სავარჯიშო 2.1. – ტივობანა

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 2 – ღირებულებების განსაზღვრა » სავარჯიშო 2.1. – ტივობანა
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან ღირებულების ცნებას.

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ ცრუ სტერეოტიპები.

რესურსები ბარათები, რომელზეც მოცემულია პერსონაჟების აღწერა.

მსვლელობა

ტივი, რომელზეც ცხრა ადამიანი იმყოფება, დინებამ ღია ზღვაში გაიტაცა. მათ არ იციან, ზუსტად სად იმყოფებიან. ტივი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ყველა მათგანი დაიტიოს. საჭიროა ოთხი მგზავრის ტივიდან ზღვაში გადაგდება.

ვინ უნდა იყოს ეს ოთხი მგზავრი და რატომ მაინცდამაინც ისინი?

მოსწავლეები იღებენ თითო ბარათს, სადაც აღწერილია ის პერსონაჟი, რომლის როლიც უნდა შეასრულონ.

მათი ამოცანა მხოლოდ როლის შესრულებით არ შემოიფარგლება; თავიანთი პერსონაჟის მოკლე დახასიათების გამოყენებით, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, მოიფიქრონ ის მიზეზები, თუ რატომ იმსახურებს მათი პერსონაჟი ტივზე დარჩენას უფრო მეტად, ვიდრე სხვა პერსონაჟები. მოსწავლეები საუბრობენ პირველ პირში – „მე“. ბარათებში აღწერილია სიტუაცია და ის, თუ რა რისკის წინაშე დგანან პერსონაჟები. კლასში, პირველი ათი წუთის განმავლობაში, სრული სიჩუმე უნდა სუფევდეს.

  1. მოსწავლეები მუშაობენ ოთხ–ექვსკაციან ჯგუფებად.

    ყოველი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დარჩეს ტივზე და გადარჩეს, იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც როლების შემსრულებელი მოსწავლეების მიერ იქნა წამოყენებული. მოსწავლეებს შორის ინტერაქციის გასაღრმავებლად, სასურველია, როლების შემსრულებელმა მოსწავლეებმა არა მარტო წამოაყენონ არგუმენტები საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, არამედ პოლემიკაში შევიდნენ ერთმანეთთან. კოლექტიური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გადააგდონ ნავიდან, მიღებული უნდა იყოს 20 წუთის შემდეგ.

  2. თითოეული ჯგუფი განცხადებას აკეთებს ჯგუფის წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე; ჯგუფები ერთმანეთს ადარებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.
  3. კლასი ერთად ცდილობს, ამოიცნოს ის ღირებულებები და ცრუ სტერეოტიპები, რომელიც სავარჯიშოს შესრულების დროს გამოიკვეთა.

მასალა

სხვადასხვა პერსონაჟის მაგალითები

35 წლის დეკორატორი, მარტოხელა, აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ მოძრაობაში. ბოშა, რომელიც ახლახან გამოვიდა ციხიდან.
აივ დადებითი მეძავი. მოხუცი ქალი, ქვრივი, რომელიც საკუთარ სამშობლოში ბრუნდება შვილის სანახავად, თან მიაქვს საკუთარი დანაზოგი.
რუსი პიანისტი, ორი შვილის მამა. ინგლისელი სკინჰედი ნასვამ მდგომარეობაში.
15 წლის მოზარდი, მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. მოხუცი ამერიკელი, წარსულში კარგად ცნობილი ბეისბოლის მოთამაშე.
ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ახალგაზრდა დედა, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი.
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კუთვნილი შვებულებიდან ბრუნდება.