თავი 6 – პოლიტიკური ფილოსოფიის გაცნობა

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 6 – პოლიტიკური ფილოსოფიის გაცნობა

V6_P55&97

წინასიტყვაობა

სურათზე ნაჩვენებია ბიჭი და გოგო ერთმანეთის პირისპირ. ისინი ერთმანეთს თავიანთ კუბურებს უჩვენებენ, რომელთა წახნაგებზე სხვადასხვა პოლიტიკური ფილოსოფიის სიმბოლოებია გამოსახული. ამ სურათზე მნიშვნელოვანია ის, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს უღიმიან, თუმცა  სიმბოლოებს შორის განსხვავება დაპირისპირებასა და უთანხმოების მოლოდინს ქმნის. შესაძლებლობისდა ფარგლებში, სასურველია, სიმბოლოების განმარტებებს მოსწავლეებმა მიაგნონ. ბიჭის კუბურაზე გამოსახულია „ბომბის აკრძალვის“ სიმბოლო, რომელიც პაციფიზმზე მიუთითებს; პენტაგრამა შესაძლოა სოციალისტური იდეოლოგიისა ან კაცობრიობის შესახებ ჰოლისტური თვალსაზრისის მატარებელი იყოს; ზიგზაგი ხაზი – შეიძლება წყლის სიმბოლოდ იყოს აღქმული და გარემოს დაცვას გამოხატავდეს, მაგრამ შეიძლება სრულიად განსხვავებული მოსაზრებაც გაჩნდეს ამ სიმბოლოს შესახებ. გოგონას კუბზე გამოსახული A–სიმბოლო ანარქიზმის მაჩვენებელია; მდედრობითი სქესის სიმბოლო შეიძლება ფემინისტურ ხედვას გამოხატავდეს; ყვავილი – გარემოს დაცვას ან მშვიდობის უზრუნველყოფას, ან, შესაძლოა, გოგონასთვის ეს სიმბოლო განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი იყოს. მოსწავლეები სარგებლობენ ადამიანის უფლებით – აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით და თანასწორობის უფლებით. არავის აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი მოსაზრებაა „სწორი“ და ვისი „მცდარი“.

სურათი საინტერესო და განსაცვიფრებელი შინაარსის მატარებელია. ჩვენ სიმბოლოებსა და ცნებებს პოლიტიკურ ფილოსოფიაში ვაერთიანებთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი თვალსაზრისი და გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ ისინი შეიძლება ორაზროვანი ან სულაც დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამიტომ გვმართებს ერთმანეთისთვის საკუთარი არჩევანის გაზიარება და ერთმანეთის ყურადღებით მოსმენა. ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, რომელზეც ერთმანეთს ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით. მოცემული ექვსი სიმბოლო საკმარისია იმისთვის, რათა წარმოდგენა შეგვექმნას ღია, პლურალისტურ საზოგადოებაზე. ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ; შეგვიძლია ვიკამათოთ ისე, რომ არავინ დავაზარალოთ და ყველა კმაყოფილი დარჩეს.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ამ ორ განზომილებას აერთიანებს. პირველი უკავშირდება თანხმობას/კმაყოფილებას. პოლიტიკური ფილოსოფიის აღქმა მნიშვნელოვანია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, ვინაიდან იგი მიმართულებას გვაძლევს და ღირებულებების გარკვევაში გვეხმარება, როდესაც ვმსჯელობთ ამა თუ იმ საკითხზე და ვიღებთ ზომებს, გარდა ამისა, უკეთ გვესმის სხვების.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მეორე განზომილება კონფლიქტის ცივილიზებულად წარმართვის კულტურას გულისხმობს – იკამათეთ სახეზე ღიმილით. კონფლიქტის მოგვარების ამ კულტურას მოსწავლეები სკოლაში უნდა ეზიარონ, საკუთარი გამოცდილებითა და მასზე მსჯელობით. ამის სწავლება ძალიან ადრეული ასაკიდან არის შესაძლებელი და დიდადაა დამოკიდებული მასწავლებლებისა და აღმზრდელების მაგალითზე. მასწავლებელი უნდა მოერიდოს ორგვარ მოქმედებას მოსწავლეებთან ურთიერთობაში. პირველი უკავშირდება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. მასწავლებლის მოვალეობაში არ შედის, შეასწავლოს მოსწავლეებს რომელიმე მისთვის მისაღები პოლიტიკური დოქტრინა და არ უნდა აიძულოს მოსწავლეები, გაიზიარონ მისი პირადი თვალსაზრისი. მეორე მოქმედებაა სიჩუმით უგულებელყოფა, რომელიც ჩაგვრის აშკარა ფორმაა. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ გამოიჩინონ ყურადღება ერთმანეთის მიმართ, როგორ გასცენ ერთმანეთს პასუხი და ელოდონ, რომ არც თვითონ დარჩებიან უპასუხოდ. მასწავლებელმა უნდა გაამხნევოს მოსწავლეები, რათა მათ სხვებისთვის გასაგები ახსნა მოუძებნონ საკუთარ არჩევანს, მაგრამ მათზე არ უნდა განხორციელდეს ზეწოლა იმ მიზნით, რომ ვაიძულოთ, გაამართლონ თავიანთი არჩევანი.

მოცემული სავარჯიშოები შეგვიძლია გადავაკეთოთ მოსწავლეთა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე მორგების მიზნით.