სავარჯიშო 7.1. – სიჩუმის კედელი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაში » სავარჯიშო 7.1. – სიჩუმის კედელი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ როგორ აღიქვამენ ისინი დემოკრატიას.
რესურსები კედელზე გაკრული ფლიპჩარტები და მარკერები (ხუთ–ხუთკაციანი ჯგუფებისთვის).

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ქმნიან ხუთკაციან ჯგუფებს. ყოველი ჯგუფი ნახევარწრის ფორმით თავსდება მათთვის განკუთვნილი, კედელზე გაკრული ფლიპჩარტის წინ. მასწავლებელი მათ აძლევს გარკვეულ დროს, სთხოვს, იმუშაონ სრულ სიჩუმეში და დაასრულონ ფლიპჩარტზე წინადადება „დემოკრატია არის…“
  2. მოსწავლეებს შეუძლიათ, ასევე, წერილობითი ფორმით, ფლიპჩარტზე უკვე დატანილ ერთმანეთის მოსაზრებებს უპასუხონ.
  3. დავალებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, თითოეული მოსწავლე ირჩევს ფლიპჩარტზე სხვა მოსწავლეს მიერ დატანილ წინადადებას და ხმამაღლა კითხულობს. მოსწავლეთა ჯგუფები ერთმანეთს აცნობენ საკუთარ ნამუშევრებს.
  4. ხდება მოსაზრებების გაზიარება:
    • „მე შევიტყვე…“
    • „მე აღმოვაჩინე…“
    • „სიამოვნებით განვიხილავდი…“

ვარიანტი

კედელზე გაკრული ფლიპჩარტის ნაცვლად, მოსწავლეთა ჯგუფები სხდებიან მაგიდის გარშემო და მუშაობენ მაგიდაზე მოთავსებულ დიდი ფორმატის ფურცელზე.

ძირითადი ინფორმაცია

სავარჯიშო „სიჩუმის კედელი“ გულისხმობს გონებრივი იერიშის აქტივობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი გაკვეთილების დასაწყისში, რომლის დროსაც მოსწავლეები ეცნობიან ძირითად ცნებებს, როგორიცაა დემოკრატია, დიქტატურა, სამართლიანობა, მშვიდობა, განათლება, თანასწორობა, თავისუფლება და ა. შ.

მოცემული მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა ნაკლებად ექსტრავერტი მოსწავლეებისთვის და მათთვის, ვისაც მეტი დრო სჭირდება მოსაფიქრებლად. ასეთი მოსწავლეები ხშირად ვერ აქტიურობენ ზეპირი გამოკითხვის დროს და ფრონტალური მეცადინეობების გარემოში.