სავარჯიშო 4.6. – ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, მაგრამ ზოგნი უფრო მეტად

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს » სავარჯიშო 4.6. – ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, მაგრამ ზოგნი უფრო მეტად
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები განსაზღვრავენ და აანალიზებენ დისკრიმინაციის მიზეზებსა და მოტივებს.

სავარჯიშოში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაში წარმატების შესაძლებლობებზე სოციალურ–ეკონომიკურ ფაქტორებს.

რესურსები დიდი ფორმატის მყარი ფურცლები და მარკერები.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში თანაბარი რაოდენობის მოსწავლე უნდა იყოს. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსს. ყოველ ჯგუფს გადაეცემა ფურცელი და მარკერი.
  2. მასწავლებელი ჯგუფების ერთ ნაწილს სთხოვს, დახატონ საზოგადოებაში წარმატებული ფიგურის კარიკატურა, ხოლო მეორე ჯგუფს – წარუმატებელი ფიგურის კარიკატურა.
  3. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფიგურას მიანიჭონ შემდეგი მახასიათებლები: სოციალურ–ეკონომიკური სტატუსი, პროფესია, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, დროის გატარების საშუალებები, ჩაცმულობის სტილი, გარეგნობა, ცხოვრების სტილი, საცხოვრებელი ადგილი, ჩვევები.
  4. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაცვალონ თავიანთი ნამუშევრები და სცადონ, გაშიფრონ სხვა ჯგუფის მიერ დახატული კარიკატურა.
  5. მოსწავლეები სხვა ჯგუფიდან მიღებულ კარიკატურებს აკრავენ კედელზე და მთლიან კლასს აცნობენ მოცემული კარიკატურის თავიანთი ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ აღწერას.
  6. კარიკატურის შემქმნელი ჯგუფი კომენტარს აკეთებს იმის თაობაზე, თუ რა იყო მათი განზრახვა. კარიკატურების შესახებ მოსაზრებების გაცვლა–გამოცვლის დროს და იმის შესახებ მსჯელობისას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს კარიკატურები მნახველზე, მოსწავლეები სავარაუდოდ შეეხებიან შემდეგ საკითხებს:
    • რა არის წარმატების ძირითადი მახასიათებელი?
    • რა არის წარუმატებლობის ძირითადი მახასიათებელი?
    • რა ფაქტორები განაპირობებენ სხვაობას „წარმატებულებსა“ და „წარუმატებლებს“ შორის?
    • განეკუთვნებიან თუ არა მოცემული ფიგურები გარკვეულ ჯგუფს?
    • ყველა ადამიანს წარმატების თანაბარი შესაძლებლობა აქვს მათი სოციალური ფონის მიუხედავად?

გაგრძელება

რა მიზეზები იმალება იმ ადამიანების დისკრიმინაციისა და გარიყვის მიღმა, რომლებიც განსხვავებულები არიან თავიანთი კულტურით, წარმომავლობით, ენით და ა.შ.?

რა არის ადამიანებს შორის უთანასწორობის მიზეზი? შესაძლებელი და სასურველია თანასწორობა თუ არა?