თავი 3 – ადამიანის უფლებების გაცნობა

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 3 – ადამიანის უფლებების გაცნობა

V6_P25&94

წინასიტყვაობა

ილუსტრაციაზე გამოსახულია მთელი რიგი იმ საგნებისა, რომელიც კარგად არის ცნობილი ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ყოველი მათგანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ადამიანის ან ბავშვის ერთ-ერთი უფლების სიმბოლო – კარავი (დასვენება), ქოლგა (დაცვა), თეფში კერძით (ფიზიკური მოთხოვნილებები), წიგნი (განათლება, აზრის თავისუფლება), სათამაშო დათუნია (მოცალეობა და გართობა), დროშა (სახელმწიფოს მიერ მოქალაქის უფლებების დაცვა), პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები (სამედიცინო მომსახურება), კონვერტი (კომუნიკაციისა და გამოხატვის თავისუფლება), სახლი (საკუთრება). გლობუსი შეიძლება აღვიქვათ, როგორც  ადამიანის უფლებათა საყოველთაო ხასიათის სიმბოლო. საგნები ერთმანეთის თავზეა განლაგებული და ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორ ბრუნავს თითოეული მათგანი. ამგვარად, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ქმნიან. მთლიანობაში მათ გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ცალ–ცალკე აღებულს. თუ ერთ–ერთ საგანს გამოვაცლით, მთელი სტრუქტურა ჩამოიშლება.

ეს ილუსტრაცია იმის მანიშნებელია, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი შეხედვით მარტივი სიმბოლო. ადამიანის უფლებების სიმბოლოებთან დაკავშირების სავარჯიშო შეიძლება მივცეთ მცირეწლოვან მოსწავლეებსაც, ისევე როგორც ზედა საფეხურის მოსწავლეებს, თავისთავად. ამით მათ საშუალება ეძლევათ, თავიანთი გამოცდილება ადამიანის უფლებებთან დააკავშირონ და გააანალიზონ მათ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების მნიშვნელობა. ამ თავში მოცემული რამდენიმე სავარჯიშო ამ მიდგომაზეა აგებული.

მოცემულ თავში წარმოდგენილი სავარჯიშოები ადამიანის უფლებებს ეხება – ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ბირთვს. სხვა თავებში ყურადღება გამახვილებულია, მაგალითად, ღირებულებებზე, რაც ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებით სწავლებას – სადაც ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს პედაგოგიურ მიდგომას. მოცემული სავარჯიშოები ემსახურება ადამიანის უფლებების შესწავლას:

  • ადამიანის უფლებების ცოდნა: მოსწავლეებმა დეტალურად იციან ადამიანის ერთი ან რამდენიმე უფლების შესახებ და ესმით მათი ძირითადი პრინციპები;
  • ადამიანის უფლებების კითხვა – აუჩქარებლად და ყურადღებით, რადგან ყოველ სიტყვას აქვს თავისი მნიშვნელობა;
  • ადამიანის უფლებების კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან; მოსწავლეები განიხილავენ თავიანთ გამოცდილებას, სურვილებსა და მოთხოვნილებებს ადამიანის უფლებათა ჭრილში.

ეს მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ზოგიერთი სავარჯიშო ეფუძნება პრაქტიკული სწავლის პრინციპს. მოსწავლეები ამზადებენ პოსტერს ან ავსებენ საგანძურის სკივრს და ქმნიან სიმბოლოებს, რომლებიც ადამიანის გარკვეულ უფლებებს უკავშირდება. მსგავსი სავარჯიშოები მოსწავლეებში შემოქმედებით უნარს აღვიძებს და განსხვავდება სტანდარტული, ტექსტზე დაფუძნებული მიდგომისაგან.

ყველა სავარჯიშო კლასში გულდასმით განხილვას მოითხოვს. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ  ადამიანის უფლებები შეიძლება დარღვეულ იქნას და, შესაბამისად, საჭიროა მათი დაცვა კანონით, ამ კანონის აღსრულების საშუალებებით (პოლიცია, სადამსჯელო სისტემა).

მოზრდილ მოსწავლეებთან შესაძლებელია დამატებითი სამუშაოს ჩატარება. ადამიანის უფლებები ძირითადი უფლებებია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ სჭირდება, მიანიჭოს და არა აქვს უფლება, ჩამოართვას იგი თავის მოქალაქეებს. მოსწავლეებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ადამიანის უფლებების შესახებ არსებული ძირითადი დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენს უფლებებს აქვს საზღვრები და ამ საზღვრებს სხვათა უფლებების დაცვა განსაზღვრავს. ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ განვახორციელოთ ეს, სხვა შემთხვევაში კანონმდებლებს და მოსამართლეებს მოუწევთ, მიიღონ გადაწყვეტილება ამის თაობაზე. როგორც ევროპის საბჭოს ან არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშებიდან ვიგებთ, ზოგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დამრღვევის როლში სახელმწიფო გვევლინება. ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიმართონ ეროვნულ საკონსტიტუციო სასამართლოებს ან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში.