1. ბავშვის უფლებათა კონვენციის მოსწავლის ვერსია

Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი 3: დოკუმენტები და სასწავლო მასალები » 1. ბავშვის უფლებათა კონვენციის მოსწავლის ვერსია

რა საჭიროა ბავშვის უფლებათა კონვენციის მოსწავლის ვერსია?

ბავშვის უფლებათა კონვენციის ვერსია, რომელიც შეიმუშავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეა და რომლის რატიფიცირებაც მოახდინა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, წარმოადგენს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია მეტად ტექნიკური და რთული ენით, და თუკი გვსურს მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, მაშინ აუცილებელია ისეთი დოკუმენტის მიწოდება, როგორიცაა ბავშვის უფლებათა კონვენცია, მოხდეს მათთვის გასაგებ ენაზე. ამასთანავე, კონვენციის 42-ე მუხლის თანახმად, მთავრობა ვალდებულია სხვადასხვა ფორმით მიაწოდოს ახალგაზრდებს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ეს ვარიანტი განსხვავდება ორიგინალური ტექსტისგან და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს აქტიურად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით. ამ სახით, შესაძლებელი ხდება უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზროს საკუთარი უფლებები.

და ბოლოს, რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა?

უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ განიხილება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია აღწერს უფლებებს, რომლებიც გარანტირებულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის სახელმწიფოს მიერ. ყველა ფუნქციური ურთიერთობის დროს, როგორიცაა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სკოლასთან, სპორტულ  კლუბებსა ან ქვეყნებს შორის ურთიერთობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების მიმართ და რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენს მიმართ. ამ ორი ძირითადი პასუხისმგებლობიდან უმთავრესია სხვების მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობა/ტოლერანტობა. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია აღწერს სახელმწიფოების ძირითად პასუხისმგებლობებს 18 წლამდე ასაკის ადამიანების მიმართ.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მოსწავლის ვერსია

მუხლი

მოკლე დასახელება

მოკლე აღწერა

1

ბავშის განმარტება

ბავშვად ითვლება ადამიანი 18 წლამდე.

2

დისკრიმინაციის დაუშვებლობა

წინამდებარე კონვენციაში შესული უფლებები ვრცელდება ყველა ბავშვზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობისა.

3

ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები

ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების დროს, უწინარეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესები.

4

უფლებების განხორციელება

ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების განხორციელება.

 5

მშობლების პატივისცემა

სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს, რათა მათ იხელმძღვანელონ, თუ როგორ ისარგებლონ ბავშებმა უფლებებით. (სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშობლის, ოჯახის წევრის ან/და კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და მოვალეობები.)

6

სიცოცხლისა და განვითარების უფლება

ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება. აგრეთვე, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სიცოცხლის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით.

7

სახელი, გვარი და ეროვნება

ყველა ბავშვს დაბადებისთანავე უფლება აქვს, ქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე, უფლება, იცნობდეს საკუთარ მშობლებს და იზრდებოდეს მათ გარემოცვაში, მათი მზრუნველობის ქვეშ.

8

პიროვნულობის შენარჩუნება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენილი მათი პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები.

9

მშობლებისგან დაშორება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და არ იყოს მათგან დაშორებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი დაშორება აუცილებელია მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ ნებისმიერი სასამართლო მოსმენისა და საქმის განხილვის პროცესზე, რომელიც მშობლებისაგან დაშორების საქმეს ეხება. თუ მშობლებისაგან დაშორების გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, მანვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობლების ადგილსამყოფელის შესახებ.

10

ოჯახური კავშირების აღდგენა

საჭიროების შემთხვევაში, ყველა ბავშს უფლება აქვს, დატოვოს ან დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, რათა იცხოვროს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად.

11

ბავშვების გატაცება და დაკავება

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვების გატაცება და ქვეყნიდან მათი არალეგალური გაყვანა, მშობლების ან სხვა პირების მიერ.

12

საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება

ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი შეხედულებები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მას ეხება, განსაკუთრებით ნებისმიერ სასამართლო პროცესზე ან ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც მას ეხება. ზრდასთან ერთად, ბავშვის შეხედულებები სულ უფრო და უფრო უნდა იყოს გათვალისწინებული.

13

გამოხატვის თავისუფლება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი და, ასევე, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ზეპირი ან ბეჭდური ფორმით ან ხელოვნების ნიმუშის სახით. მისი პასუხისმგებლობაა, საკუთარი აზრი გამოთქვას ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებსა და რეპუტაციას.

14

სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლება

ყველა ბავშვი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიური რწმენის თავისუფლებით. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს  მშობლებისა და მეურვეების უფლებებს, ბავშის მიერ ამ უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში.

15

გაერთიანებების ჩამოყალიბების თავისუფლება

ყველა ბავშვის უფლებაა, გაერთიანდეს სხვებთან და შექმნას საკუთარი გაერთიანებები. მათი პასუხისმგებლობაა, ისარგებლოს ამ უფლებით ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებს და დაიცვას მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

16

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ყველა ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან პირადი კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება. მათ ასევე აქვთ უფლება, შელახვისაგან იყოს დაცული  მათი ღირსება და რეპუტაცია.

17

შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა და მასალის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ინფორმაციისა.

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც შესაძლოა მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

18

მშობლებისა და მეურვეების პასუხისმგებლობა

მშობლები და მეურვეები ვალდებულები არიან,  იზრუნონ ბავშის აღზრდაზე და ეს ვალდებულება მათ აკისრიათ უპირველეს ყოვლისა. თუ მშობლები ან მეურვეები მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ, რათა ბავშს არ მოაკლდეს სათანადო მზრუნველობა.

19

ძალადობისგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ ექსპლუატაციისაგან. მას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, თუ როგორ აიცილოს თავიდან ამგვარი მოპყრობა და როგორ მოიქცეს მის მიმართ ამგვარი მოპყრობის გამოვლენის შემთხვევაში.

20

მზრუნველობამოკლებული ბავშვები

თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახურ გარემოს, მას აქვს უფლება, ისარგებლოს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღსაზრდელად მიბარება სხვა ოჯახის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ენობრივი წარმომავლობა და თავისებურებები.

21

შვილად აყვანა

იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვის შვილად აყვანა დაშვებულია, ბავშვის შვილად აყვანა უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით და ამ პროცესს უნდა ზედამხედველობდეს კომპეტენტური უწყება.

22

   ლტოლვილი ბავშვები

სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ, სამშობლოდან დევნილ, ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვებზე და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ სათანადო დახმარება.

23

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სპეციალური მზრუნველობით და მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს საზოგადოებაში ღირსეულად და სრულყოფილად ცხოვრება.

24

ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება

ყველა ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებითა და დახმარებით. სახელმწიფო ვალდებულია, ებრძოლოს ბავშვთა სიკვდილიანობას, უზრუნველყოს ბავშვების სამედიცინო მომსახურება, სრულფასოვანი კვება და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო ინფორმაციის მიწოდება, პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება და იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

25

პირობების შემოწმება სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ბავშვი იმყოფება სპეციალური მეურვეობის ან მზრუნველობისა და მკურნალობის ქვეშ, სახელმწიფო რეგულარულად უნდა ამოწმებდეს მის მდგომარეობას.

26

სოციალური უსაფრთხოება

ყველა ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის  და სოციალური დაზღვევის პროგრამებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება უნდა ითვალისწინებდეს არსებულ რესურსებს და მშობლებისა და მეურვეების მდგომარეობას.

27

ცხოვრების პირობები

ყველა ბავშვს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობისათვის. მშობლები ან მეურვეები ვალდებულები არიან, შეუქმნან ცხოვრების ნორმალური პირობები და დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მშობლებს და მეურვეებს ამ პირობების შექმნაში.

28 განათლება

ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაწყებითი განათლება იყოს სრულიად უფასო და სავალდებულო, ხოლო საშუალო და უმაღლესი განათლება იყოს ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვა.

29

საგანმანათლებლო მიზნები

სასკოლო განათლებამ უნდა განავითაროს თითოეული ბავშვის პირადი თვისებები და ნიჭი, მოამზადოს სრულწლოვანების ასაკისთვის და ხელი შეუწყოს რომ პატივისცეს ბავშვთა უფლებებს და საკუთარ და სხვათა კულტურას და ღირებულებებს.

30

უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები

უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვს უფლება აქვს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა.

31

დასვენება და თამაში

ყველა ბავშვს უფლება აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

32

ბავშვთა შრომა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, აფერხებს  განათლების მიღების პროცესს და განვითარებას. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს პირისათვის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი, განსაზღვროს სამუშაო დღის ხანგრძლივობა და შრომის პირობები.

33

ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს არალეგალური ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან და მათ წარმოებასა და გავრცელებაში მონაწილეობისაგან.

34

სექსუალური ექსპლუატაციისაგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან, მათ შორის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიულ მასალებში გამოყენებისაგან.

35

დაცვა ვაჭრობის საგნად და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევისაგან

სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა არ დაუშვას ბავშვის მოტაცება, ტრეფიკინგი ან გაყიდვა.

36

ყველა სხვა სახის ექსპლუატაცია

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის (მაგ: მათხოვრობა).

37 დასჯა და უკანონო დაკავება

ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისაგან, არასათანადო მოპყრობის ან სასჯელისაგან და უკანონო დაკავებისაგან ან თავისუფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ეპყრობოდნენ ჰუმანურად და მისი ღირსების შელახვის გარეშე, იგი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისაგან და მას უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და უნდა სარგებლობდეს სამართლებრივი დახმარებით.

38 ომი და შეიარაღებული კონფლიქტი

15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სამხედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.

39 რეაბილიტაცია  და ინტეგრაცია

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად.

40 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ბავშვი, რომელიც კანონის დარღვევაშია ბრალდებული, სარგებლობს უფლებით, მისდამი მოპყრობა არ იყოს მისი ღირსების შემლახავი, ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ არ იქნება მიჩნეული დამნაშავედ, გაეცნოს მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, იყოს გასამართლებული სამართლიანად, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემა, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთავრობა ვალდებულია, განსაზღვროს პიროვნების ის მინიმალური ასაკი, რომლის მიღწევამდეც, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი. აგრეთვე, ბავშვებისათვის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსების შემცვლელ სხვადასხვაგვარ ალტერნატიულ ღონისძიებებს.

41 უმაღლესი ეროვნული სტანდარტების უპირატესობა

თუკი ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც იცავს ბავშვებს და მოზარდეს ბავშვის უფლებათა კონვენციაზე უკეთ, მაშინ აუცილებელია ამგვარი კანონის გამოყენება.

42 ბავშვთა უფლებების გასაჯაროება

ყველა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ გასაგები და იოლი ფორმით გააცნონ ბავშვთა უფლებები მოზრდილებს და ბავშვებს.