სავარჯიშო 1.5. – ჩინური ჩხირები

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 1 – საკლასო გარემოს შექმნა » სავარჯიშო 1.5. – ჩინური ჩხირები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. ისინი საკუთარი გამოცდილებით აცნობიერებენ, რას ნიშნავს, იყო დამოკიდებული სხვაზე და სხვა იყოს დამოკიდებული შენზე (ურთიერთდამოკიდებულება).
რესურსები ჩინური ჩხირები ან ფანქრები, ბურთულიანი კალმები და ა.შ. (დაახლოებით 15 სმ სიგრძის)

მსვლელობა

  1. მოსწავლეები იყოფიან დაახლოებით რვა–რვაკაციან ჯგუფებად. მასწავლებელი ჯგუფებს აცნობს თავიანთ ამოცანას: ჯგუფებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ რბოლაში (შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, სავარჯიშო ჩატარდეს სკოლის ეზოში).
  2. ჯგუფები ლაგდებიან მწკრივებად, ჯგუფებს შორის 1–1.5 მეტრის დაშორებით.
  3. მოსწავლეები საჩვენებელი თითის წვერებით აქეთ–იქიდან იჭერენ ჩინურ ჩხირებს (ან ფანქრებს, ბურთულიან კალმებს). ჩხირები აკავშირებს გუნდების წევრებს ერთმანეთთან.
  4. მოსწავლეებმა, ისე, რომ ხელი არ გაუშვან ჩხირებს, უნდა მიაღწიონ მიზნამდე, მაგალითად, ეზოს ბოლომდე. თუ გუნდიდან ორი მოსწავლე ხელს გაუშვებს მათ დამაკავშირებელ ჩხირს, მთელი გუნდი უბრუნდება საწყის პოზიციას და თავიდან იწყებს სირბილს. გუნდს თავად შეუძლია, აირჩიოს საკუთარი სტრატეგია, თუ როგორ დაფაროს გასარბენი მანძილი ისე, რომ არ გაწყდეს კავშირი გუნდის წევრებს შორის.

    იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გაუჭირდებათ მოსწავლეებს ამ სავარჯიშოს შესრულება, წესები შეიძლება გართულდეს ან გამარტივდეს.

გაგრძელება

  1. ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება დამკვირვებლის ფუნქცია იტვირთოს და კომენტარი გააკეთოს იმის თაობაზე, თუ როგორ თანამშრომლობდნენ გუნდის წევრები ერთმანეთთან.
  2. სავარჯიშოს შესრულების პროცესი შეიძლება ფირზე იქნას გადაღებული და შემდეგ გაიმართოს განხილვა გუნდების მიერ დემონსტრირებული თანამშრომლობის შესახებ.