სავარჯიშო 7.7. – რა გავლენას ახდენს მთავრობა ჩვენს ცხოვრებაზე?

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაში » სავარჯიშო 7.7. – რა გავლენას ახდენს მთავრობა ჩვენს ცხოვრებაზე?
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მთავრობა ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, რისი წარმოდგენაც კი შეგვიძლია (tua res agitur). მსოფლიო, რომლის ბინადარნიც ჩვენ ვართ, ჩვენივე შექმნილია და ჩვენი გადასაწყვეტია, რას ვუპირებთ მას.

გონივრული და გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ დღითიდღე უფრო მეტად ვხდებით ერთმანეთზე დამოკიდებული, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე.

ერთმანეთის საპირისპირო ინტერესების გათვალისწინება ყველაზე უკეთ დემოკრატიულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც ხდება მათი ინტეგრირება და კომპრომისული, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება – იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჯგუფი გამოთქვამს თავის მოსაზრებას.

 

რესურსები არ არის საჭირო.

მსვლელობა

  1. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად ახდენს მათ ცხოვრებაზე გავლენას მთავრობა. შემდეგი კითხვები დაეხმარება მათ ამის გაცნობიერებაში; მოცემულ კითხვებზე პასუხების გაცემა შესაძლებელია მთელი კლასის მონაწილეობით წარიმართოს, ან ჯგუფებში, რომლის შემდეგაც ხდება შედეგების შეჯერება კლასის მასშტაბით.
    • გაიხსენეთ ერთი დღე თქვენი ცხოვრებიდან – სად წახვედით, რა გეცვათ, რა ნახეთ, რა მიირთვით, რა თქვით, რა ისწავლეთ, რა გააკეთეთ. შეგიძლიათ თუ არა თქვენი ჩამონათვალის ნებისმიერი ელემენტი დააკავშიროთ იმასთან, ჰქონდა თუ არა გავლენა მასზე მთავრობას, მათ შორის, ქვეყნის, რეგიონის ან ადგილობრივ მთავრობას?
    • წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის დემოკრატიული, სადაც ყველა მოქალაქე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ისე რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. თქვენი ჩამონათვალიდან რომელი ელემენტი შეიცვლებოდა? დაასაბუთეთ, რატომ მიიჩნევთ, რომ ეს ელემენტი შეიცვლებოდა?
  2. მოსწავლეები, სავარაუდოდ, წამოჭრიან საკითხს, თუ როგორ შეუძლია მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ მმართველობაში. მასწავლებელს შეუძლია, მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია ლექციის, ან შესაბამისი ტექსტის გაცნობის საშუალებით.

    შედეგად მივიღებთ შემდეგს: ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის ყველაზე დიდ საშუალებას თავისუფალი და ღია, დემოკრატიული მმართველობა იძლევა. ამ ტიპის მმართველობა გულისხმობს, რომ ხალხი თავად მოიპოვებს ძალაუფლებას და მმართველობა ხორციელდება მაჟორიტარული წესით. ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ იწოდება დემოკრატიულად და ხალხს რეალურად არა აქვს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება. დემოკრატიულ სისტემაში მოქალაქეები თავად ირჩევენ, როგორ მიიღონ მონაწილეობა და ზოგიერთ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ იმონაწილეოს ქვეყნის მართვაში.

    ერთმანეთის საპირისპირო ინტერესების გათვალისწინება ყველაზე უკეთ დემოკრატიულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც ხდება მათი ინტეგრირება და კომპრომისული, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება – იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჯგუფი გამოთქვამს თავის თვალსაზრისს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სუსტ ჯგუფებს, რომლებიც არ ფლობენ ზეწოლის განხორციელების საშუალებებს და, აქედან გამომდინარე, მათი ინტერესები ხშირად უგულებელყოფილია (გარიყულობის პრობლემა).