ კარგად ესმით და აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს და რას გულისხმობს ბავშვის კონკრეტული უფლება.

ბავშვები იწყებენ თავიანთი საგანძურის სკივრების მორთვას. ისინი ერთმანეთს უზიარებენ მოსართავ მასალებს. მასწავლებელი გადაწყვეტილებას იღებს თუ რა დრო დაუთმოს ამ ამოცანის შესრულებას. შესაძლებელია როგორც სკოლაში დასრულება, ასევე მომზადება საშინაო დავალების სახით.

საგანძურის შეგროვების ეტაპზე, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და ერთმანეთს უჩვენებენ მათ მიერ მოგროვილ ნივთებს: ვინ რა მოიპოვა კონკრეტული უფლების სიმბოლოს სახით? მოსწავლეებს უნდა მივცეთ უფლება, ერთმანეთის აღმოჩენები გაიზიარონ. ისინი ერთგვარ კონკურსში ერთვებიან, სადაც მიმდინარეობს შეჯიბრება იმაში, თუ ვის აქვს ყველაზე კრეატიული და ორიგინალური იდეებით შედგენილი, საუკეთესო საგანძურის სკივრი.

გაკვეთილი 3

ბავშვთა საყოველთაო დღემდე (20 ნოემბერი) ერთი კვირით ადრე: ყველა მოსწავლე თავიანთ მოგროვილ ნივთებს საკუთარ მაგიდაზე აწყობს. ნივთებზე არ არის მითითებული, თუ რომელი ნივთი ბავშვის რომელ უფლებას გამოხატავს სიმბოლურად. გაიმართება მოკლე მიმოხილვა (10 წუთი).

მოსწავლეები ერთმანეთს უხსნიან, თუ რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ნივთი. (ეს ხდება მოკლე მოსამზადებელი ფაზის შემდეგ 3-4 კაციანი ჯგუფებში).

შემდეგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოეწყოს გამოფენა ბავშვთა საყოველთაო დღეს (20 ნოემბერი), რათა სკოლის სხვა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, დაათვალიერონ მათი ნამუშევრები. დაისმება შემდეგი კითხვები: გვინდა გამოვიყენოთ მინის საფარები ჩვენი ექსპონატებისათვის? სკოლის შენობაში პატარ-პატარა მაგიდები ხომ არ დავდგათ ნივთების გამოსაფენად? იქნებ ჩვენი საკლასო ოთახი ვაქციოთ საგამოფენო დარბაზად ერთი დღით – 20 ნოემბერს? შეიძლება ჩვენს სკოლაში სხვა კლასიც აწყობს მსგავს გამოფენას. მათთან ხომ არ შეგვეთანხმებინა გამოფენასთან დაკავშირებული დეტალები? მოვიწვიოთ სკოლის ხელმძღვანელი, სკოლის პედკოლექტივი, სხვა მასწავლებლები, მშობლები და სკოლის სხვა პერსონალი გამოფენაზე? ხომ არ მოგვემზადებინა სარეკლამო პლაკატი?გამოფენის გახსნა ხომ არ მოგვეწყო? ხომ არ მოემზადებინა მასწავლებელს ან მოსწავლეს მისასალმებელი სიტყვა?  ხომ არ მოგვემზადებინა რაიმე ღონისძიება ან შეგვექმნა სიმღერა შესაბამისი ტექსტით ამ ღონისძიებისათვის? და ასე შემდეგ.

გაკვეთილი 4

ბავშვთა საყოველთაო დღე, 20 ნოემბერი (ან ამ დღესთან მაქსიმალურად მიახლოებული):

მოსწავლეები აწყობენ გამოფენას და აცნობენ სხვა მოსწავლეებს. ასევე ავრცელებენ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ (როგორც სიტყვიერად, ასევე პლაკატის სახით).

ამის შემდეგ ეწყობა საკლასო დისკუსია/განხილვა (თავდაპირველად წერილობითი სახით, შემდეგ ზეპირად): როგორ მიმდინარეობდა პროექტი? რა მიიღეთ პროექტისგან? რა გაკეთდა კარგად? რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთესად? და ა.შ.