თავი 5 (დაწყებითი სკოლა, 5 კლასი) – ჩვენ ვქმნით წესებს ჩვენი კლასისათვის

Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი I: საგაკვეთილო გეგმები » თავი 5 (დაწყებითი სკოლა, 5 კლასი) – ჩვენ ვქმნით წესებს ჩვენი კლასისათვის

ა)   გაკვეთილის გეგმა

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

რა უფლებებით სარგებლობს თითოეული პირი საკლასო ოთახში?

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მოსწავლეები ადგენენ, სკოლის წესებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებების ჩამონათვალს.

A3 ფორმატის თითო ფურცელი თითოეული ჯგუფისათვის

გაკვეთილი 2

რა უნდა ახასიათებდეს კარგ წესს? რატომ შეიძლება იყოს წესები გამაღიზიანებელი? რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო?

მოსწავლეები ფიქრობენ წესრიგისა და წესების პრინციპებზე.

სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის, დემოკრატიულ საზოგადოებაში წესების ძირითად პრინციპებზე.

A4 ფორმატის ფურცლები

გაკვეთილი 3

როგორ შეიძლება გავაცოცხლოთ ბავშვთა უფლებები საკლასო ოთახში?

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან თავიანთ წესებს, რომლებიც ჰარმონიზებულია ბავშვთა უფლებებთან.

სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის, ასლები ან მოსწავლეების ხელით ნაწერი

გაკვეთილი 4

წესების შემუშავება ჯგუფებში და კლასის საერთო წესების შესახებ შეთანხმება

მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ თავიანთ მოსაზრებებს და ცდილობენ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღონ, კლასში საერთო წესების შემოღებასთან დაკავშირებით.

 

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

როდესაც კლასის წესებს ადამიანისა ან ბავშვთა უფლებებს ვუკავშირებთ, ეს წესები ისეთ სპექტრს იძენს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საკლასო ოთახში წესრიგისა და მშვიდობიანი ატმოსფეროს დამკვიდრებით.

ადამიანისა და ბავშვთა უფლებები არ წარმოადგენს მშრალ სამართლებრივ სტანდარტებს. იმისათვის, რომ მათ საკუთარი ფუნქცია შეასრულონ და მნიშვნელობა შეიძინონ, უნდა წარმოადგენდნენ ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს; მათი მეშვეობით უნდა იმართებოდეს ჩვენი ძალისხმევა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიანობისა და თანასწორობის დამკვიდრებას ემსახურება. მოსწავლეებისათვის სკოლა მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს, რაღაც ასპექტში, იგი მათი ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური ნაწილია. სკოლა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკლასო ოთახი, სკოლის შენობა და მისი შემოგარენი, აგრეთვე, სკოლის სტრუქტურა და მისი ხელმძღვანელობა, ქმნის საზოგადოების მინიატურულ მოდელს – მიკროსაზოგადოებას. ის, რასაც მოსწავლეები ამ საზოგადოებაში სწავლობენ და გამოსცდიან, სასარგებლოა ეს მათთვის თუ არა, ძალიან დიდი ალბათობით ასახვას ჰპოვებს მათ ცხოვრებაზე საკლასო გარემოსა და სკოლის ფარგლებს მიღმა. აღნიშნული საკითხი მე-5 თავის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

V5_P25

უფლებები და მოვალეობები წარმოადგენს სავალდებულო კონცეფციებს. ისინი ერთმანეთის თანამდევია, როგორც დღე და ღამე, როგორც ზაფხული და ზამთარი. უფლებები და მოვალეობები ურთიერთდამოკიდებულია. ადამიანისა და ბავშვების უფლებების აღქმა დაუშვებელია უფლებებსა და მოვალეობებს შორის არსებული კავშირის გარეშე.

წინამდებარე პროექტში ყურადღება გამახვილებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის შემდეგ მუხლებზე:

მუხლი 12, საკუთარი შეხედულებების გამოთქმის უფლება;

მუხლი 13, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;

მუხლი 28, განათლების მიღების უფლება;

მუხლი 31, დასვენებისა და გართობის უფლება.

გ)   ძირითადი კითხვები ბავშვთა უფლებების შესახებ შეძენილი ცოდნისა და უნარების შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

წინამდებარე თავის გავლისას, მოსწავლეები აცნობიერებენ წესების აუცილებლობას, რათა შეძლონ ერთად ცხოვრება; აგრეთვე, აცნობიერებენ, რომ ბავშვთა უფლებები  საფუძვლად უდევს და განსაზღვრავს წესების ამგვარ სისტემას.

მუხლი: 12, 13, 28, 31 (იხ. დანართი: კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ)

მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ როგორ იქმნება წესები დემოკრატიულ საზოგადოებაში. მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ პროცესებში.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ უფლებები და მოვალეობები განუყრელია. ისინი აცნობიერებენ, რომ წესები შეიქმნა ადამიანების მიერ, ადამიანებისვე საკეთილდღეოდ, რომ ამ წესების შეცვლა შესაძლებელია და ჯგუფის წევრებს შორის ყველასათვის სავალდებულო წესების შესახებ შეთანხმება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

მე ვიცი, რომ მაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღო ჩვენი კლასის წესების შემუშავებაში. მე ვაცნობიერებ, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნაც მსგავსი პროცესების ნაყოფია.

ახლა მე შემიძლია შევიმუშაო მსგავსი წესები, რომლებიც ჩემს მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს ოჯახში, სპორტულ კლუბში ან მეგობრების წრეში. აუცილებელია დავრწმუნდეთ და უზრუნველვყოთ, რომ ამგვარი წესების შემუშავებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და რომ მათ შეძლონ საერთო ენის გამონახვა და გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტს და მომდევნო 4 გაკვეთილის გეგმას.

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს „უფლებებისა და პასუხისმგებლობების“ საკითხს:

  • დაასახელეთ ზოგიერთი უფლება რომლითაც თქვენ სარგებლობთ  საკლასო ოთახში, ეზოში ან ოჯახში. გაიხსენეთ ბავშვთა უფლებები რომელზეც ბევრი გსმენიათ.
  • ეს უფლებები მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ სხები პატივს სცემენ მათ. თითოეული უფლება მოვალეობას მოიცავს. დაასახელეთ მაგალითები.

კლასი, სიდიდის შესაბამისად, იყოფა სამ, ექვს ან ცხრა ჯგუფად. თითო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს ხუთი მოსწავლისგან. ჯგუფებს ენიჭებათ შესაბამისი ნომრები ა, ბ, გ.

თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, მოკლედ გააცნონ კლასს, თუ რა პრინციპით აირჩიეს მომხსენებლები.

ყოველ ჯგუფს ურიგდება სამ ნაწილად დაყოფილი თითო ფურცელი. ფურცლის ზედა მესამედში მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ თავიანთი ჯგუფის მოსაზრებების შესახებ იმის თაობაზე, თუ რა უფლებებით სარგებლობს კლასის ყოველი ინდივიდუალური წევრი (მათ შორის, მასწავლებელიც). მათ ყველა თავიანთი მოსაზრება პუნქტების სახით უნდა დაიტანონ ფურცელზე, ამ მიზნით გამოყოფილ ნაწილში.

მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს: რამდენად წარმატებით გავართვით თავი მოცემულ ამოცანას? რას აკეთებდა თითოეული ჩვენგანი, რამაც დახმარება გაგვიწია? რა გვიშლიდა ხელს?

მოსწავლეთა ჯგუფები ცვლიან თავიანთ ნამუშევრებს (ა ჯგუფი გადასცემს ბ ჯგუფს, ბ ჯგუფი – გ ჯგუფს, გ ჯგუფი – ა ჯგუფს).

შემდეგ ყოველი ჯგუფი, კითხვებზე პასუხის მეშვეობით, განიხილავს სხვა ჯგუფის მიერ შედგენილ უფლებათა ჩამონათვალს: რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ უფლებების დასაცავად? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? როგორ უნდა მოვიქცეთ? მაგალითად, „ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი“, „ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ერთმანეთს“.

მოსწავლეები ფურცლის შუა მესამედ ნაწილში ჩამოწერენ პირველ მესამედში მოცემული უფლებების შესაბამის პასუხისმგებლობებს (იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლიათ, მოუნახონ უფლებას შესაბამისი პასუხისმგებლობა), იმავე ნუმერაციის დაცვით.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აგროვებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, რათა გაეცნოს მათ შემდეგ გაკვეთილამდე.

გაკვეთილი 2 (ხანგრძლივობა დაახლოებით 1½ გაკვეთილი)

მასწავლებელი გამართავს დისკუსიას კლასში, რომ განიხილონ რამდენიმე საკითხი, რომელიც წესებს ეხება, მაგ: სპორტის წესები, საკლასო ოთახის წესები, საგზაო მოძრაობის წესები:

  • რა დადებითი აქვს წესებს? რა უარყობითი აქვს წესებს?
  • როდის ვარ კმაყოფილი იმით, რომ წესები არსებობს? რა მაღიზიანებს წესებში?
  • ვინ ადგენს წესებს სხვადსხვა კონტექსტში? ვინ უზრუნველყოფს წესების დაცვას და სანქციების დაწესებას მათი დარღვევის შემთხვევაში?

გაკვეთილის შესაჯამებლად გამოიყენეთ შემდეგი წინადადება: „დისციპლინა და წესრიგი დემოკრატიულ საზოგდოებაში და სკოლაში“.

დისციპლინა და წესრიგი დემოკრატიულ საზოგადოებაში და სკოლაში

  1. წესრიგი საჭიროა ყველა გარემოში. ადამიანთა ჯგუფი, წესრიგისა და ძირითადი წესების გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიულად.
  2. ზღვრების დადგენა აუცილებელია. წესები შეიძლება იყოს არასწორი ან შეუსაბამო. მაგრამ თუ არ იცვლება, საჭიროა მათი დაცვა. თუმცა აუცილებელია არსებობდეს მათი შეცვლის შესაძლებლობა.
  3. ბავშვები, ძალიან ადრეული ასაკიდან, უნდა მონაწილეობდნენ წესების შედგენასა და მათი გატარების პროცესებში, მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ისინი წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებას.
  4. საკლასო ოთახში თავმოყრილი საზოგადოება ვერ იფუნქციონირებს მის წევრებს შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის გარეშე. ზოგ შემთხვევაში ამგვარი ატმოსფეროს შექმნა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.
  5. საკლასო გარემოში კონკურენცია გუნდური მუშაობის სულისკვეთებამ უნდა ჩაანაცვლოს.
  6. სასიცოცხლოდ აუცილებელია, საკლასო ოთახში მეგობრული ატმოსფერო სუფევდეს.
  7. მასწავლებლის სოციალურ უნარებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია დემოკრატიული ლიდერობის განვითარებაში, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში და ა.შ.
  8. დემოკრატიულ კლასში მუდმივად სუფევს ატმოსფერო, სადაც მისი წევრები ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის არიან განწყობილი.
  9. მოსწავლეები, როგორც გოგონები, ასევე ვაჟები, წახალისებულ უნდა იქნენ, რათა მათ რაღაც ახალი აღმოაჩინონ და საკუთარი გამოცდილებით, საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალებით შეიძინონ ცოდნა.
  10. შექმნილი უნდა იყოს ისეთი ატმოსფერო, სადაც არსებობს საკუთარი თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, დადგენილი ზღვრების ფარგლებში. მოსწავლეებს მხოლოდ ამ გზით უვითარდებათ პირადი პასუხისმგებლობის შეგნება.
  11. დისციპლინისა და წესრიგის დაცვა შეიძლება სახალისოც კი იყოს, თუ იგი საზოგადოების თითოეულ წევრს ეხმარება, თავისუფლად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და ჯგუფის წევრებს შორის სასურველი  ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და დამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობების შექმნას უწყობს ხელს.

 

„ადამიანთა ჯგუფი, წესრიგისა და ძირითადი წესების გარეშე, ვერასოდეს იქნება დემოკრატიული“

მოსწავლეები ნაწილდებიან იმავე ჯგუფებში, რომლებშიც წინა გაკვეთილის განმავლობაში მუშაობდნენ. მასწავლებელი ურიგებს A3 ფორმატის ქაღალდის ფურცლებს და აძლევს შემდეგ დავალებას:

  • გადახედეთ ძველ ნამუშევრებს. დაფიქრდით იმ წესების შესახებ რომლებიც თქვენი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ცხოვრებისთვის და რისი წარმოდგენაც გსურთ მოგვიანებით კლასში.

ჩამოწერეთ ეს წესები თქვენი ფურცლის ქვედა მესამედ ნაწილში, შემდეგი მითითებების გათვალისწინებით (მასწავლებელი აჩვენებს ერთ ან ორ მაგალითს) :

  • წესები პოზიტიური უნდა იყოს ვიდრე ამკრძალავი.
  • წესები უნდა აღწერდეს როგორც უფლებას ასევე პასუხისმგებლობას, მაგალითად „რადგან“ სიტყვის გამოყენებით: „ჩვენი პასუხისმგებლობა სხვების მოსმენაა, რადგან ჩვენ გვაქვს  უფლება მოგვისმინონ“.

ჯგუფები მოქმედებენ მითითებების შესაბამისად. ისინი წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს ერთმანეთს. გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.

თითოელმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს მაქსიმუმ 3 წესი და ჩამოწეროს ფურცელზე.

ეს წესები გამოიკვრება საკლასო ოთახის დაფაზე. დისკუსიის დროს თითოეული ჯგუფის მომხსენებელი კლასს განუმარტავს მათ მიერ არჩეულ უფლებებს.

სინოფსისი: საბოლოო რედაქტირება წესების შექმნის მიზნით, რომელიც გვსურს ჩვენი კლასისთვის სავალდებულო გახდეს:

  • რომელი წესებია იდენტური ან მსგავსი? რომელი შეიძლება იყოს გამოტოვებული ან გაერთიანებული?
  • რომელი წესი ითხოვს თავიდან ჩამოყალიბებას რომ აზრი უფრო გასაგები ან ლაკონური იყოს?

მოსწავლეები კენჭს უყრიან წესებს. თითოეულ მათგანს აქვს ხუთი არჩევანის გაკეთების უფლება – აქვს ხუთი ჟეტონი, რომლის გამოყენებითაც მათ ხმა უნდა მისცენ იმ წესებს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, კლასში უნდა მოქმედებდეს. მოსწავლეებს შეუძლიათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოიყენონ საკუთარი ხმები, მაგალითად, ხუთივე ხმა ერთ წესს მიანიჭონ, ან გადაანაწილონ სხვადასხვა წესზე. ხუთი წესი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, შეტანილი იქნება კლასის წესდებაში. მოსწავლეები გადაიტანენ მათ ფურცლებზე; თითოეული მოსწავლე თავის ხელმოწერას დაურთავს ფურცელს და იგი გამოიკვრება კედელზე. ეს წესები კლასში მუდმივად უნდა მოქმედებდეს.

განვლილი მასალის შეჯამება (როდესაც ამავდროულად ახალი წესები მიიღეს):  რა დაგვეხმარა? რა იყო ხელის შემშლელი? რაში მდგომარეობს თითოეული ჩვენგანის მიერ წესების შემუშავებაში შეტანილი წვლილი? შეგიძლიათ, დაასახელოთ მოსწავლე ან მოსწავლეები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს წესების შემუშავებაში? რაში გამოიხატება მათ მიერ შეტანილი წვლილი?

გაკვეთილი 3

მასწავლებელი მოკლედ აცნობს მოსწავლეებს ბავშვთა უფლებებს და მიმოიხილავს ძირითად საკითხებს ( მე- 3 თავი  – გაკვეთილი 2 და მე-4 თავი – გაკვეთილი1): ბავშვთა უფლებების შექმნა, ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპები დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან.

ამჯერად მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ბავშვთა შემდეგ უფლებებს (იხ. დანართი: ბავშვთა უფლებების დეკლარაცია):

  • მუხლი 12, შეხედულებებისა და ინტერესის გამოხატვის უფლება;
  • მუხლი 13, გამოხატვის თავისუფლება;
  • მუხლი 28, განათლების მიღების უფლება;
  • მუხლი 31, დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება.

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მიიღებს A4 ფორმატის ქაღალდის ფურცელს და მოსწავლეები მოამზადებენ სამუშაო ფურცელს ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით. მარცხენა ვიწრო სვეტში ისინი ჩამოწერენ მოცემულ ოთხ უფლებას, ფურცლის მთელ სიგრძეზე თანაბარი დაშორებებით. მარჯვენა ფართო სვეტში ისინი კონკრეტული უფლების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და ამ უფლებების შესაბამის ვალდებულებებს წერენ, რომელიც გულისხმობს როგორც პირველი პირის ვალდებულებებს, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს, ასევე სხვა პირების ვალდებულებებსაც. შესაძლებელია დაისვას შემდეგი კითხვები: იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეზობელი, მეგობარი ან თანაკლასელი სარგებლობს ამ უფლებით, რა ვალდებულებები ეკისრებათ მათ გარშემო მყოფთ? ან (მუხლი 28): რა ვალდებულებები ეკისრება საზოგადოებას და სკოლას განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად? როგორ შემიძლია მე, როგორც ამ კლასის წევრს, საკუთარი წვლილი შევიტანო მოცემული უფლების დაცვაში? მომდევნო გაკვეთილზე გაიმართება დისკუსია მიღებული შედეგების ირგვლივ.

ჯგუფის წევრები (სახელები)

უფლებები წესები და მოვალეობები

მუხლი 12

შეხედულებებისა და ინტერესის გამოხატვის უფლება

 

რას გულისხმობს ეს უფლება?

 

მუხლი 13

გამოხატვის თავისუფლება

 

რას გულისხმობს ეს უფლება?

 

მუხლი 28

განათლების მიღების უფლება

 

რას გულისხმობს ეს უფლება?

 

მუხლი 31

დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება

 

რას გულისხმობს ეს უფლება?

 

გაკვეთილი 4

მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ შედეგებს კლასის წინაშე (მე-3 გაკვეთილის მიხედვით). თითოეულ ჯგუფს ჰყავს თავისი მომხსენებელი. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეეხონ შემდეგ ასპექტებს:

  • როგორ მივუდექით ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანას (ჯგუფური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი)?
  • რა იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის (კრიტერიუმები და ღირებულებები)?
  • როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წესებს იცავენ ის ადამიანები, რომელთაც ამ წესების დაცვა ევალებათ (წესებისადმი დამოკიდებულება, წესების გატარება)? ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვთა ამ ოთხი უფლების შესრულებაზე?

სავარაუდო დასკვნა: მოსწავლეები თანხმდებიან კლასის წესებზე. ერთ-ერთი ჯგუფი იღებს დავალებას, წესებს მისცეს დოკუმენტის სახე, საჭირო გაფორმებით. ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს კლასის ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმაც. დოკუმენტში მოცემული წესები ძალაში რჩება იმ დრომდე, სანამ მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი წესებით. დოკუმენტი ყველასათვის საჩვენებელ ადგილზე უნდა გამოიფინოს ბავშვთა საყოველთაო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების განმავლობაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება დემოკრატია საკლასო გარემოში.