სავარჯიშო 1.3. – პირადი გერბი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 1 – საკლასო გარემოს შექმნა » სავარჯიშო 1.3. – პირადი გერბი
საგანმანათლებლო მიზანი

თვითშეფასების ამაღლება; მოსწავლეებს ეძლევათ სტიმული, განსაზღვრონ თავიანთი დადებითი მხარეები.

ჯგუფები აყალიბებენ საერთო მიზნებს.

შენიშვნა სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად და აქტიურად ჩაებან მუშაობაში. განსაკუთრებით პროდუქტიულია მოცემული სავარჯიშოს შეტანა ახლად ჩამოყალიბებულ კლასში ან კურსის დასაწყის ეტაპზე.
რესურსები პოსტერი გერბის გამოსახულებით, მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, სურათები ჟურნალებიდან და ა.შ.

მსვლელობა

  1. კლასის დაჯგუფების „თამაშის“ გამოყენებით (ბარათების დარიგება, ჟონგლიორთა, მევიოლინეთა და ა.შ. ჯგუფების შექმნის მიზნით), კლასი იყოფა ჯგუფებად. თითო ჯგუფი უნდა შედგებოდეს ოთხი მოსწავლისგან.
  2. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. მათ აქვთ ერთი, საერთო ფურცელი, სადაც გამოსახულია გერბის კონტურები; გარდა ამისა, ყოველ მათგანს აქვს გერბის ძირითადი კონტურიდან ამოჭრილი მეოთხედი.
  3. ამოცანა:
    ინდივიდუალური სამუშაო:

    • გააკეთეთ ჩანაწერები შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებით:
      – როგორ აღიქვამ საკუთარ თავს?
      – რა გჭირდება?
      – რისი კეთება შეგიძლია?
      – რას ნანობ, როცა შენს ცხოვრებაზე ფიქრობ?
    • დახატე (ან აარჩიე) ერთი ან რამდენიმე სიმბოლო, რომელიც ესადაგება შენი ჩანაწერების შინაარსს (გამოიყენე ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, სურათები ჟურნალიდან და ა.შ.).

    ჯგუფური სამუშაო:

    • განუმარტე შენი სიმბოლოების მნიშვნელობა შენი ჯგუფის წევრებს;
    • დააწებეთ თქვენ მიერ გაფორმებული ნაწილები სათანადო ადგილას საერთო გერბზე;
    • შექმენით ან იპოვეთ თქვენი გუნდის საერთო სიმბოლო და დაიტანეთ გერბის ცენტრში; მოიფიქრეთ ლოზუნგი, რომელიც გამოხატავს თქვენს საერთო მოსაზრებას და დაიტანეთ გერბის ზედა ნაწილში გამოსახულ გრაგნილზე; მოიფიქრეთ სახელწოდება თქვენი ჯგუფისთვის და დაიტანეთ გერბის ქვედა ნაწილში გამოსახულ დროშაზე.
  4. თქვენი გერბი დასრულებული სახით წარუდგინეთ კლასს და გამოფინეთ სხვა ჯგუფების მიერ შექმნილი გერბების გვერდზე.

მასალა

V6_P16