სავარჯიშო 7.9. – პოლიტიკური ციკლი
Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაში » სავარჯიშო 7.9. – პოლიტიკური ციკლისაგანმანათლებლო მიზანი |
მოსწავლეებს შეუძლიათ პოლიტიკური ციკლის მოდელი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაგალითს მიუსადაგონ. მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს – ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. |
რესურსები |
მასალა მოსწავლეებისთვის „პოლიტიკური ციკლის მოდელი“, მოსწავლეებისთვის დასარიგებლად. ფლიპჩარტები, მარკერები, მაკრატლები, წებო. |
მსვლელობა
- მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პოლიტიკური ციკლის მოდელს, მოცემული მეთოდებიდან ერთ–ერთის გამოყენებით:
- მასწავლებელი იყენებს დედუქციურ, სისტემატურ მეთოდს: იგი კითხულობს ლექციას7 და მოსწავლეები იყენებენ მიღებულ ინფორმაციას სავარჯიშოს შესრულების პროცესში.
- მასწავლებელი იყენებს ინდუქციურ მეთოდს: მასწავლებელს მოჰყავს მაგალითი ან აღწერს მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ სიტუაციას და ეყრდნობა მათ გამოცდილებას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აქტუალური საკითხი, გადაწყვეტილება, რომელსაც მოსწავლეები იზიარებენ, ან რომლის წინააღმდეგნიც არიან, ან პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო მაგალითი იქნება საწყის ეტაპზე. მასწავლებელი ამის შემდეგ კითხულობს ლექციას, იმ კონტექსტზე დაყრდნობით, რომელიც მას მოსწავლეებმა მიაწოდეს.
ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას, მოსწავლეებს ურიგდებათ „პოლიტიკური ციკლის მოდელის“ ასლები.
- მოსწავლეები იყენებენ პოლიტიკური ციკლის მოდელს. შესაძლებელია სხვადასხვა დავალების მიცემა:
- მოსწავლეები იყენებენ მოდელს, როგორც საშუალებას, გაეცნონ გაზეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებში მოსწავლეები ეცნობიან გასული რამდენიმე დღის გაზეთის გამოცემას და ცდილობენ, ამოიცნონ და დააკავშირონ ამოკითხული ინფორმაცია პოლიტიკური ციკლის მოდელში მოცემულ ექვს ეტაპთან. ისინი სტატიებს ფლიპჩარტზე აკრავენ და ემზადებიან პლენარულ რაუნდზე მის წარსადგენად.
- მოსწავლეები ეცნობიან რომელიმე საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მათ, შესაძლოა, დასჭირდეთ მასალა, რომელიც ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და, შესაბამისად, ძველი გაზეთებიც. წიგნები და ინტერნეტი მასალის კარგი წყარო იქნება. შესაძლებელია ამ სავარჯიშოს გავრცობა და მისთვის პროექტის ფორმის მიცემა.
- მსჯელობა იწყება პოლიტიკური ციკლის მოდელის განხილვით: გადაწყვეტილების მიღების პროცესის რომელ ეტაპზე გვეძლევა ჩარევის საშუალება? მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ ორი ეტაპი „გადაწყვეტილება“ და „განხორციელება“ პოლიტიკური სისტემის პრეროგატივაა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადაწყვეტილების მიღება პლებისციტის საშუალებით არ ხორციელდება). რაც შეეხება სხვა ეტაპებს, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ და ჩაებან ამ ეტაპებში.
მასალა
პოლიტიკური ციკლის მოდელი: პოლიტიკა, როგორც პრობლემის გადაჭრის პროცესი
პოლიტიკური ციკლის მოდელი: ინფორმაცია მასწავლებლებისათვის
პოლიტიკური ციკლის მოდელი რუკის ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე დატანილია გარკვეული ასპექტები და მასში არ არის შესული და გათვალისწინებული სხვა ასპექტები. ამგვარად სურათი უფრო ნათლად არის წარმოდგენილი, ხოლო მოდელი რეალობასთან არ უნდა გაიგივდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოდელში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკის მეორე განზომილება, სწრაფვა და ბრძოლა ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად. მოდელში მოცემულ ექვს კატეგორიას თან ახლავს ძირითადი კითხვები, რომლებიც გვეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის ანალიზში; მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან შემდგომი კითხვები, რომლებიც უფრო კონკრეტული ხასიათის იქნება.
მოცემული მოდელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის საუკეთესო დახასიათებას იძლევა. პირველ რიგში, ხორციელდება პოლიტიკური პრობლემის საზოგადოებრივ დღის წესრიგში დაყენება. დღის წესრიგის დადგენის პროცესში დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური ძალაუფლება. პრობლემები დამოუკიდებლად და თავისთავად არ არსებობს; ხდება საკითხის განსაზღვრა და მისთვის პრობლემის სტატუსის მინიჭება. გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთგამომრიცხავი ინტერესებისა და ღირებულებების არსებობა, ვინაიდან პრობლემის განსაზღვრას დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილებაზე (გადაწყვეტილების მიღების პროცესის შედეგზე). მაგალითად, სიღარიბე შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის უფლების შელახვა ან როგორც სხვისი ცხოვრებით მანიპულირების შესაძლებლობა. პირველი განსაზღვრება გულისხმობს, რომ ღარიბი ადამიანები დახმარებას საჭიროებენ მაშინ, როცა მეორე განსაზღვრება თავის თავში გულისხმობს ღარიბებისთვის ზედმეტი დახმარებისგან თავის შეკავებას, იმ საბაბით, რომ ეს მათ ართმევს მუშაობის სტიმულს და აზარმაცებს. დღის წესრიგში საკითხის დაყენების პრობლემა, „პრობლემისა“ და „დებატების“ კატეგორიებს შორის, ორმაგი ისრით არის გამოსახული პოლიტიკური ციკლის მოდელში.
დებატები გარკვეულ პირობებში მიმდინარეობს. მოცემულ ეტაპზე მოდელის ჩარჩოს ენიჭება მნიშვნელობა: სოციალურ, ეკონომიკურ და საერთაშორისო დონეზე განვითარებული მოვლენები იძლევა მონაცემებს; ხოლო კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოები განსაზღვრავს წესებს. ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დებატებში? ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს? ეს კითხვები გვეხმარება, განვსაზღვროთ დებატების შედეგები, საბოლოო გადაწყვეტილება. ვინ მიიღო მონაწილეობა დებატებში? ვის ინტერესებს მოიცავდა განსახილველი საკითხი? რაზე უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება? შესაძლებელი იყო კომპრომისის გამოძებნა?
განხორციელება: როგორ ხორციელდება ან როგორ განხორციელდა გადაწყვეტილება? წარმოიშვა რამე სირთულე ან კონფლიქტი? განხორციელება ესადაგება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეთა მიზნებსა და ზრახვებს?
მოსაზრებები: როგორ მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება? ვის ინტერესებს მოიცავს იგი – იცავს ან ეწინააღმდეგება? რა ღირებულებებია წამოწეული წინა პლანზე?
რეაქცია: ვინ რეაგირებს, ინდივიდუალური პირები თუ/და ჯგუფები? არის ორგანიზებული რეაგირება ჯგუფების მხრიდან? რეაგირება გადაწყვეტილების მხარდასაჭერად თუ მის წინააღმდეგ არის მიმართული? მაგალითი შეიძლება იყოს საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები, წერილები გაზეთის რედაქციას, სასამართლო გადაწყვეტილებები, გაფიცვები, ემიგრაცია, ინვესტორების მიერ ტერიტორიის დატოვება, კანონის დარღვევის შემთხვევები და ა.შ.
პრობლემა: ბოლოს და ბოლოს გადაიჭრა თავდაპირველი პრობლემა? ამ გადაწყვეტილებას ხომ არ მოჰყვა რაიმე არასასურველი ან გაუთვალისწინებელი შედეგები? ახალი პრობლემა ხომ არ წამოიჭრა გადაწყვეტილებაზე და მის განხორციელებაზე რეაგირების პროცესში? პოლიტიკური ციკლი დასრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა გადაჭრილია. ხშირად თანმდევი ახალი ან გაუთვალისწინებელი პრობლემა ახალ პოლიტიკურ ციკლს უდებს საფუძველს.
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური ციკლის მოდელი აჩვენებს, სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მონაწილეობის მიღება. ჩვენ შეგვიძლია, პრობლემის ჩვენი განმარტება წამოვაყენოთ, რომლის გადაჭრაც პოლიტიკურ რეაგირებასა და საზოგადოებრივ რესურსებს საჭიროებს. ჩვენ შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ დებატებში, ჩამოვაყალიბოთ საკუთარი თვალსაზრისი გადაწყვეტილების შესახებ და მხარი დავუჭიროთ ან წინ აღვუდგეთ მის განხორციელებას. ამგვარად, ჩვენ ვსარგებლობთ ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებით. დემოკრატია ძლიერ არის დამოკიდებული აქტიურ, დემოკრატ მოქალაქეებზე.
7. იხ. მოცემული სავარჯიშოს მასალის სახით მოცემული „ინფორმაცია მასწავლებლებისათვის“.