2. ბავშვთა უფლებები – ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესის ნაწილი
Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი II: ძირითადი ინფორმაცია » 2. ბავშვთა უფლებები – ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესის ნაწილიბავშვთა უფლებები და ის სტანდარტები, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყველა სახელმწიფო, უკლებლივ ყველა ბავშვისათვის ამ უფლებათა რეალიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე კონკრეტულად და სრულყოფილად ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული, ეს არის ბავშვის უფლებების კონვენცია. მოცემული კონვენცია ისტორიაში ყველაზე ფართოდ და საყოველთაოდ მიღებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებს შორის – მას ხელს აწერს მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ორი ქვეყნის გამოკლებით – და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო რეალიზაციისაკენ სწრაფვის საქმეში, ბავშვთა უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ ადგილს იმკვიდრებს. მოცემული დოკუმენტის რატიფიცირებით, სახელმწიფოთა მთავრობები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას, თავად დაიცვან და ყველა შესაძლო საშუალებით უზრუნველყონ ბავშვთა უფლებების დაცვა და, აგრეთვე, ისინი თანხმდებიან, ანგარიშვალდებულნი იყვნენ ან მიმართულებით მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა თუ მიღწევების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
მიუხედავად განსხვავებული სამართლებრივი სისტემებისა და კულტურული ტრადიციებისა, ბავშვის უფლებების კონვენცია საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სტანდარტებისა და ვალდებულებების კრებულს წარმოადგენს, რომელიც არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს. მასში ასახულია ადამიანის ის ძირითადი უფლებები, რომლებიც, მსოფლიო მასშტაბით, განურჩევლად ყველა ბავშვს ეკუთვნის.
- სიცოცხლის შენარჩუნების უფლება;
- სრულყოფილი და ჯანსაღი განვითარების უფლება;
- საზიანო ზემოქმედებისაგან, არასათანადო მოპყრობისა და ექსპლუატაციისგან დაცვის უფლება;
- ოჯახის, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული მონაწილეობის უფლება.
ყოველი უფლება, რომელიც შესულია აღნიშნულ კონვენციაში, წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, რომელიც ადამიანური ღირსების შენარჩუნებისა და ბავშვის ჰარმონიული განვითარების საფუძველს ქმნის. კონვენცია ბავშვთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სამართლებრივ, სამოქალაქო და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში სტანდარტების დაწესების საშუალებით. ეს სტანდარტები ერთგვარ ნიშნულებს ანუ საზომს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება ქვეყნების მიღწევების ამ თვალსაზრისით შეფასება. კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან, ნებისმიერი ქმედებისა თუ პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისას, იხელმძღვანელონ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებით.
ბავშვის უფლებების კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით სავალდებულო პირველ ინსტრუმენტს, რომელშიც გაერთიანებულია ადამიანის უფლებათა სრული სპექტრი – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ისევე, როგორც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. შემუშავებულ და მიღებულ იქნა ორი დამატებითი ოქმი, რომელთაგანაც ერთი ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობასა და ბავშვებით ვაჭრობას, ხოლო მეორე – ბავშვთა პროსტიტუციასა და ბავშვთა პორნოგრაფიას, აღნიშნული ოქმების დამატება ემსახურებოდა კონვენციის იმ დებულებათა გამყარებას, რომლებიც ამ სფეროს ეხება. აღნიშნული ოქმები ძალაში შევიდა 2002 წლის 12 თებერვალსა და 2002 წლის 18 იანვარს, შესაბამისად.
თანამედროვე საზოგადოების განვითარების დონე კიდევ ერთ კითხვას აჩენს: თავისუფლების უფლება პლურალისტული საზოგადოებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც სეკულარიზაციისა და ინდივიდუალური ცხოვრების წესის მაღალ დონეს განაპირობებს. ამგვარ საზოგადოებაში როგორ უნდა უზრუნველვყოთ მინიმალური კონსენსუსი იმ ძირითად ღირებულებებზე, რომლებიც საერთო იქნება ყველა მოქალაქისათვის?
ადამიანის უფლებებმა და ბავშვთა უფლებებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი მსოფლიოს გაუმჯობესების საქმეში, მსოფლიო გახდა ადგილი, სადაც ცხოვრება უფრო უსაფრთხო და ჰუმანურია, ვიდრე აქამდე იყო და, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების მოდერნიზების საქმეში. თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ ეს უფლებები ოდესმე ყურადღების მიღმა დარჩეს, ყოველმა ახალმა თაობამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მათ განვითარებაში, ახალ შეთანხმებებს მიაღწიოს მათ შესახებ და იბრძოლოს მათ დასაცავად, რათა აღასრულოს ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დოკუმენტებში ჩადებული პირობა.
ადამიანის უფლებებს, რომლებსაც ეფუძნება ბავშვთა უფლებები, ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, მათ წინამორბედად გვევლინება მსოფლიოს უდიდესი რელიგიები და ფილოსოფია. თანამედროვე ადამიანის უფლებებს განმანათლებლობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი და სათავე დაუდო ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებს. დღეს ისინი უფლებათა შესახებ კანონების სახით არის შესული თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების დაწერილ თუ დაუწერელ კონსტიტუციებში. მათი არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანის უფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ძლიერთა წინაშე სუსტების დაცვის საქმეში. სწორედ ამ ასპექტშია ბავშვთა უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანი: მცირეწლოვანები განეკუთვნებიან იმ ჯგუფებს, რომელთა სამართლებრივი სტატუსი აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე ძალიან სუსტია.
ადამიანის უფლებათა დაცვის როგორც სტიქიურად მიმდინარე, ასევე, ეტაპობრივმა პროცესმა, სათავე დაუდო ადამიანის უფლებათა შემდგომი თაობის დოკუმენტების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კლასიკური უფლებები, სოციალური უფლებები, რომლებიც თანასწორობის ღირებულებაზეა კონცენტრირებული და ეკოლოგიური და საზოგადოებრივი უფლებები, რომლებზე მსჯელობაც დღევანდელ დღემდე გრძელდება და რომლებიც მოიცავს განვითარებისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს, მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ერთიან მსოფლიოში, და ბოლოს, ბავშვთა უფლებები.
ადამიანის უფლებებზე და ბავშვთა უფლებებზე მუშაობა, მათი დახვეწისა და განვითარების მიზნით, კვლავ გრძელდება და ალბათ მუდამ გაგრძელდება: ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო ხასიათი არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. დიქტატორული და დესპოტური რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების ხელყოფის შემთხვევები მრავლად არის მთელ მსოფლიოში; გარდა ამისა, თანამედროვე საზოგადოებისა და ტექნოლოგიების განვითარების დინამიკა ახალ-ახალ საფრთხეებს ქმნის, ახალ კითხვებს წარმოშობს და ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. მაგალითად, როგორ შეიძლება დავიცვათ კომუნიკაციის კონფიდენციალობა ინტერნეტის ხანაში?
ადამიანის უფლებებმა უდიდესი დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა და საერთო ეთიკის საფუძვლად და ჩარჩოდ იქცა მას შემდეგ, რაც მათი გაერთიანება მოხდა კანონთა კრებულის სახით ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ. ეს დოკუმენტები წარმოადგენს იმ ერთადერთ ღირებულებათა კრებულს, რომელსაც აქვს პერსპექტივა, საყოველთაოდ იქნეს მიღებული და აღიარებული მსოფლიო საზოგადოების მიერ.
თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, არამართებულად გამოიყენოს საკუთარი სუვერენიტეტის უფლება და ამით გაამართლოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დარღვევები საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, უპასუხოდ რჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვა დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც სუვერენული, როგორც დემოკრატიული, ასევე, დიქტატორული სახელმწიფოებისაგან შედგება. როგორც ჩანს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია სრულყოფას საჭიროებს, რათა დაცული იყოს მშვიდობა არა მარტო სახელმწიფოებს შორის, არამედ სახელმწიფოებს შიგნითაც.
ადამიანის უფლებები და მასთან დაკავშირებული ბავშვთა უფლებები – საყოველთაო უფლებებს წარმოადგენს. მათი დაცვა და უგულებელყოფა მათი პირობის დარღვევაში გამოიხატება. ეს უფლებები განუყოფელია, დაუშვებელია მათი ქცევა ვაჭრობის საგნად, მათი აღქმა მხოლოდ დასავლური სამყაროს პოლიტიკური კულტურის ნაწილად. ადამიანის უფლებები ბუნებრივ უფლებებს წარმოადგენს – ისინი ხელშეუვალია. ამრიგად, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიანიჭოს ან ჩამოართვას მის მოქალაქეებს თუ არამოქალაქეებს ეს უფლებები, მათ შეუძლიათ, მხოლოდ აღიარონ და დაიცვან ისინი. ადამიანის უფლებები გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პიროვნებაზე, და არა პირიქით. ადამიანის უფლებებით სარგებლობს უკლებლივ ყველა ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ეროვნებისა და ა.შ. თუმცა ადამიანის უფლებები ვალდებულებებსაც მოიცავს. მაგალითად, ადამიანის უფლება, იყოს თავისუფალი, წონასწორობაში უნდა იყოს სხვების უფლებასთან, იყვნენ თავისუფალნი. თავისუფლების უფლებით სარგებლობა არ ნიშნავს სხვების თავისუფლების უფლების შეზღუდვას. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს სხვების შეურაცხყოფის უფლებას. ზოგიერთ ქვეყანაში საკუთრების უფლება, რომელიც ვრცელდება ფაბრიკა-ქარხნებსა და წარმოების საშუალებებზე, დაბალანსებულია კანონით, რომელიც აკონტროლებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს დაქირავებულთა უფლებებს. ადამიანის უფლებათა დაბალანსებისა და შეზღუდვის საკითხები მუდმივად დგას განსახილველ თუ სადავო საკითხთა დღის წესრიგში, რომლებიც საჭიროებენ მოგვარებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებისა თუ კონსტიტუციური იურისდიქციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების საშუალებით. ამით აიხსნება ადამიანთა უფლებების სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შექმნა დემოკრატიული ქვეყნების მიერ მსოფლიო მასშტაბით. |