სავარჯიშო 8.7. – უმცირესობები
Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 8 – კონფლიქტის მოგვარება » სავარჯიშო 8.7. – უმცირესობებისაგანმანათლებლო მიზანი | მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ გარიყულობის შეგრძნება უკავშირდება არა მარტო იმას, თუ როგორ აღგიქვამენ შენ საზოგადოების სხვა წევრები, არამედ იმას, თუ როგორ აღგიქვამენ იმ ჯგუფის წევრები, რომელსაც შენ ეკუთვნი. |
რესურსები |
ბარათები თითოეული ჯგუფისთვის. ორ–ორი ფლიპჩარტი თითოეული ჯგუფისთვის, ერთი წარწერით „გრძნობა“, მეორე – წარწერით „მოქმედება“. მარკერები. |
მსვლელობა
სავარჯიშოს დასაწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არ იცოდნენ, ვისი განსახიერება მოუწევთ მოცემული სავარჯიშოს შესრულებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გონებაში წამოტივტივდება სტერეოტიპი, რომელიც ხელს შეუშლის სავარჯიშოს მსვლელობას.
სავარჯიშოს წარმატებით შესრულება მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის სწორი და მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიცემაზეა დამოკიდებული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ეძლევათ საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის საშუალება.
- მოსწავლეები ქმნიან ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებს (სასურველია, ერთ ჯგუფში არ იყოს ექვსზე მეტი მოსწავლე).
- თითოეულ ჯგუფს ურიგდება ბარათები, რომელზეც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შესახებ პოზიტიური ინფორმაციაა მოცემული, მარკერი და ორი ფლიპჩარტი. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, აირჩიონ ერთი მოსწავლე, რომელიც ჯგუფის მიერ გაკეთებული კომენტარების შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე იქნება პასუხისმგებელი. შესაძლებელია მეორე ვარიანტიც, ყოველმა მოსწავლემ საკუთარი ჩანაწერი აწარმოოს.
- მასწავლებელი აუწყებს მოსწავლეებს, რომ სავარჯიშოს შესრულების პროცესში მათ თავი უნდა წარმოიდგინონ იმ უმცირესობათა ჯგუფის წევრებად, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბარათების საშუალებით მიეწოდებათ. მათ გარკვეულ ეტაპზე მოუწევთ დაფიქრება იმის შესახებ, თუ ვის წარმოადგენენ.
- მოსწავლეები ჯგუფებში რიგრიგობით კითხულობენ ბარათზე დატანილ ინფორმაციას. როდესაც ისინი გაეცნობიან ექვსივე ბარათს, მათ უნდა უპასუხონ კითხვას, „რას გრძნობთ, როგორც მოცემული ჯგუფის წევრი?“ საკუთარი პასუხები მათ წერილობითი ფორმით გადააქვთ ფლიპჩარტზე, რომელსაც აწერია „გრძნობა“.
- მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს, რომელზეც ადამიანთა იმავე ჯგუფის შესახებ ნეგატიური ინფორმაციაა მოცემული. ჯგუფები იმეორებენ მე–4 საფეხურს.
- მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა ჯგუფებს, პასუხი გასცენ შემდეგ კითხვას: „რას მოიმოქმედებდით მსგავს სიტუაციაში?“ ამ კითხვაზე პასუხები ჯგუფებმა უნდა დაიტანონ ფლიპჩარტზე, რომელსაც აწერია „მოქმედება“. მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ, რომ ამ ეტაპზე ისინი იმავე ჯგუფს წარმოადგენენ, რომელსაც სავარჯიშოს პირველი ნაწილის შესრულებისას. მათი ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ, როდესაც ჯგუფის დადებით მხარეებს ეცნობიან, შეიძლება დაეხმაროთ იმის განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.
- პლენარული განხილვა:
- ყოველი ჯგუფი კლასის დანარჩენ მოსწავლეებს აცნობს თავის ნამუშევარს, რომელიც მათ პირველ ფლიპჩარტზე („გრძნობა“) შეასრულეს.
- მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი გააცნობს კლასს საკუთარ ფლიპჩარტს „გრძნობა“, ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ ფლიპჩარტს „მოქმედება“. მოსწავლეები მსჯელობენ და თანხმდებიან იმის შესახებ, თუ ჯგუფების მიერ შემოთავაზებული მოქმედებებიდან რომელია ქმედითი და რომელი გულისხმობს ძალადობას. ასევე, მოსწავლეები განიხილავენ იმ განსხვავებებს, რომელიც ჯგუფების პასუხებს შორის გამოიკვეთა.
- მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაუზიარონ სხვებს, როგორ მუშაობდნენ ჯგუფში და აღწერონ ის პრობლემები, რომელიც მათ შეექმნათ სავარჯიშოს შესრულების დროს (თანამშრომლობა, ლიდერობა და ა.შ.). ასევე, მოსწავლეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა იყო მათთვის ახალი ამ სავარჯიშოს შესრულებისას: რა შეიტყვეს მათ საკუთარი თავის, საკუთარი რეაქციების და ჯგუფის შესახებ. შეუძლიათ თუ არა ურთიერთობა დაამყარონ იმ ჯგუფთან, რომელსაც სავარჯიშოს შესრულებისას წარმოადგენდნენ, ან სხვა რომელიმე მსგავს ჯგუფთან?
- ბოლოს მასწავლებელი აუწყებს მოსწავლეებს, რომ ჯგუფი, რომლის შესახებაც მათ ინფორმაცია ბარათებიდან მიიღეს და რომელსაც ისინი განასახიერებდნენ, არის ბოშათა ჯგუფი.
გაგრძელება
მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს ადარებენ საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ8. ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ განიხილონ, აღწერილი სიტუაცია რამდენად შეესაბამება რეალობას მათ ქვეყანაში და რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება არსებულ პრობლემასთან გამკლავების მიზნით. მოსწავლეები იკვლევენ ჯგუფების მიერ შემოთავაზებული „მოქმედებებიდან“ რომელიმე შეესაბამება თუ არა კონვენციაში მოცემულ მუხლებს.
მასალა
ბარათები პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაციით
ჩვენი სახლები განსხვავდება ყველა დანარჩენი ხალხის სახლებისგან. ისინი განსაკუთრებულია და ჩვენ ძალიან გვიყვარს. ჩვენ სიამოვნებით ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს. | ტელევიზია და პრესა ჩვენ შესახებ სიმართლეს არ აშუქებს. მათი აზრით, ჩვენ პრობლემას წარმოვადგენთ. არ გვეძლევა საშუალება, საკუთარ თავზე თავად ვილაპარაკოთ. |
ჩვენ ძალიან უნარიანი ხალხი ვართ. მრავალი ხელობა გვეხერხება, რისი წყალობითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ. | ზოგიერთი ადამიანი ცუდად გვეპყრობა და შეურაცხმყოფელ სახელებს გვიწოდებს. რიგ შემთხვევებში ჩვენზე თავდასხმა უმიზეზოდ ხორციელდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საზღვარგარეთ, ათასობით ჩვენი წარმომადგენელი ჩახოცეს. |
წარსულში ჩვენს წინაპრებს ბევრი საგმირო საქმე აქვთ ჩადენილი. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ჩვენი ისტორია და გვსიამოვნებს მისი გახსენება. | ჩვენ არასდროს გვქონია წყალგაყვანილობა, ჩვენს ტერიტორიაზე არ მოქმედებს დასუფთავების სამსახური. |
ჩვენ დამოუკიდებელი ხალხი ვართ. გვირჩევნია, საკუთარ თავზე თავად ვიზრუნოთ. არავისი არაფერი გვმართებს. | ზოგიერთი ექიმი უარს ამბობს ჩვენს დახმარებაზე, როცა ავად ვხდებით. თითქმის ვერასდროს ვიღებთ სოციალურ დახმარებებს. |
ჩვენ მოგვწონს, როცა ვიკრიბებით და ვყვებით ისტორიებს, ვმღერით. ჩვენი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის სიყვარულია. | ხალხს არ სურთ ჩვენს მეზობლად სახლობა. სამუშაოზე უარს გვეუბნებიან, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმომავლობის გამო. |
ჩვენ ვცდილობთ, საკუთარი ოჯახებისა და მეგობრებისგან მოშორებით არ ვიცხოვროთ. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოხუცებზე. გვიყვარს საკუთარი შვილები. | ხშირად გვაქვს პრობლემები პოლიციასთან და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიმყოფებით. |
8. საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე 1963 წლის 20 ნოემბერს. კონვენციის ტექსტი შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტით.