სავარჯიშო 6.2. – დამოკიდებულებები ხელისუფლებისადმი5

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 6 – პოლიტიკური ფილოსოფიის გაცნობა » სავარჯიშო 6.2. – დამოკიდებულებები ხელისუფლებისადმი5
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ასხვავებენ ხელისუფლების განსხვავებულ კონცეპტებს და აცნობიერებენ მათ გავლენას დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.

მოსწავლეებს უვითარდებათ აქტიური მოსმენის უნარი (სწავლება ადამიანის უფლებათა საშუალებით).

რესურსები მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მასალა: „მოსაზრებები ხელისუფლებასა და მთავრობაზე“

მსვლელობა

  1. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში. ისინი ეცნობიან მოსაზრებებს და იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ მოსაზრებებს იზიარებენ.
  2. მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს იმ მიზეზების თაობაზე, რის გამოც ისინი ეთანხმებიან ამა თუ იმ მოსაზრებას.
  3. მოსწავლეები აცნობენ კლასს თავიანთ ნამუშევარს.
  4. მოსწავლეები მოსაზრებებს აკავშირებენ პოლიტიკური აზროვნების სკოლებთან (დამხმარე სავარჯიშო); მასწავლებელი, მოსწავლეთა მიერ გამოთქმული და განხილული მოსაზრებების გამოყენებით, აცნობს მათ პოლიტიკური აზროვნების მიმართულებებს (ინდუქციური მიდგომა, სწავლების სხვადასხვა მიდგომის გამოყენება – ლექცია, სტუდენტებთან საუბარი, ექსპერტთა ნაშრომების გაცნობა).

გაგრძელება

მოსწავლეები მსჯელობენ ღირებულებათა საკუთარ სისტემებზე.

მოსწავლეები პოლიტიკურ მოსაზრებებს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკურ ლიდერთა მიერ აღებულ კურსთან აკავშირებენ.

მასალა

მასალა მოსწავლეებისთვის

მოსაზრებები ხელისუფლებასა და მთავრობაზე

  1. მთავრობაში ლიდერის როლი პირველხარისხოვანი და შეუცვლელია.
  2. ძალაუფლება იწვევს გაუცხოებას და საჭიროა მისი ლიკვიდირება, რათა ყველა პიროვნებას მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
  3. ერს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი საშიში მტერი: მისი საკუთარი მთავრობა.
  4. პოლიტიკურ ძალაუფლებას უნდა ფლობდეს მხოლოდ მოქალაქეების მიერ არჩეული მთავრობა.
  5. პოლიტიკური პარტიების არსებობა წამგებიანია სახელმწიფო ხელისუფლებისთვის, რადგან ისინი საზოგადოებაში განხეთქილებასა და ფუჭ, არაფრისმომტან კონფრონტაციას იწვევენ.
  6. სახელმწიფო არ არის ადამიანთა უბრალო თავყრილობა; იგი არის რეალობა, რომელიც ადამიანთა ერთობაზე გაცილებით მაღლა დგას და გაცილებით მნიშვნელოვანია.
  7. ხელისუფლების ყველა ფორმას აქვს მიდრეკილება, გახდეს ტოტალიტარული.
  8. სახელმწიფო თავისთავად მიზანს არ წარმოადგენს, არამედ იგი არის ინდივიდუალური მისწრაფებების განხორციელების საშუალება.
  9. სახელმწიფო არის უზარმაზარი სარკოფაგი, სადაც ბოლოს ყველა ინდივიდუალური მოსაზრება ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს.
  10. გაფიცვა არის გამოწვევა ხელისუფლებისადმი, სწორედ ამიტომ უნდა აიკრძალოს იგი.
  11. პიროვნება მხოლოდ სახელმწიფოსთვის არსებობს და მის გარეთ იგი არაფერს წარმოადგენს.
  12. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხება.
  13. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აღარ იარსებებს, შევძლებთ ვისაუბროთ თავისუფლებაზე.
  14. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კანონიერი მოთხოვნები.
  15. ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, თესოს სიკეთე – აკეთოს კეთილი საქმე – ჩვენ ყოველთვის უნდა ვენდოთ მას.
  16. ყველა პიროვნების მონაწილეობა ხელისუფლებაში – ეს უნდა იყოს ადამიანთა  საზოგადოების ნებისმიერი წყობის ამოსავალი და ძირითადი პრინციპი.
  17. მოქალაქეები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საშუალებით ახორციელებენ მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენას.
  18. თავის ნებაზე მიშვებული, კონტროლს მიღმა დარჩენილი ადამიანები ერთმანეთს დახოცავენ.
  19. პოლიტიკური ძალაუფლება არ უნდა იყოს მინდობილი საზოგადოებრივ აზრს.
  20. ადამიანებს აქვთ უფლებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

 

5. კლოდ პერისის Ethique et Politique–ს მიხედვით, კვებეკი, 1985 წელი.