სავარჯიშო 8.6. – სასჯელი კონფლიქტის პოზიტიური მოგვარების წინააღმდეგ

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 8 – კონფლიქტის მოგვარება » სავარჯიშო 8.6. – სასჯელი კონფლიქტის პოზიტიური მოგვარების წინააღმდეგ
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან კანონისა და ჯგუფში მოქმედი წესების ცნებას.

მოსწავლეებს შეუძლიათ მოისმინონ განსხვავებული აზრი და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მოსწავლეებს შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ კონფლიქტის მოგვარებას.

რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის  „სასჯელთა სია“.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ასახელებენ სასჯელის ფორმებს. გაკვეთილის დასაწყისში ისინი ექსპერტთა როლში გამოდიან. მათ ეძლევათ საშუალება, მოიყვანონ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან და დაკვირვების შედეგად მიღებული ცოდნა გამოამჟღავნონ. ასევე, მათ შეუძლიათ, თავიანთი კომენტარი დაურთონ სხვა მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სავარჯიშოსთვის განკუთვნილ მასალას „სასჯელთა სია“. მოსწავლეები მას ჩუმად ეცნობიან.
  2. მოსწავლეები სამ ან ოთხკაციან ჯგუფებში მსჯელობენ, რომელი სასჯელია ეფექტური და რომელი – არაეფექტური.
  3. ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შედეგებს (შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებაც, როგორც ეს აღწერილია სავარჯიშოში „ასაწყობი სურათი“, იხ. სავარჯიშო 5.3).
  4. მოსწავლეები უბრუნდებიან საკუთარ ჯგუფებს და განიხილავენ,  რომელი სასჯელი შეესაბამება მოცემულ შემთხვევებს:
    • მოსწავლე იგვიანებს სკოლაში.
    • მოსწავლეს არა აქვს შესრულებული საშინაო დავალება.
    • გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლე ხელს უშლის სხვებს მუშაობაში.
    • მოსწავლე შეურაცხყოფას აყენებს სხვა მოსწავლეს მისი განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ან რელიგიური მრწამსის გამო.
    • მოსწავლე ბიჭი აწუხებს და თავს აბეზრებს მოსწავლე გოგოს.
    • მოსწავლე ცუდად იქცევა გაკვეთილზე ან შესვენების დროს.
  5. მოსწავლეთა ჯგუფები თავიანთ შედეგებს აცნობენ მთელ კლასს.
    იმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეები განიხილავენ შემდეგ საკითხს: აქვს ალტერნატივა რომელიმე სასჯელს (მაგ. დამნაშავესა და მსხვერპლს შორის მორიგება)?

გაგრძელება

მოსწავლეები კლასში გაითამაშებენ სცენას, რომლის დროსაც შეეცდებიან, შემოქმედებითად მიუდგნენ კონფლიქტის მოგვარებას.

მასალა

მასალა მოსწავლეებისთვის

სასჯელთა სია

  1. ლექსის დაწერა.
  2. პატარა ბავშვებისთვის ზღაპრის მოყოლა.
  3. სახუმარო ამბების მოყოლა კლასში.
  4. ათჯერ ხელებზე აწევა ცუდი სიტყვის გამოყენების გამო.
  5. სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ იმდენივე ხნით დარჩენა, რამდენი ხანიც დააგვიანე დილით.
  6. წერის დროს ფეხზე დგომა.
  7. კლასში სხვა მოსწავლეებისთვის გაკვეთილის მომზადება.
  8. ერთი საათი მუშაობა სკოლის ბაღში.
  9. სკოლის მოედნის დასუფთავება.
  10. კლასის დალაგება/დასუფთავება.
  11. გაკვეთილზე არდაშვება.
  12. სკოლის შენობის გარშემო ათი წრის გარბენა.
  13. კლასში დატოვება შესვენების დროს.
  14. დამატებითი გაკვეთილი იმ საგანში, რომელშიც მოსწავლე სუსტია.
  15. ჯარიმის დაკისრება, რომელიც საერთო ხარჯებს მოხმარდება.
  16. ახსნა–განმარტება და შეწყნარების თხოვნა წერილობითი ფორმით.
  17. სხვა სასჯელი…