სავარჯიშო 8.2. – სტრუქტურული მიდგომა კონფლიქტის მოგვარებისადმი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 8 – კონფლიქტის მოგვარება » სავარჯიშო 8.2. – სტრუქტურული მიდგომა კონფლიქტის მოგვარებისადმი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან კონფლიქტის მოგვარების ტექნიკას. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება გარკვეულწილად დამოკიდებულია უნარზე, რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება.
რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის: „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“.

ჟურნალ–გაზეთები.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი აღწერს კონფლიქტურ სიტუაციას, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოეძებნება (მაგ. ერთი მოსწავლე დასცინის მეორეს, რომელიც წარმოშობით სხვა ქვეყნიდან არის და მკვეთრი აქცენტით საუბრობს).სიტუაცია შეიძლება გათამაშდეს მოსწავლეების მიერ. მოსწავლეები მსჯელობენ, როგორ მოაგვარონ კონფლიქტი. ამგვარად, ისინი ადგენენ ამ სავარჯიშოში მოცემული მოდელის ელემენტებს ან წამოჭრიან საკითხებს, რომელზეც პასუხები მოცემულია მოდელში.
  2. მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ნაწილს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის: „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“, რომელსაც ისინი ჩუმად ეცნობიან.კლასის მეორე ნახევარი ჟურნალ–გაზეთებში ეძებს სტატიას კონფლიქტურ სიტუაციაზე. მათ ასევე შეუძლიათ მოიყვანონ მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან ან აღწერონ კონფლიქტი, რომლის თვითმხილველებიც ყოფილან.
  3. მოსწავლეები ქმნიან ოთხკაციან ჯგუფებს, სადაც ორი მოსწავლე კლასის იმ ნაწილიდან არის, რომელსაც გასაცნობად გადაეცა „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“, ხოლო დანარჩენი ორი მოსწავლე კლასის მეორე ნაწილიდან, რომელმაც კონფლიქტური სიტუაცია შეისწავლა.
  4. მოსწავლეები ირჩევენ კონფლიქტურ სიტუაციას და კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოცემულ მოსაზრებებს უსადაგებენ ამ სიტუაციას.ორი მოსწავლე გაითამაშებს კონფლიქტს, დანარჩენი ორი კი მედიატორის ფუნქციას ასრულებს და სქემის დახმარებით ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას.
  5. პლენარული განხილვა:
    • რა კონფლიქტის მოგვარება სცადეთ?
    • როგორ სცადეთ მისი მოგვარება?
    • დაგეხმარათ კონფლიქტის მოგვარების სქემა? (როგორ?)

ვარიანტი

  1. მოსწავლეთა ჯგუფები განიხილავენ ერთსა და იმავე მაგალითს და მიღებულ შედეგებს ადარებენ ერთმანეთს.
  2. მას შემდეგ, რაც შეისწავლიან მასალას „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“, მოსწავლეები მოდელს უსადაგებენ კლასში რეალურად არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას.

მასალა

მასალა მოსწავლეებისთვის: კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად

1. საჭიროებების იდენტიფიცირება.

„რა გჭირდება (რაში მდგომარეობს შენი მოთხოვნა)?“

ყველა პირმა, რომელიც მოცემულ კონფლიქტშია ჩართული, ამ კითხვას უნდა უპასუხოს მოწინააღმდეგე მხარისთვის ყოველგვარი ბრალდების წაყენების გარეშე.
2. პრობლემის განსაზღვრა.„რა წარმოადგენს პრობლემას მოცემულ სიტუაციაში?“ მთელ კლასს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პრობლემის ისეთი განსაზღვრების ჩამოყალიბებაში, რომელსაც დაეთანხმებიან კონფლიქტში მონაწილე დაპირისპირებული მხარეები.
3. გამოსავლის ძიება.„ვის შეუძლია პრობლემის  მოგვარების შესაძლო გზები მიგვითითოს?“ მთელ კლასს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ყოველგვარი კომენტარისა და ახსნა-განმარტების გარეშე, გადაწყვეტილების ვარიანტების წერილობითი ფორმით შემოთავაზებაში. ამ ეტაპის მიზანია, რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილების მოძიება.
4. შესაძლო გადაწყვეტილებების შეფასება.„კმაყოფილი იქნები ამ გადაწყვეტილებით?“ კონფლიქტში მონაწილე ყოველი მხარე განიხილავს გადაწყვეტილებების შემოთავაზებულ ვარიანტებს და ასაბუთებს, რატომ არის, ან არ არის ისინი მათთვის მისაღები.
5. საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევა.„ორივესთვის მისაღებია ეს გადაწყვეტილება? გადაჭრილ იქნა პრობლემა?“ გარკვეული უნდა იყოს, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე თანახმაა, მიღებულ იქნეს შერჩეული გადაწყვეტილება. მოსწავლეების მიერ გადაწყვეტილების ძიების პროცესში გაღებული ძალისხმევა დაფასებას საჭიროებს.
6. შერჩეული გადაწყვეტილების მართებულობის შემოწმება.„მოდით, ერთხელ კიდევ განვიხილოთ სიტუაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ პრობლემა  მოგვარებულია რეალურად.“ გადაწყვეტილების შესაფასებლად საჭიროა გეგმის შემუშავება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის კონფლიქტთან გვქონდა საქმე და რა ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შეფასება შესაძლებელია რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ, ან მომდევნო დღეს.