სავარჯიშო 5.5. – სამართლიანობის სხვადასხვაგვარი აღქმა

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 5 – სამართლიანობის აღსრულება » სავარჯიშო 5.5. – სამართლიანობის სხვადასხვაგვარი აღქმა
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სამართლიანობა სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული.

მოსწავლეები ეცნობიან უფლებებსა და მოვალეობებს შორის კავშირს.

რესურსები სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისთვის, ვარიანტები ა. და ბ.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ირჩევენ ადამიანის ერთ–ერთ უფლებას განსახილველად.
  2. მოსწავლეები ქმნიან ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებს.ყოველი ჯგუფი, თავისთავად, იყოფა ორად. ერთი ნაწილი ხელმძღვანელობს მასალით – ვარიანტი ა; მეორე – მასალით ვარიანტი ბ.

    ყოველი ქვეჯგუფი ამზადებს მათ ვარიანტში ჩამოყალიბებული მოსაზრებების დამადასტურებელ არგუმენტებს.

  3. ქვეჯგუფები ჯგუფის სახით იყრიან თავს და ყოველი ა ქვეჯგუფი აცნობს საკუთარ არგუმენტებს ბ ქვეჯგუფს, რომელიც ამ დროს ყურადღებით უსმენს და აკეთებს ჩანიშვნებს.შემდეგ ბ ქვეჯგუფი აცნობს საკუთარ არგუმენტებს ა ქვეჯგუფს.

    ამ პროცედურის შემდგომ, ჯგუფის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეჯგუფის წევრები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს.

  4. ა და ბ ქვეჯგუფის წევრები ცვლიან როლებს. მასწავლებელი მოსწავლეებს სავარჯიშოს ამ ეტაპის თაობაზე წინასწარ არ აწვდის ინფორმაციას.მოსწავლეებს ეძლევათ რამდენიმე წუთი, რათა გადაამოწმონ საკუთარი არგუმენტები.
  5. ჯგუფები ცდილობენ, შეიმუშაონ საერთო პოზიცია და წერილობით ჩამოაყალიბონ იგი.
  6. კითხვები განსჯისთვის:
    • რა სირთულეებს გადააწყდით საერთო პოზიციის შემუშავების დროს?
    • გაგიადვილათ როლების გაცვლამ საერთო პოზიციის შემუშავება თუ პირიქით?

გაგრძელება

მასწავლებელი (ან მოსწავლეები) ასახელებენ მაგალითებს, სადაც გამოხატვის თავისუფლება (ან ბავშვთა შრომა) სადავო საკითხს წარმოადგენს.

  • როგორ შეიძლება დავიცვათ წონასწორობა უფლებებსა და მოვალეობებს შორის?
  • არსებობს მოვალეობები – ან უფლებები – რომლებიც გარკვეული უფლებების შეზღუდვას იწვევენ?

რეკომენდებულია მედიაინფორმაციის გამოყენება მაგალითის შესწავლის თვალსაზრისით. შეიძლება განხილულ იქნეს ადამიანის სხვა უფლებები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება ან საკუთრების უფლება.

მასალა

ვარიანტი ა: გამოხატვის თავისუფლება

სამართლიან საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს და არ შეიძლება მისი შეზღუდვა. განიხილეთ შემდეგი საკითხები:

  • ცენზურის უარყოფითი გავლენა;
  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და მასთან დაკავშირებული უკმაყოფილების პოლიტიკური შედეგები;
  • რა გარემოებების გამო ზღუდავენ სხვა ქვეყნები  ამ თავისუფლებას;
  • რა მნიშვნელობა აქვს გამოხატვის თავისუფლებას დემოკრატიისთვის;
  • ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა.

ვარიანტი ა: ბავშვთა შრომა

კანონი უნდა კრძალავდეს ბავშვთა შრომას, რათა არ შეიზღუდოს ბავშვის თამაშის, განათლების მიღებისა და მისი განვითარებისთვის აუცილებელ პირობებში ცხოვრების უფლება. განიხილეთ შემდეგი საკითხები:

  • ბავშვი არასაკმარის განათლებას იღებს, როდესაც იგი იძულებულია, იმუშაოს;
  • ხშირად ბავშვებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა;
  • ბავშვთა შრომას ხშირად ბოროტად იყენებენ, ვინაიდან ბავშვებს არ გააჩნიათ უსამართლო მოპყრობისგან თავდაცვის უნარი;
  • ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა.

ვარიანტი ბ: გამოხატვის თავისუფლება

სამართლიან საზოგადოებაში ხშირად საჭიროა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რათა დაცულ იქნეს ადამიანის უფლებები. განიხილეთ შემდეგი საკითხები:

  • რასისტული გამონათქვამების გავლენა უმცირესობათა ჯგუფებზე;
  • როდესაც წარმოთქმული სიტყვა ძალადობის წამქეზებელია;
  • ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევა მოჰყვება შედეგად;
  • უფლებების პარალელურად ჩვენ გვაქვს ვალდებულებები;
  • ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა.

ვარიანტი ა: ბავშვთა შრომა

რთულ ეკონომიკურ პირობებში ოჯახის გადასარჩენად და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, იმუშაოს და ოჯახის შენახვაში დაეხმაროს მშობლებს. განიხილეთ შემდეგი საკითხები:

  • საზოგადოებაში, სადაც მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, ბავშვები ხშირად შემოსავლის ერთადერთ შემომტანებს წარმოადგენენ;
  • ბევრ საზოგადოებაში არსებობს ბავშვთა შრომის ტრადიცია;
  • ბავშვისთვის პროდუქტიული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის ჩამორთმევა ბავშვის მოზრდილთა საზოგადოებიდან იზოლირებას იწვევს;
  • შრომა ბავშვს განვითარებაში ეხმარება;
  • ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა.