საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები
თქვენი შვილი სემი წლინახევრის არის. იგი ცდილობს, საკუთარი ხელით მიირთვას საკვები. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს კოვზი და ჩანგალი, სემი საკვებით ერთობა და ვერ ახერხებს საკვების პირში ჩადებას. მის გარშემო საკვები ყველგან მიმოფანტულია: მის ტანისამოსზე, თმაზე, იატაკზე, მაგიდაზე. თქვენ ბრაზდებით, რადგან არეულობას ხედავთ და სამზარეულოს ალაგება თავად მოგიწევთ.
აღწერილი სიტუაცია ყველა მშობლისთვის არის ცნობილი; ეს პატარა ბავშვიანი მშობლის ყოველდღიური ცხოვრებაა. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი და არასასიამოვნო განწყობა, ამგვარ სიტუაციაში?
ქვევით მოცემული კითხვების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ სიტუაციის ანალიზი და გააცნობიეროთ საკუთარი რეაქცია. გარდა ამისა ჩვენ გაწვდით რამდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია უნდა გქონდეთ მსგავს სიტუაციებზე.
ანალიზი
რჩევები
რა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვან ბავშვთან კომუნიკაციის შესახებ?
ყველა ტიპის კომუნიკაცია ბავშვის გონებაზე მოქმედებს და მასთან საუბარი უმნიშვნელოვანესია თქვენი ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის. ადრეულ ასაკში ბავშვთან კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგს წარმოადგენს ბავშვის მწირი ლექსიკური მარაგი, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება მის ინტელექტსა და სწავლის პროცესზე. ჩვენი ტვინი ნეირონების ქსელს წარმოადგენს, რომლებიც ითვისებენ გარემოდან შემოსულ ყველა ინფორმაციას. სოციალიზაციით, როგორიცაა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სტიმულის მუდმივი მიწოდებით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ტვინს გაძლიერდეს და გაამყაროს ეს ფასდაუდებელი ქსელი.
მაშასადამე, თქვენ, როგორც მშობელს, უდუდესი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ თქვენი ბავშვის ინტელექტზე და სოციალურ და პიროვნულ განვითარებაზე.
როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენი ბავშვის გონებრივ განვითარებას?
მნიშვნელოვანია მუდმივ კომუნიკაციაში იყოთ საკუთარ შვილთან, ეცადეთ ესაუბროთ მას ძალიან მცირე ასაკიდან. თუმცა, ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის მხოლოდ ის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, თუ რამდენად ხშირად ესაუბრებით მას, არამედ ისიც, თუ როგორ ესაუბრებით მას. მეცნიერებმა რამდენიმე პრინციპი შეიმუშავეს, რომელსაც ქვევით გაგაცნობთ:.
სამი მნიშვნელოვანი პრინციპი:
ჩააყენეთ საკუთარი თავი ბავშვის მდგომარეობაში: წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილზე. აწარმოეთ ბავშვზე დაკვირვება: რითია იგი ამჟამად დაინტერესებული? რაზე ამახვილებს ყურადღებას? ესაუბრეთ ბავშვს იმაზე, რაც ამჟამად მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს (მაგალითად, საკიდები, ჭიქები და თეფშები, ქსოვილი, ქვები, სარკე, ცხოველები, სხვა ბავშვები, ემოციები ან დაკვირვევების შედეგად მიღებული დასკვნები), იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი თქვენს საუბარს ჯერ ვერ იგებს. მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად ჩვევიათ ყურადღების ერთი საგნიდან მეორეზე სწრაფად გადატანა. მაგალითად, წიგნისადმი ინტერესი ბავშვს შესაძლოა ერთ წუთში გაეფანტოს, და შესაძლოა უეცრად დაინტერესდეს ასაწყობი სათამაშოთი, რომელიც ოთახის სხვა კუთხეშია მოთავსებული. მიეცით საშუალება ბავშვს მისწვდეს მას და გააკეთეთ კომენტარი მის ქცევებზე! საკუთარი თავის ბავშვის ადგილზე წარმოდგენა და ქცევებზე კომენტარის გაკეთება ხელს უწყობს თქვენი ბავშვის მიერ გარემოს შეცნობას და მის გონებრივ განვითარებას. ბავშვს თავს არ უნდა მოვახვიოთ ისეთი საგნები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ და რომლებიც მათ არ აინტერესებთ.
ესაუბრეთ მეტი: ამ პრინციპის გათვალისწინება ბავშვთან თქვენ ყოველდღიურ ურთიერთობაში სირთულეს არ წარმოადგენს. კომენტარი გააკეთეთ ბავშვის ყველა ქმედებზე: კვების დროს, საფენების შეცვლის დროს, ჩაცმის, დაბანის დროს. თქვენი ბავშვი იმახსოვრებს თქვენს მეტყველებას და მცირე ხნის შემდეგ მათ გამეორებას დაიწყებს, მაგალითად:
- დაასახელეთ საგანი, რომელიც ბავშვს ხელში უჭირავს და ახსენით მისი დანიშნულება: რა არის ეს? რისთვის ვიყენებთ?
- ერთად მოძებნეთ სხვა ან მსგავსი საგნები: სად ვიპოვოთ სხვა? სად არის დამალული?
- დაუსვით კითხვები: როდესაც ბავშვი თქვენსკენ ხელებს იშვერს, ჯერ ჰკითხეთ: „გინდა ხელში აგიყვანო?“ და შემდეგ აიყვანეთ ხელში. ამგვარად თქვენი ბავშვი აღიქვამს კავშირს თქვენს მიერ წარმოთქმულ წინადადებასა და ქმედებას შორის.
როდესაც თქვენი ბავშვი იწყებს სიტყვების წარმოთქმას (მაგალითად, „ბურთი“), განავრცეთ მისი სიტყვა და დასრულებული წინადადება წარმოთქვით, მაგალითად, „დიახ, ეს არის ბურთი“, ან „ბურთით თამაში გინდა?“. ამგვარად, ან სიტყვების სხვა კონტექსტში გამოყენებისას, თქვენ თქვენს პატარას ამხნევებთ, რომ თქვენთან შემოვიდეს ვერბალურ კომუნიკაციაში. ამგვარად ბავშვში იღვიძებს ენის გამოყენების სურვილი.
მოისმინეთ ბავშვის პასუხი: ბავშვთან საუბრისას, საშუალება მიეცით მას რომ გამოგეპასუხოთ. დააცადეთ მას თავად მიაგნოს სიტყვებს, არ მისცეთ მინიშნება და არ დაასწროთ თქმა. მცირეწლოვან ბავშვებს კონკრეტული დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მიაგნონ საჭირო და სწორ სიტყვებს, როდესაც ისინი ლაპარაკს იწყებენ.
დაუსვით ბავშვს ღია კითხვები, როგორიცაა: რატომ? ვინ? როგორ? ბავშვებს მეტი სიტყვების გამოყენება დასჭირდებათ მათზე პასუხის გასაცემად, ამგვარად ისინი ახერხებენ საკუთარი ლექსიკური მარაგის გააქტიურებას. გარდა ამისა, ამგვარი კითხვები კომუნიკაციის შენარჩუნებაში გვეხმარება. შესაბამისად, თქვენი კომუნიკაცია არ დასრულდება მხოლოდ „კი“ ან „არა“ მოკლე პასუხით.
„ბავშვთან საუბარი საკვების მიღებასთან დაკავშირებულ ჩვევებზე“ ემყარება შემდეგ ლიტერატურას:
Nolan, Virginia. 2016. «Die Macht der Sprache.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Oktober, 58-64.
Suskind, Dana, Beth Suskind und Leslie Lewinter-Suskind. 2015. Thirty Million Words. Building a Child’s Brain. New York: Dutton.